პროექტის შესახებ

თქვენს წინაშე წარმოდგენილი ელექტრონული რესურსი ორი ნაწილისგან შედგება:

  1. ინგლისურ–ქართული ფრაზეოლოგიური ლექსიკონისა და
  2. მედიისა და კომუნიკაციათმცოდნეობის განმარტებითი ლექსიკონისგან.

ფრაზეოლოგია ნებისმიერი ენის ვოკაბულარის ყველაზე უფრო თვალშისაცემი და ექსპრესიით გაჯერებული ნაწილია, ახალი ფრაზეოლოგიზმები საუკეთესოდ წარმოაჩენს ენის განვითარების საფეხურებსა და განვითარების ტემპს. ამიტომ ფრაზეოლოგიის ცოდნა ამა თუ იმ ენის ცოდნისა და ფლობის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია. ალბათ, ყველამ, ვისაც ხშირად უხდება ინგლისურენოვანი ტექსტების, კონკრეტულად კი მედიაპუბლიკაციების გაცნობა, იცის ამ პრობლემის შესახებ - ყველაზე რთული თარგმანისათვის სიტყვათა შეთანხმებები, იდიომები და ფრაზეოლოგიზმებია. მოცემული პროექტის ავტორებს თვითონ აქვთ გამოცდილი თარგმანის ეს სირთულეები, და ამიტომაც გადაწყვიტეს ფრაზეოლოგიური ვებ-ლექსიკონის შექმნა. განსაკუთრებით გამოადგება ეს ლექსიკონი იმ ადამიანებს, ვისაც ინგლისურენოვან მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაციების კითხვა სჭირდება და უყვარს, რადგან ნიმუშები ლექსიკონისთვის სწორედ ასეთ პუბლიკაციებშია მოძიებული.

ლექსიკონი მხოლოდ ფრაზეოლოგიურ ლექსიკონს არ გთავაზობთ. აქვე ნახავთ მოკლე სტატიებს ცნობილი ინგლისურენოვანი გამოცემების, ავტორების, მედია და საერთაშორისო ორგანიზაციების, პოლიტიკური მოღვაწეების შესახებ და ა.შ. თითოეულ ერთეულს, გარდა შესაბამისი, ქართულად თარგმნილი ეკვივალენტისა, თან ერთვის მისი გამოყენების მაგალითი კონტექსტითურთ, ასევე მთლიანი პუბლიკაცია, ორიგინალური ვებგვერდის მითითებით. ერთეულების მნიშვნელობის მოწოდებისას გათვალისწინებულია მნიშვნელობის ვარიანტულობა.

მედიისა და კომუნიკაციათმცოდნეობის განმარტებითი ლექსიკონი კი მოიცავს კომუნიკაციათმცოდნეობის, როგორც ინტერდისციპლინური პარადიგმის (კომუნიკაცია, ტრადიციული, არატრადიციული, ახალი და სოციალური მედია, ინტერნეტი, საზოგადოებასთან ურთიერთობები, რეკლამა და პრომოცია) ფუძემდებლური, ყველაზე უფრო ხშირად გამოყენებადი ტერმინების, ცნებების, კონსტრუქციების, აბრევიატურების განმარტებებს, პოპულარული ტექნიკური ჟარგონის ერთეულების მნიშვნელობებს, მათ განვითარებას. თითოეულ ინგლისურენოვან ერთეულს ერთვის ქართულენოვანი ეკვივალენტი და მცირე განმარტებითი ნარკვევი. ელექტრონული რესურსის ეს ნაწილი განკუთვნილია ლექტორებისთვის, სტუდენტებისთვის, მკვლევრებისთვის, რომელთათვისაც ტერმინის არსებით განმარტებას და განმარტებით ვარიაციებს დიდი მნიშვნელობა აქვს.

ორი სიტყვით რომ ვთქვათ, მედიაპედია გზამკვლელია ინგლისურენოვანი პრესისა და პოლიტიკის სამყაროში.