ყველა ტერმინი → d
-
- Daguerrotype
- — დაგეროტიპი. თანამედროვე ფოტოაპარატის წინამორბედი. შექმნა ფრანგმა თეატრის დიზაინერმა ლუი დაგერმა (1789-1851). დაგერმა გააგრძელა ფოტოგრაფიის მამის ნისეფორ ნიეპსის მიერ დაწყებული სამუშაო. იყენებდა რა ნიეპსის მიერ აღმოჩენილ ტექნოლოგიას, დაგერმა ექსპოზიციის დრო 8 საათიდან 20 წუთამდე შეამცირა, რითაც გაამარტივა ფოტოგრაფიის მიღების პრაქტიკული მხარე.
-
- Daily Herald
- — Daily Herald-ი (ინგლ. - “ყოველდღიური მაცნე”) - ამერიკული ყოველდღიური გაზეთია, რომელიც ილინოისის შტატის ქალაქ არლინგტონში გამოდის. ეს ქალაქი ჩიკაგოს გარეუბნად ითვლება და გაზეთის გავრცელებაც ამ არეალში ხდება. გაზეთი პირველად 1871 წელს გამოიცა და მისი მფლობელი პადოკის ოჯახი იყო. გაზეთის სლოგანი დიდი ხნის განმავლობაში იყო: ‘’გეშინოდეს ღმერთის, თქვი სიმართლე და აკეთე ფული’’. Daily Herald-ის გავრცელების არეალი დაახლოებით 3400 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს და ჩიკაგოს შემოგარენში ის ყველაზე პოპულარული გაზეთია, ხოლო მთელი ილინოისის მასშტაბით Chicago Tribune-სა და Chicago Sun – Times-ის შემდეგ იგი მესამე ადგილზეა.
1871 წელს ყოფილმა მასწავლებელმა ჰოსეა ს. პადოკმა დააარსა გაზეთი სახელწოდებით Arlington Heights Herald-ი. თავიდან გაზეთი ყოველკვირეულად გამოიცემოდა. მომდევნო წლებში პადოკმა და მისმა უმცროსმა ვაჟმა სტიუარდმა ჩრდილოეთ ჩიკაგოს სხვა ყოველკვირეული გაზეთებიც შეიძინეს. 1968 წელს, როდესაც გაზეთს სათავეში სტუარტ პადოკ უმცროსი ჩაუდგა, გაზეთის რეალური გაფართოება დაიწყო. ერთი წლის შემდეგ ის კვირაში ხუთ დღეს გამოდიოდა. ეს გადაწყვეტილება ობიექტური რეალობით იყო გამოწვეული, რადგან კონკურენტი გაზეთები ყოველდღიურ ფორმატზე გადადიოდნენ და Daily Herald-ი მკითხველს კარგავდა. გაზეთებს შორის ტირაჟის ომი 1970 წელს დამთავრდა, როდესაც კონკურენტი გაზეთები Daily Herald-ის გავრცელების არეალიდან გავიდნენ. ამავე წელს გაზეთმა არლინგტონი დატოვა და ლეი-კაუნტისკენ დაიწყო გაფართოება. შაბათის გამოცემა გაზეთს 1975 წელს დაემატა, 1977 წელს გაზეთმა დღევანდელი სახელწოდება - Daily Herald - მიიღო, ხოლო 1978 წელს გაზეთს საკვირაო გამოცემაც შეემატა. 1980 წელს მისი გავრცელების არეალი დუპეიჯის კეინისა და მაკჰენრის მხარეების შემომატებით კიდევ უფრო გაფართოვდა.
სტიუარდ პადოკ უმცროსი 2002 წელს გარდაიცვალა. დღესდღეობით Daily Herald-ის დევიზია - ‘’საყოველთაო სურათი, ადგილობრივი ფოკუსით’’. ეს სლოგანი საერთაშორისო სიახლეების გაშუქებას ეხება.გაზეთის სტატიები სხვადასხვა სფეროს მოიცავს: ადგილობრივი და საერთაშორისო ახალი ამბები, ბიზნეს- და სპორტული სიახლეები... გაზეთის წაკითხვა ინტერნეტშიც არის შესაძლებელი. მისი ტირაჟი დღეში 151,190 ეგზემპლიარია. გაზეთის მთავარი რედაქტორია ჯონ ლამპინენი, ხოლო გამომცემელი - დუგლას კეი რეი.dailyherald.com
-
- Daily Mail
- — "დეილი მეილი" (ინგლ. - “ყოველდღიური ფოსტა”) ბრიტანული ყოველდღიური, კონსერვატიული, ტაბლოიდის ფორმატის გაზეთია. პირველად, 1896 წელს, ის ლორდ ნორტკლიფმა გამოსცა. The Sun-ის შემდეგ Daily Mail-ი ბრიტანეთის მასშტაბით გაყიდვებით მეორე ადგილზეა. მისი მეგობარი გაზეთი The Mail on Sunday („ფოსტა კვირას“) 1982 წელს გამოჩნდა. 1947 წელს გაზეთმა შოტლანდიური გამოცემა გამოუშვა, ხოლო 2006 წლიდან კი Daily Mail-ი ირლანდიაშიც გამოიცემა.
Daily Mail-ი ის პირველი ბრიტანული გამოცემაა, რომლის სამიზნე ჯგუფიც საშუალო ფენა იყო. სხვა გაზეთებთან შედარებით ის იაფი ღირდა. გაზეთმა ბრიტანეთის მასშტაბით პირველმა მიაღწია დღიური გაყიდვების მაჩვენებლით მილიონს. გაზეთს აქვს სპეციალური კურსი, რომლის მიხედვითაც ის ქალებს საჭირო ინფორმაციას აწვდის. ამ სპეციფიკური კურსის გამო ყოველდღიურ გაზეთებს შორის Daily Mail-ი ერთადერთია, რომელსაც უფრო მეტი ქალი მკითხველი ჰყავს, ვიდრე - მამაკაცი. გაზეთის საშუალო დღიური ტირაჟი 1 991 272 ცალია, ხოლო ყოველდღიურ მკითხველთა რაოდენობა 4,371 მილიონს აღწევს.
თავდაპირველად გაზეთის ტირაჟი 100 000 ეგზემპლიარის ოდენობით იყო განსაზღვრული, მაგრამ დაბალი ფასის გამო მასზე მოთხოვნა დიდი აღმოჩნდა და ამიტომ გამომცემლებს 397215 ცალის, ანუ სამჯერ მეტის, გამოშვება მოუწიათ. დაარსებიდან სამ წელიწადში, 1899 წლისათვის, გაზეთის ტირაჟი უკვე 500 000 ცალს შეადგენდა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლორდ სალისბერიმ Daily Mail-ი ასე დაახასიათა: „ოფისის ბიჭების გაზეთი ოფისის ბიჭებისთვის“. 1902 წლისთვის გაზეთის ტირაჟმა მილიონს გადააჭარბა და ის იმ დროისათვის მსოფლიოს რეკორდსმენი გახდა.
1906 წელს Daily Mail-მა ლა მანშის სრუტეზე პირველი გადაფრენისთვის ჯილდო - 1000 ფუნტი სტერლინგი დააწესა, ხოლო ლონდონიდან მანჩესტერისკენ კი - 10 000. მისმა კონკურენტმა Punch Magazine-მა იდეა აბსურდულად ჩათვალა და 10 000 ფუნტი დააწესა იმისთვის, ვინც პირველად მარსზე გაფრინდებოდა, მაგრამ 1910 წლისთვის Daily Mail-ის მიერ დაწესებული ორივე პრიზი გათამაშდა.
1960 წლიდან გაზეთი სოციალური საკითხების მიმართ უფრო ლიბერალური გახდა, თუმცა მას არ უღალატია კონსერვატიული იდეოლოგიისთვის, როდესაც ტონი ბლერის მოღვაწეობის პირველ წლებში მასზე პოზიტიურ სტატიებს აქვეყნებდა, მაგრამ ბლერის ვადის დასრულებისთვის ყოფილი პრემიერის კრიტიკა დაიწყო. გაზეთი კრიტიკულია ასევე BBC-ის მიმართაც, რომელიც მემარცხენე იდეოლოგიის მხარდამჭერ მედიად ითვლება. Daily Mail-ი ასევე გენმოდიფიცირებული საკვების გავრცელების საწინააღმდეგო აგიტაციას ეწევა მთელი დიდი ბრიტანეთის მასშტაბით.
გაზეთის გამომცემელია კომპანია Associated Newspapers Ltd-ი, მფლობელი კი – კომპანია Daily Mail and General Trust-ი. დღესდღეობით გაზეთის დღიური ტირაჟი 1945 496 ეგზემპლიარია.dailymail.co.uk
-
- dance cheek to cheek
- — ჩახუტებული ცეკვა
-
- Dance's helical model of communication, 1967
- — დენსისეული კომუნიკაციის სპირალისებური მოდელი, 1967. საუკუნეების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ კომუნიკაციის პროცესის ამსახველი მოდელი ან ხაზობრივი უნდა ყოფილიყო, ან წრიული. წრიული მოდელი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ხაზობრივ მოდელთან შედარებით, რადგან, ამ აღქმით, უკუკავშირის შედეგად მიღებული შეტყობინება ისევ კომუნიკატორს უბრუნდებოდა სახენაცვალი ფორმით, მაშინ როცა ხაზობრივი მოდელი თითქმის არ ითვალისწინებდა უკუკავშირის რეფლექსიას კომუნიკატორის მიერ. თუმცა, რიგი თეორეტიკოსების აზრით, წრიულ მოდელს ერთი მცდარი დაშვება ჰქონდა, რომლის თანახმადაც, კომუნიკაცია საბოლოოდ იმ ამოსავალ წერტილს უბრუნდება, რომლიდანაც დაიწყო კომუნიკაციის პროცესი და აქტი. 1967 წელს ფრენკ დენსმა საზოგადოებას წარუდგინა კომუნიკაციის პროცესის ახალი აღქმა: ეს იყო კომუნიკაციის სპირალისებური მოდელი. დენსს მიაჩნდა, რომ შეტყობინება კომუნიკაციის პროცესში წრიულად მოძრაობს, მაგრამ კომუნიკატორთან დაბრუნებისას იგი წარმოადგენს თვისობრივად ახალს შეტყობინებას, რომელზეც გავლენას ამ შეტყობინების გავრცელების გამოცდილება, ანუ მისი წარსული ახდენს, ამიტომ იგი აგრძელებს ცირკულირებას სპირალისებურად, ანუ დაუსრულებლად. დენსის აზრით, კომუნიკაცია უსასრულობაში გადადის.
-
- data exchange
- — მონაცემების გაცვლა
-
- Data Protection
- — მონაცემების დაცვა. ძირითადად, ამ ტერმინით აღნიშნავენ ელექტრონულად არსებული და დიგიტალიზებული (გაციფრულებული) მონაცემების დაცვას საკანონმდებლო ინიციტივებით: კანონებით, კანონქვემდებარე აქტებითა და სამთავრობო ბრძანებულებებით. ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა აუცილებლად მიიჩნევს, ინდივიდუუმებს კანონით მიენიჭოთ ვეტოს დადების უფლება იმ ინფორმაციაზე, რომელმაც მათ ხელში გაიარა და რომელიც, მათი აზრით, არ წარმოადგენს გონივრული ინტერესის საგანს დანარჩენი საზოგადოებისთვის. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში სამთავრობო დონეზე გამოიცემა "მონაცემთა დაცვის აქტი".
-
- Database
- — მონაცემთა ბაზა. ძირითადად, კომპიუტერიზებული საარქივო სისტემა
-
- daunting task
- — მძიმე, რთული ამოცანა
-
- day dreams
- — ფანტაზიები, „სიზმარი ცხადში“
-
- Dayparts
- — სარეკლამო დროის გაყიდვის მონაკვეთები, სეგმენტები, რომლებადაც რადიო და სატელევიზიო ქსელები და სადგურები ყოფენ თავიანთ სამაუწყებლო დროს.
-
- de facto
- — დე-ფაქტო (ფაქტობრივად, რეალურად, სინამდვილეში)
-
- de jure
- — დე-იურე (იურიდიულად, კანონით, ფორმალურად)
-
- De Waal, Thomas
- — თომას დე ვაალი
-
- dead end
- — ჩიხი, გამოუვალი, უპერსპექტივო მდგომარეობა
-
- deadlier
- — მომაკვდინებელი; ლეტალური
-
- deal with
- — (ვიღაცასთან, რაღაცასთან) მიმართებით, დაკავშირებით
-
- death stare
- — მომაკვდინებელი, მრისხანე მზერა
-
- death toll
- — სამგლოვიარო ზარების რეკვა
-
- decimation
- — დანგრევა, განადგურება, მოსპობა
-
- decision maker
- — ხელმძღვანელი, გადაწყვეტილების მიმღები, პასუხისმგებელი პირი
-
- Decisive Moment
- — გადამწყვეტი მომენტი. ფრანგი ფოტოგრაფი ანრი კარტიე-ბრესონი ამ სიტყვათშეთანხმებით აღწერდა იმ მომენტს, გაელვებას, როცა ფოტოგრაფი ხელს აჭერს აპარატის გადამღებ ღილაკს და ქმნის კადრს, გამოსახულებას, სახეს, ხატს. ზოგიერთი მკვლევარი ამ მომენტს "გადამწყვეტი კადრის ინსტინქტს" უწოდებს.
-
- declare a war
- — ომის გამოცხადება
-
- Decode
- — დეკოდირება, ანუ კოდის გახსნა წარმოადგენს შეტყობინების - წერილობითის, ზეპირის, სამაუწყებლოსი და ასე შემდეგ - ბუნების ინტერპრეტაციის, ანალიზისა და მისი გაგების პროცესს. ეს პროცესი მოითხოვს არა მხოლოდ შეტყობინებაში შემავალი, მასში გამოყენებული სიტყვების, ნიშნებისა და ხატების მნიშვნელობის გაგებასა და მათში ჩაწვდომას, არამედ იმ ღირებულებებისა და დაშვებების, ვარაუდების გაგებას, რომლებიც ამ სიტყვების, ნიშნებისა და ხატების შეტყობინებაში ჩართვას, მათ კოდირებას საფუძვლად დაუდო შეტყობინების გადამცემმა. მედიის გავლენისა და მისი ძალაუფლების შესახებ დებატებში ამ ელემენტს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან შეტყობინების თითოეული გადამცემი სისხლხორცეულად არის დაინტერესებული, რომ მიმღებმა შეტყობინების კოდის გახსნა მისი გამგზავნის ინტერესებისა და განზრახვის შესაბამისად მოახდინოს. იმ შემთხვევაში, თუკი მიმღები აუდიტორია არ იზიარებს გამგზავნის კოდებსა და ღირებულებებს, შეტყობინების დეკოდირება დამახინჯებულად ხდება (Aberrant decoding). ამრიგად, შეტყობინების „წაკითხვაში“ დაშვებული გადახრები ან უზუსტობები დიდად არის დამოკიდებული განსხვავებებზე გამგზავნსა და მიმღებს შორის: გამოცდილების, აღქმისა და შეფასების მხრივ.
-
- Deconstruction
- — დეკონსტრუქცია. ტექსტური და ინტერტექსტური ანალიზის ამსახველი ეს ტერმინი ეკუთვნის ფრანგ ფილოსოფოსს, ჟაკ დერიდას. დერიდას თანახმად, დეკონსტრუქცია ის უმთავრესი მეთოდია, რომლის გარეშეც ლინგვისტური სტრუქტურის მნიშვნელობა ვერ ამოიხსნება. დეკონსტრუქციისას ხდება იმ იერარქიების დაშლა და გადანაცვლება, რომლებიც ტექსტში ამა თუ იმ მნიშვნელობის მქონე სტრუქტურის, გამონათქვამის ყველა ფორმას მართავს.
-
- decriminalize drug use
- — ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზება
-
- Deep Focus
- — ღრმა ფოკუსი. ტექნიკა ფილმწარმოებაში, რომელიც კამერასთან ახლო მდებარე და შორს განლაგებულ საგნებს ერთდროულად აქცევს ფოკუსში
-
- Deep Structure
- — სიღრმისეული სტრუქტურა. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინის დაბადება ჩარლზ ჰოკეტს უკავშირდება , ფართო გამოყენება მან ამერიკელი ენათმეცნიერის ნოემ ჩომსკის (ხომსკის) ნაშრომის "Current Issues in Linguistic Theory" (1964) წყალობით შეიძინა. ჩომსკი წერს: "თავისი თავდაპირველი ფორმით, სიღრმისეული სტრუქტურა წარმოადგენს წინადადების წყობის იმ ფუძემდებლურ აბსტრაქტულ დონეს, რომელიც კონკრეტულად უჩვენებს, როგორ უნდა იქნას ინტერპრეტირებული წინადადება. ეს არის სინტაქსისის აბსტრაქტული რეპრეზენტაცია. ზედაპირული გრამატიკა წინადადების სინტაქსური რეპრეზენტაციის ბოლო სტადიაა, იგი ყველაზე ახლოს დგას წინადადების ზეპირ (მეტყველებით) ან წერით ფორმასთან. ჩომსკის აზრით, სიღრმისეული სტრუქტურა ტრანსფორმაციის პროცესში წარმოჩინდება. ტრანსფორმაციული გრამატიკა ამკვიდრებს წინადადების ორგვარ სტრუქტურას: ღრმას და ზედაპირულს. ჩომსკის აზრით, სწორედ სიღრმისეული და ზედაპირული სტრუქტურები და მათ შორის ურთიერთკავშირი ქმნის ენის საფუძველს, რომელიც წარმოადგენს არა სიტყვების თანამიმდევრობას, არამედ ორგანიზებული სტრუქტურების სერიებს (სტრუქტურალიზმი). სიღრმისეული სტრუქტურა, ანუ სიღრმისეული დონე, წარმოაჩენს იმ დამატებით ინფორმაციას, რომელიც საშუალებას აძლევს მკითხველს ან მსმენელს, ერთმანეთისგან განასხვავოს იმ წინადადებების მნიშვნელობის ალტერნატიული ინტერპრეტაციები, რომლებსაც ერთი და იგივე ზედაპირული ფორმა აქვთ; ასევე იმ წინადადებებისა, რომლებსაც ზედაპირულად განსხვავებულ წინადადებებს წარმოადგენენ, მაგრამ ერთსა და იმავე სიღრმისეულ სტრუქტურას ატარებენ თავიანთ თავში.
-
- Deep Throat
- — ყრანტალა. "კრიკუნი", (სიტყვასიტყვით: "ღრმა ყელი"). ამ კნინობითი ფრაზეოლოგიზმით ჟურნალისტები მოიხსენიებენ ანონიმურ წყაროს. ჟურნალისტიკის ისტორიაში ცნობილია, რომ სწორედ ამგვრად უწოდა თავის თავს ანონიმურმა ინფორმატორმა, რომელმაც "ვაშინგტონ პოსტის" რედაქციაში დარეკა და რეპორტიორებს ბერნსტაინსა და ვუდუორდს უოტერგეტის საქმის შესახებ შეატყობინა.
-
- deep-rooted
- — სიღრმისეული, ღრმად ფესვგადგმული
-
- deface
- — გაფუჭება, გაუარესება; დაზიანება, დამახინჯება
-
- Defamation
- — დეფამაცია. ნებისმიერი განცხადება, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს და რომელიც შეიძლება განხილულ იქნას როგორც სხვა ადამიანისთვის სახელის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახავი.
-
- Defensive Communication
- — თავდაცვითი კომუნიკაცია. როგორც აღნიშნავენ მედიამკვლევრები უოტსონი და ჰილი (2003), თავდაცვითი კომუნიკაცია ხორციელდება მაშინ, როცა ადამიანებს ესმით ის, რისი გაგონებაც მათ არ სურთ, ანუ იღებენ მათთვის მიუღებელი შინაარსის შეტყობინებას. დისონანსი თავს იჩენს იქ, სადაც შეტყობინებების შინაარსი ეწინააღმდეგება ან უპირისპირდება მიმღების ღირებულებებსა და წინასწარ განწყობას. ასეთ შემთხვევაში მიმღების მხრიდან გამოვლენილ რეაქციას ფართო ამპლიტუდა აქვს – დაწყებული შეტყობინების უგულებელყოფით და დამთავრებული გამგზავნის მოტივაციისა და მისი შეტყობინების წინასწარგანზრახულად მცდარი ინტერპრეტაციით.
-
- deficiency
- — რაღაცის არქონა, უკმარობა, დეფიციტი
-
- Dejevsky, Mary
- — მერი დეჟევსკი
-
- Deliberative Poll
- — წინასწარგანზრახული, დაგეგმილი კვლევა, გამოკითხვა. გამოკითხვის ტიპი, რომელშიც შემთხვევით შერჩეულ მოქალაქეებს ეკითხებიან არჩევნებში მონაწილე კანდიდატების და წინასაარჩევნო საკითხებისა და თემების შესახებ; შემდეგ მათ იწვევენ საგანგებო შეკრებაზე, სადაც ხდება აღნიშნული საკითხების განხილვა უფრო სიღრმისეულად, ხოლო დასკვნით ეტაპზე მათ სთხოვენ, უპასუხონ შეკითხვებს იმის დასადგენად, შეიცვალა თუ არა ან რამდენად შეიცვალა მათი შეხედულებები და მოსაზრებები.
-
- Democratic National Committee
- — ნაციონალური დემოკრატიული კომიტეტი (DNC) - ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის ორგანიზაციაა. დაარსდა 1848 წელს. მისი შტაბ-ბინა ამერიკის დედაქალაქ ვაშინგტონში მდებარეობს. DNC-ის გენერალური მდივანია დები ვასერმან შულცი. მის პირდაპირ მოვალეობაში შედის ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ პოლიტპლატფორმაზე ანალიზის მომზადება. კომიტეტის საქმიანობა ფოკუსირებულია არჩევნებზე, დემოკრატიული პარტიის საარჩევნო კამპანიასა და მისი კანდიდატების მხარდაჭერაზე.
DNC უზრუნველყოფს ამერიკის მასშტაბით დემოკრატიული პარტიის ხედვების გავრცელებას, თანხების მოძიებასა და საარჩევნო სტრატეგიის დაგეგმვას. DNC-ის მთავარი კონკურენტი ნაციონალური რესპუბლიკური კომიტეტი RNC-ა. ინაუგურაციიდან ცოტა ხნის შემდეგ ბარაკ ობამამ საკუთარი სარეკლამო ორგანიზაცია Obama For America („ობამა ამერიკისათვის“) E-mail-ის 13-მილიონიანი სიით DNC-ს დაუქვემდებარა, რადგან კანონი მას იმის საშუალებას არ აძლევდა, რომ თავად ყოფილიყო ამ ორგანიზაციის მმართველი. DNC-მა ორგანიზაციას სახელი შეუცვალა და მას Organizing for America („ვგეგმავთ ამერიკისთვის“) დაარქვა. დემოკრატიული კომიტეტი ასევე აკონტროლებს ბარაკ ობამას პირად ინტერნეტგვერდს - www.barackobama.com - რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს ობამას ახალ მედიადირექტორ მაკონ ფილიპსთან, რომელიც ასევე whitehouse.gov–ის (თეთრი სახლის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური დომეინი) მმართველია.
DNC პასუხისმგებელია პარტიის კოორდინირებულ მუშაობაზე. როდესაც დემოკრატების კანდიდატი პრეზიდენტია, მაშინ პარტია პრეზიდენტთან ერთად იღებს გადაწყვეტილებებს. საპრეზიდენტო არჩევნებისას DNC ხელმძღვანელობს შეკრებებს - როგორც დამოუკიდებლად, ასევე, საპრეზიდენტო კანდიდატთან შეთანხმებით. იგი ახორციელებს თანხების მოძიებას (fund raising), ეწევა არჩევნების მონიტორინგს და წერს საარჩევნო სტრატეგიას. პარტიის საერთო კანდიდატის არჩევის შემდეგ დემოკრატიულ კომიტეტს უშუალოდ კანდიდატის დაფინანსებასთან დაკავშირებით კანონის მიხედვით გარკვეული შეზღუდვები უწესდება, მაგრამ ამ დროს DNC საკუთარ მოძიებულ თანხებს სხვადასხვა პარტიული საქმიანობისთვის ანაწილებს. ორგანიზაციას წარმომადგენლობა ყველა შტატში ჰყავს, მას ასევე ბევრ ქალაქში ლოკალური ოფისებიც აქვს.
სწორედ DNC აყალიბებს წესებს პრაიმერებისა და პარტიული ყრილობებისთვის. ამ წესების მიხედვით აირჩევიან დელეგატები ნაციონალური დემოკრატიული ყრილობისთვის, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება საპატიო კანდიდატების გამოსავლენად. ყრილობაზე DNC-ის ყველა წევრი პრივილეგირებული დელეგატია და მათ კანდიდატთა შერჩევისას დიდი გავლენა აქვთ. თუმცა, კომიტეტის გავლენა საბოლოო გადაწყვეტილებაზე აღარ ვრცელდება.
DNC-ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია თანხების მოძიებაა. 2001-დან 2005 წლამდე საარჩევნო ციკლში მათ 162 მილიონი დოლარის მოძიება შეძლეს. უმსხვილესი შემომწირველი ამ დროისთვის სერბული კაპიტალ-ჯგუფი აღმოჩნდა, რომელმაც დემოკრატიულ კომიტეტს 9,280,000 დოლარი შესწირა. 2002 წელს ფედერალურმა საარჩევნო კომისიამ დემოკრატიული კომიტეტი 115000 დოლარით დააჯარიმა 1996 წელს თანხების მოძიებისას აღმოჩენილი დარღვევების გამო. დღეისათვის კომიტეტს 35 000 ე. წ. წვრილი შემომწირველი ჰყავს.democrats.org
-
- democratic reform
- — დემოკრატიული რეფორმა
-
- Demonization
- — დემონიზაცია. ტერმინი აღნიშნავს მედიის, განსაკუთრებით პოპულარული პრესის მიერ იმ ადამიანების წარმოჩენას ნეგატიურად და საფრთხის მატარებლად, რომლებიც მედიის აზრით ან გაბატონებული დისკურსის აღქმით სახიფათონი, დესტაბილიზაციის მომტანნი, ბიზნესის, პოლიტიკური სისტემისა და დამკვიდრებული ღირებულებების დამანგრევლები არიან. დემონიზაციის პროცესი, როგორც წესი, პერსონალიზაციით იწყება: პერსონალიზაცია ნიშნავს "სახიფათოდ"მიჩნეული პირის ინდივიდუალური თვისებების ნეგატიურ ჭრილში წარმოჩენას, რამაც შედეგად ამ პირის მიმართ საზოგადოების ნდობას ძირი უნდა გამოუთხაროს. დემონიზაცია პირდაპირ უკავშირდება დომინანტური დისკურსის ინტერესებს და საზოგადოებრივი აზრის შექმნას კონკრეტული სოციეტალური თუ პოლიტეტალური ტენდენციების შესახებ.
-
- denial of service
- — მომსახურებაზე უარის თქმა
-
- Denotation
- — დენოტაცია. მნიშვნელობის პირველი თანრიგი, ნიშნის პირდაპირი მნიშვნელობა.
-
- dense hair
- — ხშირი, სქელი თმა
-
- Deontological
- — დეონტოლოგიური. წესებზე დაფუძნებული ეთიკური სისტემა.
-
- depart for
- — (სადღაც) გამგზავრება, გაშურება, გამართება
-
- departure (from)
- — უკან დახევა, უკუქცევა; გადახვევა, გადახრა; განსხვავება, სხვაობა
-
- depend on
- — (რაღაცაზე) დამოკიდებულება
-
- Dependency Theory
- — დამოკიდებულების თეორია. ხარისხი, რომლითაც აუდიტორია მასმედიაზე ხდება დამოკიდებული, ყოველთვის წარმოადგენდა და წარმოადგენს თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემების ფუნქციებისა და ეფექტების შესახებ დებატების ერთ–ერთ მთავარ საკითხს. მედიაზე დამოკიდებულების ხარისხი საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებთან მჭირდო კორელაციაშია. დამოკიდებულების თეორიის ფუძემდებლებს სანდრა ბოლ–როკიხსა და მელვინ დეფლერს მიაჩნიათ, რომ მასმედიის მიერ შექმნილი შეტყობინებების პოტენციალი და შესაძლებლობა, გამოიწვიონ სხვადასხვაგვარი კოგნიტიური,აფექტური და ქცევითი ეფექტი მიმღებ აუდიტორიაში, უფრო მეტად გაძლიერდება, თუ საზოგადოებაში არსებული კონფლიქტებისა და მასში მიმდინარე ცვლილებების გამო საზოგადოებაში მოიმატებს სტრუქტურული არასტაბილურობის ხარისხი.
-
- Der Spiegel
- — „შპიგელი“ (გერმ. ”სარკე”) - გერმანიასა და მთელ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და რეიტინგული საინფორმაციო ჟურნალი. “შპიგელის” სარედაქციო საბჭოს ასე აქვს დეკლარირებული თავისი პოლიტიკური თავისუფლება: “გამოცემა დამოკიდებულია მხოლოდ საკუთარ თავსა და მკითხველზე”. ჟურნალის თემატიკა მოიცავს სხვადასხვა სფეროებს, როგორებიცაა: პოლიტიკა, ეკონომიკა, მეცნიერება, მედიცინა, ტექნიკა, კულტურა, საზოგადოება, სპორტი...
ჟურნალ „შპიგელის“ პირველი ნომერი 1947 წლის იანვარში დაიბეჭდა. ის გამოიცა, როგორც ჟურნალ Diese Woche-ს (“ეს კვირა”) მემკვიდრე. “შპიგელის” წინამორბედი “ეს კვირა” ბრიტანულ-ამერიკულ გავლენას განიცდიდა. მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა რედაქტორების ჯგუფმა რუდოლფ აუგუსტინის ხელმძღვანელობით მასში კრიტიკული სტატიების ბეჭდვა დაიწყო, ჟურნალის გერმანულ რედაქციასა და მის ბრიტანელ მფლობელებს შორის უთანხმოება წარმოიშვა. შეუთავსებლობის გამო ბრიტანელებმა გამოცემა დატოვეს და ის გერმანულ სარედაქციო საბჭოს დაუთმეს. ამის შემდეგ რუდოლფ აუგუსტინმა გადაწყვიტა, გამოეცა Diese Woche-ის მემკვიდრე, მსგავსი ტიპის ჟურნალი. მან მალევე მოიპოვა ლიცენზია და ჟურნალი ახალი სახელწოდებით - Der Spiegel - გამოსცა. პირველივე დღიდან რუდოლფ აუგუსტინი ჟურნალის გენერალური რედაქტორია. იგი ამ თანამდებობას სიკვდილამდე, 2002 წლამდე იკავებდა.
1989 წლიდან გერმანიასა და მის ფარგლებს გარეთ ყოველკვირეულად იყიდება Der Spiegel-ის მილიონობით ეგზემპლიარი. “შპიგელის” 2001 წლის 38-ე ნომერი ჟურნალ-გაზეთების მსოფლიო ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე გაყიდვადი გამოცემა (გაიყიდა 1 446 325 ცალი. თემა:"Der Terror-Angriff: Krieg im 21. Jahrhundert" - “ტერორისტული აქტი – ომი 21-ე საუკუნეში”). დღეისათვის “შპიგელის” ტირაჟის 92% გერმანიაში იყიდება, 8% კი საზღვარგარეთ ვრცელდება - ძირითადად, გერმანულენოვან ქვეყნებში (კერძოდ, ავსტრიასა და შვეიცარიაში).
ჟურნალი Der Spiegel-ის სათავო ოფისი მდებარეობს ჰამბურგში. ის დღეს მედიაკომპანია Die Spiegel Gruppe-ის წევრია. ჯგუფის შემადგენლობაში ჟურნალ Der Spiegel-ის გარდა შედის: ინტერნეტჟურნალი Spiegel Online (აქვს ინგლისურენოვანი ვერსიაც), ტელეკომპანია Spiegel TV და ასევე ჟურნალი Manager Magazine.
spiegel.de
-
- Der Standard
- — “დერ შტანდარტი” (გერმ. – “სტანდარტი”) ყოველდღიური ავსტრიული გაზეთია. დაარსდა 1988 წელს ოსკარ ბრონერის მიერ, რომელიც ასევე ბიზნესჟურნალ Trend-ისა და პოლიტიკური ჟურნალის, Profil-ის მფლობელიცაა. გაზეთი გერმანული ყოველდღიური გაზეთის Suddeutsche Zeitung-ის მოდელზე შეიქმნა. მისი პოლიტიკური მიმართულება მემარცხენე ცენტრისტულ-ლიბერალურია.
გაზეთი დაარსების დღიდან der Standard-ის სახელით გამოდის, რის გამოც მას ხშირად აიგივებდნენ ანალოგიური სახელწოდების ინგლისურ გამოცემებთან -The Standard-სა და Evening Standard-თან. თავიდან გაზეთის დამაარსებელმა ოსკარ ბრონერმა ფინანსური მიზეზების გამო 50%-იან წილში შემოიყვანა Axel Springer Verlag-ი. 1995 წელს ბრონერმა ეს წილი მთლიანად იყიდა, მაგრამ 1998 წელს ისევ გაყიდა. ამჯერად მან 49% მიყიდა Sueddeutsche Zeitung-ის მფლობელ Sueddeutsche Verlag-ს, 41% კი თავისივე კომპანია Bronner Familien-Privatstiftung-ს გადასცა. პირადად მან საკუთრებაში 10% დაიტოვა. 2008 წლის 13 აგვისტოს Sueddeutsche Zeitung-ის წილი შეიძინა ბრონერის კიდევ ერთმა კომპანია Bronner Online AG-მ.
2006 წელს Suddeutsche Zeitung-ის მაგალითზე გამომცემლობამ cinematek-ის (ფილმოთეკა) წარმოება დაიწყო. ამ ფილმოთეკაში შედიოდა ცნობილი და პოპულარული ავსტრიული ფილმების 175-დისკიანი სერია.
გამოცემის შტაბ-ბინა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მდებარეობს. გაზეთი გამოიცემა ყოველდღე ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. მისი ტირაჟი საშუალოდ 73 071 ცალს შეადგენს. გაზეთს ჰყავს 374 000 მკითხველი. გამოცემას ორი მთავარი რედაქტორი ჰყავს: ერთი – დამაარსებელი ოსკარ ბრონერი, ხოლო მეორე – ალექსანდრა ფოდერლ შმიდი.
1995 წლიდან გაზეთს აქვს ინტერნეტპორტალი derStandad.at-ი და ის პირველი ვებგვერდია, რომელიც გერმანულენოვანმა გაზეთმა შექმნა. ინტერნეტგამოცემას საკუთარი რედაქტორები ჰყავს, თუმცა ინტერნეტსაიტზე ბეჭდურ ვერსიაში გამოქვეყნებული სტატიებიც ხშირად ხვდება.derstandard.at
-
- Der Tagesspiegel
- — „ტაგესშპიგელი“ (გერმ. – „ყოველდღიური სარკე“) ლიბერალური იდეოლოგიის მატარებელი გერმანული ყოველდღიური გაზეთია. დაარსდა 1945 წელს. დაარსების დღიდან გაზეთის დევიზია „Rerum cognoscere causas” („იცოდე ამბის გამომწვევი მიზეზები“) და დღემდე ის ამ დევიზის ერთგული რჩება.
Der Tagesspiegel-ის რედაქციის შენობა ბერლინში მდებარეობს. გაზეთი ყოველდღიურად დედაქალაქის 350 000-მდე მკითხველს აწვდის ახალ ამბებს. ბერლინი გერმანიის პოლიტიკური ცენტრია და როგორც Der Tagesspiegel-ი წერს, ამ ცენტრის პოლიტიკოსების 40 პროცენტი სწორედ მისი აქტიური მკითხველია. Der Tagesspiegel-ი ყველა თაობის მომხმარებელზეა გათვლილი და მისი მკითხველის საშუალო ასაკი ყველაზე დაბალია სხვა პოპულარული გაზეთების მკითხველების ასაკთან შედარებით. Der Tagesspiegel-ის 10-დან 7 მომხმარებელი სხვა ყოველდღიურ ბერლინურ გაზეთს საერთოდ არ კითხულობს.
გაზეთის მფლობელია კომპანია Dieter von Holtzbrinck Media. დღესდღეობით Der Tagesspiegel-ის ტირაჟი დღეში საშუალოდ 126 000 ეგზემპლიარს შეადგენს. Der Tagesspiegel-ს ოფისები ვაშინგტონსა და პოტსდამშიც აქვს.
გაზეთის ვაშინგტონის კორესპონდენტმა კრისტოფ ფონ მარშალმა ყურადღება მიიპყრო 2007 წელს ბარაკ ობამას საარჩევნო კამპანიის დროს, როდესაც თავის წიგნს - ‘’ბარაკ ობამა - შავი კენედი’’ დაარქვა. ეს წიგნი გერმანიაში ბესტსელერად იქცა.
tagesspiegel.de
-
- deregulation
- — დერეგულაცია (1. ეკონომიკურ პროცესებში მთავრობის ჩარევის შემცირება; 2. მთავრობის მიერ რეგულირების შეწყვეტა, შეზღუდვების მოხსნა)
-
- Descriptive Statistics
- — აღწერითი სტატისტიკა. სტატისტიკური მეთოდი და ტექნიკა, რომლის მიზანია მონაცემების კლასიფიცირება მათი რაოდენობის შემცირების მიზნით ამ მონაცემების ინტერპრეტაციის გასაადვილებლად
-
- Desensitization
- — დესენსიტიზაცია, მგრძნობელობის დაქვეითება. ეს არის პროცესი, რომლის მიმდინარეობისას და რომლის შედეგადაც მიმღები აუდიტორიის წევრები კარგავენ თანაგრძნობას მედიურ შინაარსში აღწერილი ადამიანების გაჭირვების მიმართ. იხილეთ Compassion Fatigue
-
- Desert News
- — ”დეზერეტ ნიუსი” ფართოფორმატიანი გაზეთია, რომელიც , იუტაში, შეერთებულ შტატებში გამოიცემა. ეს შტატებში ყველაზე ძველი ყოველდღიური გაზეთია, რომელიც დაფუძნების დღიდან უწყვეტად გამოიცემა.გაზეთის მფლობელი ”დეზერეტ ნიუს პაბლიშინგ კომპანია” (Deseret News Publishing Company), რომელიც ”დეზერეტ მენეჯმენტ კორპორეიშენის” (Deseret Management Corporation) შვილობილი კომპანიაა. ეს უკანასკნელი თავის მხრივ The Church of Jesus Christ of Latter-day Saints, ანუ „იესო ქრისტეს უკანასკნელი დღის წმინდანთა ეკლესიას“ ეკუთვნის. ეს ეკლესია მორმონთა მოძრაობის ყველაზე მსხვილ ფრთას წარმოადგენს. ამ ორგანიზაციის ოფისიც სოლტ-ლეიკ-სიტიში მდებარეობს.გაზეთის პირველი, 8-გვერდიანი ნომერი 1850 წლის 15 ივნისს გამოიცა. იგი მოიცავდა სარეკლამო გვერდს, ახალ ამბებს შეერთებული შტატების კონგრესიდან და რეპორტაჟს 1849 წელს სან-ფრანცისკოში შობის წინა ღამეს მომხდარ ხანძარზე - მოვლენაზე, რომელიც ნომრის გამოსვლამდე 6 თვით ადრე მოხდა. გამომცემლებს მიაჩნდათ, რომ გაზეთი შტატის ინტერესების გამომხატველი უნდა ყოფილიყო, მისი დევიზი ასე ჟღერდა - ”სიმართლე და თავისუფლება!””დეზერეტ ნიუსი” აგრეთვე ტაბლოიდის ფორმატის ყოველკვირეულ დამატებებს გამოსცემს, სათაურით - ”ჩარჩ ნიუსი” (Church News) და ”მორმონ ტაიმსი” (Mormon Times).ითვლება, რომ ”დეზერეტ ნიუსს” კონსერვატიული შეფერილობა აქვს და ის ხშირად მისი მფლობელი ეკლესიის პოზიციას გამოხატავს. მაგალითად, გაზეთი უარს ამბობს ისეთ რეკლამაზე, რომელიც არ შეესაბამება მორმონთა საეკლესიო სტანდარტებს.მოქმედებს გაზეთის ციფრული ვერსიაც. დარეგისტრირების შემთხვევაში, მკითხველს კომენტარის დატოვებაც შეუძლია.”დეზერეტ ნიუსის” ტირაჟი სამუშაო დღეებში 91,639, ხოლო კვირას - 176,096 ერთეულს შეადგენს. კვირაობით მისი ტირაჟი უფრო მაღალია, ვიდრე მთავარი კონკურენტის, The Salt Lake Tribune-ისა, თუმცა სამუშაო დღეებში ეს უკანასკნელი ტირაჟით ”დეზერეტ ნიუსს” უსწრებს.deseretnews.com
-
- Determinacy
- — განსაზღვრულობა, დეტერმინირებულობა. ენათმეცნიერ ვოლფგანგ აისერის განსაზღვრების თანახმად, იგი წარმოადგენს ტექსტის იმ არსებულ, წარმოჩენილ ასპექტებს, რომელიც მკითხველისგან კონკრეტიზაციის პროცესში (იხილეთ concretization) არ მოითხოვს „აღდგენას“.
-
- deus ex machina
- — (ლათ. „ღმერთი მანქანიდან“ - ანტიკურ თეატრში მანქანის დახმარებით სცენაზე ღმერთი ჩნდებოდა, რომელიც პიესის ბედნიერ დასასრულს უზრუნველყოფდა)
კეთილი ჯადოქარი;
მოულოდნელი ხსნა, შველა; ბედნიერი დასასრული, ბოლო
-
- Deutsche Welle
- — დოიჩე ველე (გერმ.: „გერმანული ტალღა“). გერმანიის საერთაშორისო საზოგადოებრივი მაუწყებელი. რეგულარულად მაუწყებლობს 1953 წლიდან. „დოიჩე ველეს“ მოკლეტალღოვანი, ინტერნეტული და სატელიტური რადიოები 30 ენაზე გადასცემს ინფორმაციას საზღვარგარეთული აუდიტორიისთვის; კომპანიას აქვს სატელიტური ოთხენოვანი სატელევიზიო სამსახური და ონლაინსაიტი.
-
- development plan
- — განვითარების გეგმა, პროგრამა
-
- Deviance
- — დევიანტურობა, დევიანტური ქცევა, ანომალიური ქცევა, გადახრა. ნებისმიერი სოციალური ქცევა, რომელიც მიუღებლად მიიჩნევა კონკრეტულ სოციალურ თემში, საზოგადოებაში, სახელდებულია როგორც დევიანტური. პასუხი კი შეკითხვაზე, რატომ არის ესა თუ ის ქცევა დევიანტურად მიჩნეული, დიდწილად არის დამოკიდებული ამა თუ იმ საზოგადოებაში მოცემულ მომენტში დამკვიდრებულ და გაბატონებულ ქცევით ნორმებზე. დევიანტურობის ანალიზისას უპირატეს მნიშვნელობას იძენს საკითხი, ვინ განსაზღვრავს დევიანტურობას და რატომ. თანამედროვე სოციოლოგია ამ საკითხის ირგვლივ ორ შეხედულებას გვთავაზობს: პირველის თანახმად, დევიანტურობა განისაზღვრება ზოგადად საზოგადოებრივი კონსენსუსით,ხოლო მეორე შეხედულება ამტკიცებს,რომ დევიანტურობას ნებისმიერ საზოგადოებაში განსაზღვრავს გაბატონებული, ძალაუფლების მქონე ჯგუფი, რომლებიც მისთვის მიუღებელ ქცევას ერთი კონკრეტული მიზეზის გამო მიიჩნევს დევიანტურად: ეს ქცევა ამ ჯგუფის წევრებისთვის, მათი ძალაუფლებისთვის, მათი საზოგადოებრივი პოზიციისთვის წარმოადგენს საფრთხეს. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მედიის როლი დევიანტურობის განსაზღვრების ჩამოყალიბებში, ევოლუციასა და შენარჩუნებაში, ასევე მედიის რეაქცია დევიანტურ ქცევაზე. ერთის მხრივ, მედია, მორალური პრინციპებიდან გამომდინარე, არ იწონებს დევიანტურ ქცევას, მაგრამ მეორეს მხრივ, იგი დაინტერესებულია ამგვარი ქცევის მედიური წარმოჩენით, რადგან დევიანტურ და ანომალიურ ქცევას მაღალი საინფორმაციო ღირებულება აქვს – იგი მყისიერად იპყრობს მიმღები აუდიტორიის ყურადღებას. ლესლი უოტკინსი (1965), მედიის ერთ–ერთი გამორჩეული მკვლევარი, რომლის კვლევით ინტერესს წარმოადგენდა მედიის როლი დევიანტურობის განსაზღვრებასა და გაძლიერებაში, ამტკიცებს, რომ ის გზა და საშუალებები,რომლებითაც საზოგადოება განსაზღვრავს გადახრას და რეაგირებს მასზე, სინამდვილეში უფრო მეტად წაახალისებს სოციალური მორალური ნორმების შემქმნელებს, კიდევ უფრო მეტი, მზარდი დევიანტურობით იმოქმედონ. უოტკინსის აზრით, თუკი საზოგადოების რეაქცია დევიანტურობაზე ძლიერია,იგი პასუხად უფრო დიდი გადახრას იწვევს, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო მძაფრ საზოგადოებრრივ რეაქციას წარმოშობს. ამგვარად იქმნება დევიანტურობის მზარდი სპირალი,რომლის ყოველი ხევული უჩვენებს რეაქციას გაზრდილ სოციალურ კონტროლზე.
-
- devoted entirely to
- — სრულად ერთგული (ვიღაცის, რაღაცის მიმართ)
-
- devoted friend
- — ერთგული მეგობარი
-
- dewy-eyed
- — რომანტიკული და გულუბრყვილო; მიმნდობი, მიამიტი
-
- DHTML
- — Dynamic Hypertext Mark-up Language. ტერმინი განეკუთვნება ინტერნეტის ლექსიკას. დინამიური ჰიპერტექსტური ენა.
-
- Diachronic Linguistics
- — დიაქრონული ლინგვისტიკა. სწავლება ენის შესახებ მისი განვითარების ისტორიის განმავლობაში. ლინგვისტიკის დაყოფა დიაქრონულ და სინქრონულ ლინგვისტიკად ეკუთვნის შვეიცარიელ ენათმეცნიერს ფერდინანდ დე სსოსიურს (1857 – 1913).
-
- Diachrony
- — დიაქრონია. ევოლუცია, განვითარება დროში
-
- Diacritical
- — დიაკრიტიკული. მსაზღვრელი, რომელიც აღწერს ერთი ცალკეული ნიშნის ღირებულების განსხვავებას სხვა ნიშნებისგან. ეს სემიოლოგიური ტერმინი ეკუთვნის შვეიცარიელ ენათმეცნიერს ფერდინანდ დე სოსიურს.
-
- Dialect
- — დიალექტი. გეოგრაფიულ არეალში დამკვიდრებული ენის ნაირსახეობა. ხასიათდება სპეციფიკური ლექსიკით, გამოთქმითა და გრამატიკით. დიალექტი ჟარგონისგან, სლენგისა და კოლოკვიალიზმისგან განსხვავებით, წარმოადგენს გეოგრაფიულ (რეგიონულ) ენობრივ ფენომენს და არა სოციოკულტურულს.
-
- Die Presse
- — „პრესე“ (გერმ. – „პრესა“) - ყოველდღიური ავსტრიული გაზეთია, რომელიც 1946 წელს მეორე მსოფლიო ომის წინააღმდეგობის მოძრაობის მებრძოლმა, ერნსტ მოლდენმა დააარსა. გაზეთი, ძირითადად, მთელი მსოფლიოს ახალ ამბებს მიმოიხილავს. საერთაშორისო მედიასაშუალებები ხშირად ციტირებენ Die Presse-ს მასალებს. გამოცემას საშუალოდ 350 000 მკითხველი ჰყავს და ავსტრიის ყოველდღიურ გაზეთებში ის ლიდერია. 2009 წლის 15 მარტიდან გამოდიოდა დამატება - ყოველკვირეული გაზეთი ‘’Die Presse am Sonntag’’ („კვირის პრესა“). გაზეთის სათაო ოფისი ვენაშია.
„პრესე“ დიდი ხნის განმავლობაში ფინანსურ კრიზისს განიცდიდა, სანამ 1960-იან წლებში ავსტრიის სავაჭრო პალატამ გაზეთის აქციების უმრავლესობა არ შეიძინა. 1999 წლიდან გამოცემის მფლობელი კათოლიკური ეკლესიის მიერ დაფუძნებული კონსერვატიულ-ლიბერალური მედიაჯგუფი Styria Medien AG-ია.
„პრესეს“ პოლიტიკური იდეოლოგია კლასიკურ-ლიბერალურია. ის მხარს თავისუფალ ბაზარსა და უფლებებშეზღუდულ მთავრობას უჭერს; ტრადიციულად ეწინააღმდეგება დიდ კოალიციებსა და ნეოკორპორატიულ ტენდენციებს.
2009 წელს ცნობილი გახდა, რომ გაზეთის სტაჟიანი რედაქტორი ოტო შულმაისტერი 1960-დან 1970 წლამდე ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურისთვის (CIA) მუშაობდა. დღესდღეობით გაზეთის მთავარი რედაქტორი მაიკლ ფლაიშჰაკერია.
diepresse.com
-
- Die Welt
- — „ველტი“ (გერმ. – „სამყარო“, „მსოფლიო“) - გავლენიანი გერმანული ყოველდღიური გაზეთი, რომელსაც ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული გამომცემლობა და მედიააქციონერი Axel Springer AG-ი გამოსცემს. 1946 წელს ჰამბურგში ბრიტანეთის ოკუპაციურმა ძალებმა ის The Times-ის ტიპის სოლიდური გამოცემის შექმნის მიზნით დააფუძნეს. პირველი ნომერი 1946 წლის 2 აპრილს გამოიცა.თანამედროვე Die Welt-ი თავის სარედაქციო პოზიციას აღწერს, როგორც „ლიბერალურ-კოსმოპოლიტურს“, თუმცა ზოგადად მას „კონსერვატიულ“ გაზეთად მიიჩნევენ. გაზეთი პოპულარულია გერმანიის ბიზნესელიტის წარმომადგენლებში. მასში ბევრ ანალიტიკურ პუბლიკაციას შეხვდებით.გაზეთის სათაო ოფისი ბერლინშია. საშუალოდ მისი ტირაჟი 200 000 ეგზემპლიარზე მეტია. გაზეთი ხელმისაწვდომია 130 ქვეყანაში და მას ყოველდღიური რეგიონალური გამოცემებიც აქვს.Die Welt-ის მთავარი კონკურენტები არიან გერმანული Frankfurter Allgemeine Zeitung-ი, Süddeutsche Zeitung-ი და Frankfurter Rundschau-ი. გაზეთი European Dailies Alliance (EDA)-ის თანადამფუძნებელია და თანამშრომლობს სხვა ქვეყნების მსგავს გამოცემებთან, მათ შორის ბრიტანულ Daily Telegraph-თან, ფრანგულ Le Figaro-სა და ესპანურ ABC-სთან. Die Welt აქვეყნებს გაზეთის კომპაქტურ ვერსიას - Welt Kompakt-ს, რომელიც ახალგაზრდა მკითხველზეა გათვლილი. გაზეთს აქვს საკვირაო გამოცემა Welt am Sonntag. 2010 წლის ბოლოს გაზეთმა დიზაინი განაახლა. ოთხ სხვა გამოცემასთან ერთად Welt am Sonntag მსოფლიოში საუკეთესო დიზაინის მქონე ერთ-ერთ გაზეთად არის აღიარებული.
welt.de
-
- Die Zeit
- — „ცაიტი“ (გერმ. – „დრო“) გერმანული ნაციონალური ყოველკვირეული, მაღალი პროფესიონალიზმით განთქმული გაზეთია. გერმანიის მასშტაბით ის ყველაზე კითხვადი გამოცემაა.
გაზეთის პოლიტიკური ხედვა ცენტრისტულ-ლიბერალურია. თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ის მემარცხენე ან მემარჯვენე პოზიციას იცავდა. „ცაიტი“ ხშირად აქტუალური საკითხებისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ლექციების დოსიეებს, ესეებს და ნარკვევებს აქვეყნებს. გაზეთი ცნობილია თავისი განიერი ფორმით, ასევე - გრძელი და დეტალური სტატიებით.
პირველად „ცაიტი“ 1946 წლის 21 თებერვალს დაიბეჭდა. დამფუძნებელი გამომცემლები იყვნენ: გერდ ბუცერიუსი, ლოვის ლორენცი, რიჩარდ ტუნგელი და ედუარდ შმიდტ დი სიმონი. კიდევ ერთი დამფუძნებელი, მარიონ გრაფინი, გაზეთს 1946 წელს შეუერთდა და 1972 წლიდან გარდაცვალებამდე (2002 წლამდე) ის ამავდროულად მისი გამომცემელიც გახდა.
„ცაიტის“ ტირაჟი დაახლოებით 488,036 ეგზემპლიარია. გაზეთს საშუალოდ ორი მილიონი მკითხველი ჰყავს. მისი გამომცემელია საგამომცემლო სახლი Zeitverlag Gerd Bucerius-ი, რომელიც გერმანიის ერთ-ერთ უდიდეს მედიაჰოლდინგს, Georg von Holzbrik-ს ეკუთვნის. გაზეთის მთავარი ოფისი ჰამბურგში მდებარეობს. მისი მთავარი რედაქტორია ჯოვანი დი ლორენცო.zeit.de
-
- differ (from)
- — განსხვავება, არდამთხვევა; დაშორება, დაცილება;
-
- Differance
- — განსხვავებულობა, დიფერანსი. სემიოლოგიური ფენომენი, რომელიც უჩვენებს, რომ მნიშვნელობა აღმნიშვნელთა ჯაჭვში ჩნდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ამ ჯაჭვის სხვა რგოლებისაგან განსხვავდება, არამედ იმიტომაც, რომ იგი მათან თანაყოფითაც იქმნება. ტერმინი ეკუთვნის ფრანგ მეცნიერს ჟაკ დერიდას. ამ შემთხვევაში მნიშვნელობას ქმნის არა განსხვავებული ფენომენები, არამედ თავად განსხვავებულობის ბუნება.
-
- Diffusion
- — დიფუზია. პროცესი, რომლის მიმდინარეობისას სიახლეები სოციალური ერთობის, სისტემის წევრებს შორის ვრცელდება.
-
- Digital revolution
- — ციფრული რევოლუცია. ტერმინი პირველად ჟურნალმა Wired-მა გამოიყენა იმ ტრანსფორმაციის აღსაწერად, რომელიც გამოიწვია მაღალი ტექნოლოგიების შემოჭრამ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტში.
-
- Digital Television
- — ციფრული ტელევიზია
-
- Digitization
- — გაციფრულება. მსოფლიო კომუნიკაციის ერთ–ერთი უმთავრესი ტენდენცია კონსოლიდაციასთან, დერეგულაციასა და გლობალიზაციასთან ერთად (Cees Hamelink, World Communication. Diseprowerment & Empowerment. UK/US: Zed Books, 1995)
-
- Dimensions of Text
- — ტექსტის განზომილებები. ბოგრანდისა და დესლერის (1981) მიხედვით, ტექსტს ქმნის ორი განზომილება: ლოგიკურობა, თანმიმდევრულობა (ანუ სემანტიკური განზომილება) და მთლიანობა (სინტაქტიკური განზომილება).
-
- dip one's toes into
- — ახალ (აქამდე უცნობ) სფეროში პირველი ნაბიჯის გადადგმა, ძალების მოსინჯვა
-
- Direct Cinema
- — "უხეში კინო". ტერმინი გამოიყენება კონკრეტული პერიოდის (მეორე მსოფლიო ომის შემდგომი) ამერიკელი რეჟისორების: ალბერტ მეისლის (Albert Maysles), სტივენ ლიკოკისა (Stephen Leacock) და ფრედერიკ უაისმენის (Frederick Wiseman) დოკუმენტური კინოს ბუნების აღსაწერად. \"უხეშ\" კინოს სხვაგვარად \"ნედლ\" კინოსაც უწოდებენ. მისი მთავარი პრინციპია, კინოდოკუმენტალისტის კამერამ შეულამაზებლად, უხეშად და პირდაპირ წარმოაჩინოს გარემო და სოციალური რეალობა. ტერმინი ალბერტ მეისლს ეკუთვნის. იხილეთ აგრეთვე Cinema Verite
-
- Discourse
- — დისკურსი. ამ ტერმინს, ტერმინ 'კოდის" მსგავსად, იმდენად ფართო განმარტებითი ველი აქვს, რომ მისი განსაზღვრება თითოეულ შემთხვევაში მხოლოდ სრული კონტექსტის გათვალისწინებით ხდება შესაძლებელი. მედიისთვის ყველაზე მეტად მისაღებია დისკურსის განმარტება, როგორც ენის გამოყენების ფორმისა ან ჟანრისა. მაგალითად, ახალი ამბები ან სარედაქციო სტატია (ედითორიალი) მედიური დისკურსის ნიმუშებია, ისინი თავისთავში გულისხმობენ სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კონტექსტის წარმოჩენის სპეციფიკურ ენასა და სტილს. ენათმეცნიერი გიუნთერ კრესი ნაშრომში Lingustic Precesses in Sociocultural Practice (Australia: Deaken University Press, 1985) დისკურსის ამგვარ განმარტებას გვთავაზობს: "ინსტიტუციებსა და სოციალურ ჯგუფებს თავიანთი სპეციფიკური მნიშვნელობები და ღირებულებები აქვთ, რომლებსაც ისინი სისტემატურად იყენებენ ენაში... ენისა და მეტყველების სწორედ ამ სისტემურად ორგანიზებულ ფორმებს ვუწოდებ დისკურსს. დისკურსი... გამოხატავს ინსტიტუციებისთვის დამახასიათებელ მნიშვნელობებსა და ღირებულებებს". ყველა დისკურსი ნარატივით არის დაჩარჩოებული. დისკურსი არის ის, რა ენითაც და როგორაც არის მოთხრობილი, გადმოცემული მედიური ნაწარმოები.
-
- Discourse Analysis
- — დისკურსული ანალიზი. მასობრივი კომუნიკაციის ანალიზის ფორმა, რომელიც მიმართულია იმ ხერხებისა და საშუალებების ანალიზისკენ, რომლებიც მედიის მიერ შეტყობინების გადმოცემის ენობრივ ყალიბებს, სიტყვებისა და ფრაზების შერჩევას, გრამატიკულ კონსტრუქციებსა და ამბის გადმოცემის თანმიმდევრულობას შეეხება
-
- Discursive Communication
- — დისკურსული კომუნიკაცია. ენათმეცნიერისა და ფილოსოფოსის სიუზენ ლანჯერის (Susanne Langer, Philosophy in a New Key (US: Harvard University Press, 1942) აზრით, დისკურსული კომუნიკაციაა პროზა და ლოგიკა, ხოლო პოეზია, მუსიკა და რიტუალი არადისკურსულ კომუნიკაციას განეკუთვნება.
-
- Disintermediation
- — დიზინტერმედიაცია. ტერმინი აღწერს პროცესს, რომელიც მწარმოებელსა და მომხმარებელს შუამავლის გარეშე აახლოებს ერთმანეთთან. თანამედროვე სამყაროში ამ ტერმინს უარყოფითი კონოტაცია აქვს, რადგან ძირითადად, ამ ტერმინს გამოიყენებენ იმ სამედიცინო და საადვოკატო ინტერნეტსაიტებთან მიმართებაში, რომლებიც ექიმებისა და იურისტ-კონსულტანტების გვერდის ავლით ახორციელებენ სამედიცინო, ფარმაცევტულ ან საადვოკატო მომსახურებას, რაც ხშირ შემთხვევაში არაკვალიფიციური და გაუმართლებელია და რითაც ხშირად ადამიანებს (მომხმარებლებს) ზიანი ადგებათ
-
- Displacement effect
- — ჩანაცვლების ეფექტი. ფსიქოლოგიაში "ჩანაცვლება" ეგო-თავდაცვის ერთ-ერთ მთავარ მექანიზმად მიიჩნევა. ჩანაცვლებას მაშინ აქვს ადგილი, როცა ინდივიდუუმი ირჩევს გრძნობებისა და ემოციების გამოხატვის ალტერნატიულ ფოკუსს, რადგან თვითონ თავს უუნაროდ გრძნობს, ისინი უშუალოდ სამიზნე ობიექტის მიმართ გამოხატოს. მედიასთან მიმართებაში "ჩანაცვლების" ეფექტი გულისხმობს ინდივიდუუმის მიერ სხვადასხვა სოციალური ქმედების მედიასაშუალებების მოხმარებით (მაგალითად, ტელევიზორის ცქერით) ჩანაცვლებაში.
-
- disposable
- — ერთჯერადი; ხელმისაწვდომი
-
- disproportionate force
- — არათანაზომადი, არაპროპორციული ძალა
-
- dissatisfied with\at
- — (რაღაცით) უკმაყოფილო, იმედგაცრუებული
-
- Diversity
- — მრავალფეროვნება. ზოგადი განმარტებით, მრავალფეროვნება არის ნებისმიერ მოცემულ სიმრავლესა და განზომილებაში განსხვავებულობის ხარისხი ან სპექტრი. რაც მეტია განსხვავება,მით მეტია მრავალფეროვნება. კომუნიკაციათმცოდნე დენის მაკქუეილის აზრით (2005), მედიასთან მიმართებაში კი მრავალფეროვნება უკავშირდება მედიასაშუალებების ფლობისა და კონტროლის სტრუქტურებს, მედიის მიერ შექმნილ და გადაცემულ შინაარსს, მიმღები აუდიტორიის შემადგენლობას და შინაარსის არჩევანს.
-
- divide-and-rule
- — დაყავი და იბატონე
-
- do (someone’s) bidding
- — ვინმეს სურვილის, დავალების მიხედვით მოქმედება
-
- do about face
- — საპირისპიროდ მოქცევა, რადიკალურად შეცვლა მოქმედებისა, მიმართულებისა, დამოკიდებულებისა
-
- do down
- —
გაცურება, მოტყუება
დამსახურების შემცირება; (სათანადოდ) ვერდაფასება, ვერშეფასება
ცილისწამება, დისკრედიტაცია
-
- Docu-soaps
- — საპნის ოპერის სტილში გადაწყვეტილი დოკუმენტური სერიალები
-
- Documentary
- — კომუნიკაციის დოკუმენტური საშუალებები. ეს ტერმინი აერთიანებს კომუნიკაციის იმ ყველა საშუალებას, რომლებიც აუდიტორიისადმი მიმართვისას დოკუმენტურად აღნუსხავენ და აღწერენ მოვლენას თუ სიტუაციას: წიგნი, რადიო, ფილმი, ფოტოგრაფია, ტელევიზია და ასე შემდეგ. კომუნიაკციის დოკუმენტური საშუალებები გამოიყენება სოციალური რეალობის ობიექტურად წარმოჩენის ან პროპაგანდის მიზნით. ტერმინის წარმოშობა უკავშირდება ცნობილ ბრიტანელ რეჟისორს, პროდიუსერსა და თეორეტიკოსს ჯონ გრიერსონს (1898–1972). დღეს დოკუმენტური რადიოსა და ტელევიზიის აღიარებულ ლიდერად BBC-ის მიიჩნევენ.
-
- does not matter
- — მნიშვნელობის არქონა
-
- dole out
- — დარიგება, გამოყოფა
-
- Domain
- — დომენი. ინტერნეტში ჩართული ერთი ან მეტი კომპიუტერი, რომლებსაც სპეციფიკური მისამართი და IP აქვს. კომპიუტერები, რომლებიც მიბმულნი არიან, მაგალითად, ჟურნალ The Economist-თან, იმყოფებიან დომენურ ქსელში economist.com. დომენებსა და მათ სახელებს იერარქიულად დომენური სახელების სისტემა (Domain Name System - DNS) აწყობს. ამ იერარქიის სათავეში უმაღლესი დონის დომენებია (Top-level Domain - TLDS) განთავსებული, რომლებიც ინტერნეტმისამართების ბოლოშია მითითებული,მაგალითად: .com, .net, .ru, .uk, .ge, .nl და სხვა. დომენის წინ სპეციფიკური ინსტიტუციის დასახელება ან აბრევიატურაა,ხოლო ინტერნეტმისამართი "მსოფლიო აბლაბუდის" (World Wide Web) საწყისი ასოებით, აკრონიმით იწყება: www. ინტერნეტმისამართის მაგალითია: www.ecomonist.com; www.youtube.com, www.NYTimes.com და სხვა.
-
- Dominant Discource
- — დომინანტური დისკურსი. ეს არის დისკურსი, რომელიც სხვა დისკურსებთან შედარებით ფლობს უპირატესობას, ამცირებს ე.წ. დაქვემდებარებული, მეორეხარისხოვანი დისკურსების შინაარსისა და მიდგომების ალტერნატიულობას. დომინანტური დისკურსი იმათი დისკურსია, ვისაც დომინანტური პოზიცია და მდგომარეობა უჭირავს სოციალურ და პოლიტიკურ იერარქიაში.
-
- Dominant, subordinate, radical
- — დომინანტური, დაქვემდებარებული, რადიკალური. აუდიტორიის მხრიდან მედიური შეტყობინების მიღების, წაკითხვის და აღქმის კატეგორიები. კლასიფიკაცია ეკუთვნის ფრენკ პარკინს (Frank Parkin in Class, Inequality and Political Order; UK: Paladin, 1972). უკუკავშირის დომინანტურ სისტემა აღნიშნავს რესპონდენტების მიერ დომინანტური ღირებულებებისა და არსებული სოზაგადოების სრულად, უკრიტიკოდ მიღებას; დაქვემდებარებული სისტემა გულისხმობს, რომ რესპონდენტისთვის ზოგადად მისაღებია დომინანტური ღირებულებები და არსებული სოციალური სტრუქტურები, თუმცა იგი მზად არის, ამტკიცოს, რომ საზოგადოების სტრუქტურაში არსებული ცალკეული ჯგუფები დისკრიმინაციულად ან სტერეოტიპულად არის წარმოდგენილი მედიურ შეტყობინებებში. უკუკავშირის რადიკალური სისტემა გამოხატავს დომინანტური დისკურსის სრულ მიუღებლობას.
-
- don't be embarassed
- — ნუ მორცხვობთ! ნუ გერიდებათ!
-
- don't change horses in midstream
- — მიზანს ნუ გადაუხვევ
-
- don't cross the bridge until you come to it
- — შენს წინ ხიდს ნუ დაწვავ
-
- doom-watcher
- — ავის მომასწავებელი
-
- Double blind experiment
- — ექსპერიმენტი, ცდა ორმაგად ბრმა მეთოდით. ამ ექსპერიმენტისას არც ექსპერიმენტატორმა და არც ცდის პირმა არ იციან, მოცემული საკითხი განეკუთვნება ექსპერიმენტული საკითხების თუ საკონტროლო საკითხების ჯგუფს.
-
- double down
- — ფსონის გაორმაგება
-
- Double-barreled question
- — გაორმაგებული, "ორლულიანი" შეკითხვა. ერთი შეკითხვა, რომელიც რეალურად ორ, ერთმანეთისგან განსხვავებულ პასუხს მოითხოვს. მაგალითად: "მოგწონთ თუ არა ამ ჟურნალის ფასი და სტილი?"
-
- double-digit
- — ორციფრა
-
- down the road
- — მომავალში
-
- draft legislation
- — კანონპროექტი
-
- drag into (involve in) a war
- — ომში ჩათრევა
-
- draw a conclusion
- — დასკვნის გამოტანა, დასკვნამდე მისვლა
-
- draw a line
- — წერტილის დასმა
-
- draw an attention away
- — ყურადღების მოკლება
-
- draw near
- — მოახლოება
-
- draw on
- —
მიზიდვა, მოხმობა;
დადგომა, მოახლოება, მოსვლა; წინსვლა, მიმდინარეობა
-
- draw to a close
- — დასასრულისკენ მიახლოება
-
- draw up
- —
მხრებში გასწორება;
განლაგება, გასწორება; შედგენა, შემუშავება
-
- dream up
- — გამოგონება, მოფიქრება, (რამეზე) ფანტაზიორობა
-
- Dress
- — ჩაცმულობა. არავერბალური კომუნიკაციის უმნიშვნელოვანესი ელემენტი, რომელიც მოიცავს: სამოსს, ვარცხნილობას, აქსესუარებსა და მაკიაჟს. ჩაცმულობა გადასცემს პიროვნების შესახებ მრავალ შეტყობინებას და ინფორმაციას: მის სქესს, კლასობრივ კუთვნილებას, სტატუსს, ასაკს, შემოსავლის დონეს, სოციალურ როლს, სოციალურ და ისტორიულ კონტესტს და ა. შ.
-
- dress code
- — დრესკოდი - ოფიციალურ ღონისძიებებზე/სხვადასხვა დაწესებულებებში წინასწარ განსაზღვრული, რეკომენდირებული ჩაცმულობა
-
- dress rehearsal
- — გენერალური რეპეტიცია
-
- dress up
- — გამოპრანჭვა, გადაცმა, გამოწყობა
-
- drift apart
- — დაშორება; ურთიერთობის, კონტაქტის შეწყვეტა
-
- drive out
- — განდევნა, შევიწროვება
-
- drop in (on)
- — შერბენა (მაგ. მეგობართან, მეზობელთან)
-
- drowning in debt
- — ვალებში ჩახრჩობა, გადავარდნა
-
- drum up
- — მოზიდვა, მოტანა, შოვნა
-
- dry up (!)
- —
დაშრობა, ამოშრობა, გაშრობა;
გამოფიტვა, ამოწურვა;
(ჟარგ.) გაჩუმება, ლაპარაკის შეწყვეტა, მოკეტვა
-
- dubbed-over
- — ხელახლა გახმოვანებული, დუბლირებული
-
- dug-out
- —
მაქო;
სანგარი, სამალავი
-
- Duke University [Duke]
- — დიუკის უნივერსიტეტი - კერძო კვლევითი უნივერსიტეტი, მდებარეობს ქალაქ დარემში (აშშ, ჩრდილოეთ კაროლინა). ის აშშ-ს 9 საუკეთესო ნაციონალურ და მსოფლიოს 14 საუკეთესო უნივერსიტეტთა რიცხვში შედის. მისი სამედიცინო, ბიზნეს- და იურიდიული სკოლები აშშ-ს 12 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა.Duke University 1838 წელს მეთოდისტების და კვაკერების ჯგუფმა კერძო სკოლის - Brown's Schoolhouse-ის სახით დაარსა რენდოლფის ოლქში, იქ, სადაც დღეს ქალაქი ტრინიტი მდებარეობს. 1892 წელს უკვე Trinity College-ის სახელით ცნობილი სკოლა დარემში გადავიდა ცნობილი მეცენატებისა და საპატივცემულო მეთოდისტების, ვაშინგტონ დიუკისა და ჯულიან კარის შემოწირულობების წყალობით. 1924 წელს თამბაქოს მწარმოებლის, ჯეიმს დიუკის ძალისხმევით უნივერსიტეტს მისი გარდაცვლილი მამის - ვაშინგტონ დიუკის სახელი ეწოდა.უნივერსიტეტში სტუდენტები და ასპირანტები მსოფლიოს ასამდე სხვადასხვა ქვეყნიდან სწავლობენ; მათ შორისაა: დაახლოებით 6 300 ბაკალავრი, 7 000-ზე მეტი სხვადასხვა სპეციალობის მაგისტრი და ასპირანტი. სწავლება მსოფლიოს 25 ენაზე მიმდინარეობს.ამ უნივერსიტეტის სწავლების ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელი დისციპლინათაშორისი პროგრამებია: კვლევით პროექტებში სხვადასხვა სპეციალობის მეცნიერები, ასპირანტები და სტუდენტები ერთად მუშაობენ. უნივერსიტეტი ცნობილია სპორტული წარმატებებითაც.უნივერსიტეტს მართავს აღმასრულებელი კომიტეტის აკადემიური საბჭო. მას ასევე მეურვეთა საბჭოც ჰყავს.სტუდენტურ ქალაქში 220 შენობაა (35 კვ. კილომეტრი მიწის ნაკვეთზე). უნივერსიტეტს აქვს დასავლეთის, აღმოსავლეთისა და ცენტრალური კორპუსები, ასევე, ცნობილი სამედიცინო ცენტრი. უნივერსიტეტის საზღვაო ლაბორატორია ბიუფორტში მდებარეობს. ყველგან ცნობილია უნივერსიტეტუს გოთიკური ტაძარი, ხელოვნების მუზეუმი, ბიბლიოთეკა, ბოტანიკური ბაღი და სხვა ღირშესანიშნაობები.
duke.edu
-
- dumped on
- —
დაფარვა, განფენა;
(გადატ.) ვინმეზე დასევა და ბოლომდე ჩაწიხვლა
-
- Duopoly
- — დუოპოლია. მონოპოლია, რომელიც ორ ორგანიზაციას უპყრია ხელთ. მედიათეორიასა და პრაქტიკაში დუოპოლია თითქმის ფიქსირებულ ცნებად გამოიყენება დიდ ბრიტანეთში BBC-სა და IBA-ს "ორხელისუფლებიანობის"აღსანიშნავად.
-
- dust-up
- — ჩხუბი, სკანდალი, ხმაური
-
- Duverger's Law
- — დიუვერჟეს კანონი. ერთწევრიანი, უბრალო უმრავლესობის პრინციპზე დაფუძნებული საარჩევნო სისტემა, რომელიც ემსახურება ორი მთავარი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას. კანონი ატარებს ფრანგი სოციოლოგის მორის დიუვერჟეს სახელს.
-
- DVD (Digital Video Disc)
- — ციფრული ვიდეოდისკი