ყველა ტერმინი → m
-
- MacBride Commission
- — მაკბრაიდის კომისია. საკომუნიკაციო პრობლემების შემსწავლელი საერთაშორისო კომისია, იურისტთა საერთაშორისო კომისიის ყოფილი გენერალური მდივნის შონ მაკბრაიდის თავმჯდომარეობით. კომისია შეისწავლიდა კომუნიკაციასა და ინტერაქციას დასავლურ სამყაროსა და ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნებს შორის.
-
- Machinery of Representation
- — რეპრეზენტაციის მექანიზმი. იგივე მედიუმები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. პროფესორმა სტიუარტ ჰოლმა "რეპრეზენტაციის მექანიზმები" უწოდა თანამედროვე საზოგადოებებში მასმედიის სხვადასხვა ფორმებს.
-
- made (a) comeback
- — წარმატებული დაბრუნება; მოდაში ხელახლა შემოსვლა
-
- Magazine Show
- — შოუ-ჟურნალი. ტერმინი ძირითადად გამოიყენება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში, სახელდობრ, კომპანიებისა და ორგანიზაციების პიარდეპარტამენტების მედიასთან ურთიერთობებში. შოუ-ჟურნალი არის სპეციფიკური მედიური (სატელევიზიო) ფორმატი, რომლის სიუჟეტებშიც ხდება ამ კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების, თემების, პროდუქციისა და მომსახურების პოპულარიზაცია.
-
- Magnum
- — მაგნუმი. ფოტოჟურნალისტების საერთაშორისო სააგენტო, დაფუძნებული 1947 წელს. მის წევრებს შორის იყვნენ ანრი კარტიე-ბრესონი, რობერტ კაპა, ინგე მორატი და სხვები.
-
- Mahbubani, Kishore
- — ქიშორ მაჰბუბანი
-
- Mailing List
- — ელექტრონული ფოსტის ადრესატებისა და ხელმომწერების სია მოთხოვნადი ინფორმაციის გავრცელების მიზნით. არსებობს სიის ორი ტიპი: 1) დახურული (ორგანიზაციის, კორპორაციის, ინტერსეთა ჯგუფის შიგნით) და 2) ღია - ხელმომწერებს შორის, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ საკითხის განხილვაში და უპასუხონ ელექტრონული ფოსტით მიღებულ შეტყობინებებს.
-
- Main effect
- — ძირითადი ეფექტი. გვხვდება მედიური კვლევების რაოდენობრივი ტექნიკების აღწერისას. იგი აღნიშნავს დამოუკიდებელი ცვლად(ებ)ის გავლენას დამოკიდებულ ცვლად(ებ)ზე. ტერმინის სახელწოდება მიგვანიშნებს, რომ სწორედ ამ გავლენის დადგენა ხდის ცხადს საკვლევ საკითხს და ამტკიცებს საკვლევ ჰიპოთეზას. ძირითადი ეფექტი არ არის დამოკიდებული ცვლადების რაოდენობაზე (ან დამოუკიდებელი და დამოკიდებული ცვლადების რაოდენობის შეფარდებაზე) ერთი კვლევის ფორმატში. მედიაკვლევების თეორეტიკოსებს როჯერ უიმერსა და ჯოზეფ დომენიკს წიგნში „Mass Media Research” (1999 და მომდევნო გამოცემები) ასეთი მაგალითი მოჰყავთ: “დავუშვათ, მკვლევრებს აინტერესებთ, რამდენად მოქმედებს აუდიტორიის მიერ ტელეჟურნალისტის დამაჯერებლობის აღქმაზე კადრის გადაღების კუთხე. მკვლევრები ხედვის სამ განსხვავებულ კუთხეს ირჩევენ: ხედი ქვევიდან - მიწის დონიდან, ხედი ზევიდან და ხედი თვალის სიმაღლიდან. გადაღების კუთხე თავისი სამივე ნაირსახეობით დამოუკიდებელი ცვლადია. დამოკიდებული ცვლადი კი, რომელიც დამოუკიდებელი ცვლადების მეშვეობით იზომება, არის ტელეჟურნალისტის დამაჯერებლობიის აღქმა. ძირითადი ეფექტის დადგენა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ დავადგინოთ, რა გავლენა აქვთ სისტემურად ცვალებად ცვლადებს ერთ აღქმულ და გაზომვად ცვლადზე.
-
- Mainstreaming
- — გაბატონებული აზრის შექმნა, მეინსტრიმინგი. როგორც წესი, მას ინგლისურენოვანი ჟღერადობით მოიხსენიებენ - „მეინსტრიმინგი“, თუმცა შესაძლებელია მისი ქართული ეკვივალენტის მონახვა. ეს არის „გაბატონებული აზრის შექმნა“ ან „აზრის ერთიანი ნაკადის შექმნა“. მნიშვნელობის თვალსაზრისით, ტერმინი, რომელიც პროფესორ ჯორჯ გერბნერს (George Gerbner) ეკუთვნის, აღნიშნავს საზოგადოების ცალკეული წევრების დაქსაქსული, დივერგენციული დამოკიდებულებების, მოსაზრებებისა და იდეების გარდაქმნის პროცესს ტელევიზიის მიერ ერთ მთავარ ნაკადად გაბატონებული დისკურსის სასარგებლოდ. ამ ნაკადის გავლენის ქვეშ განსაკუთრებით “მძიმე“, მიჯაჭვული მაყურებლები ექცევიან. ამ ტერმინს ხშირად შეხვდებით იმ მედიაკვლევებში, რომლებიც შეისწავლიან მედიის, განსაკუთრებით კი ტელევიზიის გავლენას ადამიანების შეხედულებებზე, გადაწყვეტილებებსა და ქცევებზე (მაგალითად, არჩევნების დროს), ან როცა მკვლევრებს აინტერესებთ, ტელევიზია აზრთა და შეხედულებათა პლურალიზმს უწყობს ხელს თუ ერთი რომელიმე შეხედულების ჰეგემონიზაციას ეწევა. „მეინსტრიმინგი“ რიგ შემთხვევებში ნეიტრალური მნიშვნელობით გამოიყენება, თუმცა მისმა ავტორმა ჯორჯ გერბნერმა მას იმთავითვე ნეგატიური კონოტაცია შესძინა, რადგან იგი ტელევიზიიდან წამოსულ ძალადობას დაუკავშირა. პენსილვანიის უნივერსიტეტის კომუნიკაციების ანენბერგის სკოლის პროფესორმა ჯორჯ გერბნერმა და მკვლევრების ჯგუფმა 1980-იანი წლების დასაწყისში წამოიწყეს მასშტაბური და დროის ხანგრძლივ მონაკვეთზე გათვლილი კვლევითი პროექტი, რომლის მიზანიც იყო ტელევიზიის გავლენის გამოკვლევა კულტურულ დამოკიდებულებებსა და ამ დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაზე. გერბნერმა პროცესს, რომლის დროსაც ტელევიზია მაყურებლებს შორის აყალიბებს, ქმნის ნაერთ კონვერგენციულ დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკითხის მიმართ Mainstreaming უწოდა. სტატიაში „ამერიკის მეინსტრიმინგი: ძალადობის პროფილი N 11“ (Journal of Communications, Summer, 1980) ჯორჯ გერბნერი, ლარი გროსი, მაიკლ მორგანი და ნენსი სინიორელი წერენ: “განსაკუთრებით ტელევიზიის „მძიმე“, მიჯაჭვულ ყურება ემსახურება დაქსაქსული, დივერგენციული ჯგუფების რწმენების, შეხედულებების. . . გადაზრდას ჰომოგენიზებულ „მეინსტრიმულ“ შეხედულებად“. ავტორების აზრით, „ტელევიზიით შექმნილი სახეები და ხატები ჩვენი კულტურული რწმენების, იდეოლოგიებისა და მსოფლიოს შესახებ წარმოდგენების დომინანტურ ტენდენციებს ქმნის. .. ტელევიზიის „მსუბუქი“ (არამიჯაჭვული, ნაკლებად რეგულარული) მაყურებელი უფრო მეტად ინარჩუნებს დივერგენციულ დამოკიდებულებებსა და შეხედულებებს, ვიდრე „მძიმე“მაყურებელი, რომელიც იღებს და ექვემდებარება კონვერგენციულ დამოკიდებულებას: „მიჯაჭვული მაყურებლისთვის ტელევიზია მონოპოლიზებას უწევს, ანაცვლებს, აჯამებს ინფორმაციის,იდეებისა და შემეცნების სხვა წყაროებს“. კონვერგენცია ამ გაგებით შეეხება მსოფლიოს აღქმას „ტელევიზორში ნაჩვენები ხატის მიხედვით“.ჯორჯ გერბნერი მეინსტრიმინგის თემასა და კონცეპტს 1987 წელსაც მიუბრუნდა. ამერიკული ჟურნალისთვის „Et Cetera“ დაწერილ სტატიაში “ტელეპოპულისტის სახარში: სამი B” იგი აღნიშნავდა: „ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება „მსუბუქ“ და „მძიმე“ მაყურებელს შორის სოციალური ჯგუფების უმრავლესობისთვის არის ლიბერალური პოზიციების მოშლის ხარისხი, რომლითაც მათ შეუძლიათ გაემიჯნონ ან დაუპირისპირდნენ ტრადიციულ შეხედულებებსა და მოსაზრებებს“. გერბნერის აზრით, „მეინსტრიმინგს“ სამი B აძლიერებს: პირველი, ტელევიზია შლის (Blur) სოციალურ განსხვავებებს; მეორე - იგი თქვეფს (Blend) დივერგენციულ ჯგუფებს ძირითად დინებაში, და მესამე - იგი ხრის (Bend) ამ ძირითად ნაკადს მასობრივი ინფორმაციის საშუალების ინტერესის მიმართულებით - მოგების მიღებისკენ, პოპულისტური პოლიტიკისა და ძალაუფლებისკენ”. ჯორჯ გერბნერისა და მისი კოლეგების კვლევამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა ევროპის მედიასკოლებში - განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთსა და იტალიაში.
-
- make a beeline for
- — მიზანმიმართულად სვლა
-
- make a goal
- — მიზნად დასახვა
-
- make a habit of smth.
- — (რაღაცის) ჩვევად გადაქცევა
-
- make a point
- — გამართლება, წინასწარ ნათქვამის ასრულება
-
- make a speech
- — სიტყვით გამოსვლა
-
- make a virtue of
- — სარგებლის ნახვა, მოგების ამოღება
-
- make a visit (to)
- — მისვლა, წვევა, სტუმრობა, ვიზიტის გაკეთება
-
- make amends to an aggrieved person
- — დაზარალებულისთვის ზარალის ანაზღაურება
-
- make clear
- — ცხადყოფა, გამოაშკარავება
-
- make fun of
- — დაცინვა, (ვიღაცის) მასხრად აგდება
-
- make something up to someone
- — სამაგიეროდ, სანაცვლოდ, საკომპენსაციოდ რამის გაკეთება; ვალის, ვალდებულების მოხდა
-
- make sure
- —
დარწმუნება
უზრუნველყოფა
-
- make up
- —
შევსება, ანაზღაურება, კომპენსირება, გამოყენება
(რაღაცის) ნაწილად ყოფნა, შედგენა
მაკიაჟის გაკეთება
მოგონება, მოფიქრება, შეთხზვა, გაყალბება
შერიგება
პოლიგრაფ. დაკაბადონება
დაწყობა, შეკვრა, შეკოწიწება
შესრულება (წერილობითი განკარგულების)
(ცეცხლის) შენარჩუნება
-
- make up one's mind
- — რაღაცის გადაწყვეტა, მოფიქრება
-
- makes history
- — ისეთი რაღაცის გაკეთება, რაც მანამდე არავის გაუკეთებია; ისტორიის შექმნა
-
- Maletzke’s Model of Mass Communication Process, 1963
- — მალეცკეს მასობრივი კომუნიკაციის პროცესის მოდელი, 1963. მასობრივი კომუნიკაციების ფსიქოლოგიის სპეციალისტმა გერმან მალეცკემ გერმანიის ჰანს ბრედოუს ინსტიტუტის გამომცემლობის ჟურნალში „მასობრივი კომუნიკაციების ფსიქოლოგია“ საზოგადოებას მასობრივი კომუნიკაციის პროცესი იქამდე არნახულად ფართო სქემით წარმოუდგინა. ეს არის მოდელი, რომელშიც, მასკომუნიკაციის პროცესის ხუთი არსებითი ელემენტის გარდა, წარმოჩენილია ამ პროცესის მონაწილეებზე მოქმედი და გავლენის მქონე ფაქტორების მრავალმხრივობა და მათი ურთიერთქმედების რთული ბუნება. მალეცკეს აზრით, კომუნიკატორის თვითხატი მიმღების თვითხატს შეესაბამება: ორივე მათგანი შეტყობინების კვალად მოქმედებს, ორივეზე გავლენას შეტყობინება ახდენს, რომელიც, თავის მხრივ, ნაკარნახევია კონკრეტული მედიუმის მიერ. გარდა ამისა, საკუთრივ შეტყობინებაზე გავლენას ახდენს კომუნიკატორის მიერ აღქმული მიმღების ხატი და მიმღების მიერ აღქმული კომუნიკატორის ხატი. ანუ მალეცკეს მოდელი გვეუბნება: რაც მეტია ანგარიშგასაწევი ფაქტორი, მით მეტია კომპრომისი და მით მეტად ადვილდება შეტყობინების მიღება, აღქმა და მასზე უკუკავშირი. კომუნიკატორი ვალდებულია, მხედველობაში მიიღოს არა მხოლოდ მასმედიუმის მახასიათებლები და მიმღები აუდიტორიის ბუნება, არამედ იგი სრულად აგებს პასუხს სხვა ფაქტორების გამოც, კერძოდ: საკომუნიკაციო გუნდის (მასობრივი ინფორმაციის საშუალების კოლექტივის), რომელსაც თავისი საკუთარი ღირებულებრივი სისტემა (News Values) და პროფესიული პრაქტიკა აქვს. თუკი კომუნიკატორი ორგანიზაციის გარემოში შექმნილი გუნდის წევრია, მიმღები რეცეპციის უფრო ფართო კონტექსტის ნაწილია: ის არის სუბიექტი, რომელზეც გავლენას არა მხოლოდ მედიაშეტყობინება, არამედ კონტექსტუალური გავლენების ნაკადი ახდენს. აღიარებულია, რომ მალეცკეს მოდელი ანალიზისთვის ერთ-ერთ საუკეთესო მოდელს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც ცვლადების უთვალავი კომბინაცია და ინტერაქციაა შესაძლებელი. მალეცკეს მიხედვით, კომუნიკატორზე გავლენას შემდეგი ფაქტორები ახდენს: მისი თვითხატი, პიროვნული სტრუქტურა, მისი სამუშაო გუნდი, მისი სოციალური გარემო. მისი ადგილი ორგანიზაციაში, ზეწოლა და შეზღუდვები, რომლებსაც მედიაშინაარსის საჯარო ხასიათი იწვევს. მიმღებზე გავლენა შემდეგ ფაქტორებს აქვს: მის თვითხატს, პიროვნულ სტრუქტურას, მის მიერ აუდიტორიის წევრობას და მის სოციალურ გარემოს. რაც შეეხება საკუთრივ შეტყობინებას და მის გამტარ მედიუმს, ისინი მრავალი ბმით არიან დაკავშირებულნი როგორც კომუნიკატორთან, ისე მიმღებთან. ცვლადებს შორისაა: შინაარსის შერჩევა და სტრუქტურირება, მედიაშინაარსიდან შეტყობინების არჩევა, მიმღების ცნობიერებაში არსებული მედიუმის ხატი და სხვა.
-
- man's home is his castle
- — კაცის სახლი მისი ციხესიმაგრეა
-
- Mandeville, Laure
- — ლორა მანდევილი
-
- many-headed
- — მრავალთავიანი
-
- March of Time
- — 1930-იანი წლების სახელგანთქმული, პოპულარული ამერიკული კინოჟურნალების სერიები, მედიური ინტერაქციის კლასიკური ნიმუში. ჟურნალ "ტაიმისა" და რადიოს ერთობლივი თემატური პროექტი, რომელიც დრამატულ ელფერს სძენდა ახალ ამბებს, ხოლო რადიოში მსახიობები კვირის ახალი ამბების ყველაზე დასამახსოვრებელ სცენებს თამაშობდნენ.
-
- marginal
- — ძალიან მცირე, უმნიშვნელო
-
- Market threshold
- — საბაზრო წყალგამყოფი, კრიტიკული მიჯნა, რომელზეც მედიური არტეფაქტი ფინანსურად ამართლებს თავის არსებობას.
-
- Marxism. Media-Society Theory
- — მარქსიზმი, როგორც მედია–საზოგადოების თეორიის ნაირსახეობა. მიუხედავად იმისა,რომ დღეს მარქსიზმს მკვლევრებისა და მეცნიერების დიდი უმრავლესობა წარუმატებელ საშუალებად მიიჩნევს პოლიტიკური და სოციალური ცვლილებების მისაღწევად, მედიის მარქსისტული ანალიზის ტრადიცია თანამედროვე კაპიტალისტურ საზოგადოებაშიც ინარჩუნებს აქტუალურობას. მარქსიზმის ერთ–ერთ "შვილობილ" თეორიად განიხილება მასზე უფრო თანამედროვე "კრიტიკული პოლიტიკური ეკონომიის თეორია". კომუნიკაციათმცოდნე დენის მაკქუეილის აზრით, მედიის მაქრსისტული ინტერპრეტაციისთვის უმნიშნელოვანესია ძალაუფლების საკითხი, მარქსიზმი ავლენს პირდაპირ კავშირს ეკონომიკურ სტრუქტურებსა (მედიის მესაკუთრეობა) და მედიური შეტყობინების შექმნა–გავრცელებას შორის, რომლებიც ადასტურებს კლასობრივი საზოგადოების ლეგიტიმურობასა და მის ღირებულებებს. კაპიტალისტური მედიის მარქსისტული თეორია ემყარება შემდეგ პოსტულატებს: 1) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს საკუთრებაში ბურჟუაზიული კლასი ფლობს; 2) მედია მოქმედებს თავისი კლასობრივი ინტერესების შესაბამისად; 3) მედია ხელს უწყობს მუშათა კლასის მცდარი ცნობიერების ჩამოყალიბებას; 4) მედია ავრცელებს დამკვიდრებული წყობის მხარდამჭერ იდეოლოგიას; 5) პოლიტიკუური ოპოზიციისთვის მედია ხელმიუწვდომელია. მეოცე საუკუნეში განვითარდა მაქრსისტული თეორიის რევიზიონისტული ვერსიები, რომლებიც მეტ ყურადღებას იდეებს აპყრობს, ვიდრე მატერიალურ სტრუქტურებს. მარქსისტ–თეორეტიკოსებად მიიჩნევიან: ალტჰუსერი, გრამში, მარკუზე, ჰერმანი და ჩომსკი.
-
- Masked Recall
- — სიტყვა-სიტყვით ნიშნავს დაფარულ, შენიღბულ გახსენებას. ამ „იდუმალ“ სახელს ატარებს გამოკითხვის ერთ-ერთი ტექნიკა მედიაკვლევებში, რომლის დროსაც ინტერვიუერი რესპონდენტს გაზეთის ან ჟურნალის წინა გვერდს უჩვენებს, რომელზეც გამოცემის სახელწოდება და ლოგო შავად არის დაფერილი. ეს ტექნიკა მიზნად ისახავს, გამოსცადოს, შეძლებს თუ არა რესპონდენტი „ბრმად“, დაუხმარებლად, მინიშნებების გარეშე გამოიცნოს გამოცემა; ასევე - რომელი უნიკალური მახასიათებლების მიხედვით ცნობს რესპონდენტი გამოცემას.
-
- Maslow's hierarchy of needs
- — მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქია. თავის გავლენიან წიგნში "მოტივაცია და პიროვნება" (1954) აბრაამ მასლოუმ წამოაყენა მოსაზრება, რომ ადამიანის ქცევა ასახავს ძირითად მოთხოვნილებათა სპექტრს, რომლებიც აყალიბებს იერარქიას. მასლოუ წერდა: "როცა ადამიანი ძალიან და სახიფათოდ მშიერია, მას არანაირი ინტერესი არ აქვს, გარდა საჭმლისა. მაგრამ როგორც კი ეს მოთხოვნილება კმაყოფილდება, თავს იჩენს ახალი [და უფრო მაღალი] მოთხოვნილებები და საჭიროებები." მასლოუს იერარქია მოიცავს: ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს, უსაფრთხოების მოთხოვნილებებს, მიკუთვნებულობისა და სიყვარულის მოთხოვნილებებს; პატივისა და პატივისცემის მოთხოვნილებებს და თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილებებს.
-
- Mass
- — მასა. ტერმინი აღწერს ინდივიდუუმების დიდ, ამორფულ ერთობას, რომელიც ექცევა გარე გავლენის ქვეშ და რომელიც შესაძლო მანიპულატორების მიერ განიხილებიან როგორც იდენტობის, ძალაუფლებისა და ავტონომიურობის უქონელი ან მათ მოკლებული. „მასობრივი საზოგადოების“ თეორია „მასას“ მიიჩნევს ფართომასშტაბიან, ამორფულ, ატომიზებულ ერთობად, რომელიც იდენტობის ფორმირების მხრივ დამოკიდებულია მედიაზე, როგორც სოციალიზაციის მძლავრ აგენტზე. კომუნიკაციის პროცესის ჯგუფურ მიმღებებს შორის მკვლევრები შემდეგ კატეგორიებს გამოჰყოფენ: ჯგუფს, ბრბოს, საზოგადოებას და მასას. მასა, დანარჩენი სამი ცნებისგან განსხვავებით, მოკლებულია მოქმედების უნარს. მასა თვითონ არის მასზე მოქმედებისა და მანიპულაციის ობიექტი. „მასა“ ხშირად განიხილება როგორც ნეგატიური მნიშვნელობის მატარებელი ცნება შემდეგ ტერმინებში: „მასობრივი ქცევა“, „მასობრივი შეხედულება“, „მასკულტურა“, „მასობრივი საზოგადოება“ და თვით „მასობრივი კომუნიკაციაც“ კი.
-
- Mass Communications (seven characteristics)
- — მასობრივი კომუნიკაციის შვიდი მახასიათებელი. მახასიათებლების ეს ტიპოლოგია პროფესორ დენის მაკქუეილს ეკუთვნის. ნაშრომში „Towards a Sociology of Mass Communications“ (UK: Collier-MacMillan, 1969) მან მასობრივი კომუნიკაციის შვიდი ძირითადი მახასიათებელი განსაზღვრა: (1) მასობრივი კომუნიკაცია კომპლექსურ ფორმალურ ორგანიზაციას მოითხოვს; (2) იგი მიმართულია ფართო აუდიტორიისკენ; (3) იგი საჯაროა - მასობრივი კომუნიკაციის შინაარსი ყველასთვის ღია და ხელმისაწვდომია; (4) მისი აუდიტორია ჰეტეროგენულია, იგი მრავალი განსხვავებული ჯგუფისგან შედგება; (5) მასმედიას, როგორც მასობრივი კომუნიკაციის ნაირსახეობას, შეუძლია დაამყაროს ერთდროული, სიმულტანური კონტაქტი ადამიანების დიდ რაოდენობასთან, რომლებიც როგორც წყაროსგან, ისე ერთმანეთისგან დაშორებულნი არიან; (6)ურთიერთობებს აუდიტორიასთან ის ადამიანები ამყარებენ, რომლებიც კომუნიკატორების სოციალურ როლში გვევლიანებიან; (7) მასობრივი კომუნიკაციის აუდიტორია „კოლექტიურად უნიკალურია მოდერნული საზოგადოებისთვის. ეს არის „ინდივიდუუმების აგრეგაცია, რომლის წევრებიც გაერთიანებული არიან საერთო ინტერესებით, ახასიათებთ ქცევის იდენტური ფორმა და ესწრაფვიან საერთო შედეგს“, მაშინაც კი, როცა ეს ინდივიდუუმები არ იცნობენ ერთმანეთს, აქვთ შეზღუდული ინტერაქცია, მათი მოქმედება არ არის მიმართული ერთმანეთისკენ და მოკლებულნი არინ (ან საერთოდ არ გააჩნიათ) ორგანიზაციის ფორმები.
-
- Mass Society Theory
- — მასობრივი საზოგადოების თეორია. ამ თეორიის ამოსავალ წერტილად ცნება "მასა" აიღება და მისი ძირითადი პრინციპებიც სწორედ "მასის" ნიშან–თვისებებს ეფუძნება. თეორია ყურადღებას ამახვილებს ძალაუფლების მქონე ინსტიტუციებისა და სოციალური ძალაუფლების წყაროებში მედიის ინტეგრაციის ხარისხის ურთიერთდამოკიდებულებაზე. მედიური შინაარსი ემსახურება პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების მპყრობელთა ინტერესებს; მედიას არ შეიძლება გააჩნდეს სამყაროს ალტერნატიული ხედვა. მასობრივი საზოგადოების თეორიის ძირითადი ნიშან–თვისებებია: 1) ფართომასშტაბიანი საზოგადოება; 2) ატომიზებული პუბლიკა; 3) ცენტრალიზებული მედია; 4) ცალმხრივი ტრანსმისია; 5) ადამიანების ძლიერი დამოკიდებულება მედიაზე იდენტობის შექმნა–შენარჩუნების მხრივ და 6) მედიის გამოყენება მანიპულაციისა და კონტროლის მიზნით.ამ თეორიის ერთ–ერთი განმავითარებელია სი რაით მილსი (C. Wright Mills,1951)
-
- Massification
- — მასიფიკაცია. ამერიკული ტერმინი, რომელიც ასახავს პროცესს, რომელშიც მოსახლეობა განიხილება როგორც ლუმპენი მასა ერთგვაროვანი, თითქმის იდენტური გემოვნებებითა და დამოკიდებულებებით.
-
- Mat
- — მატრიცა (შემოკლებული). წარმოდგება წიგნისა და გაზეთ-ჟურნალების საბეჭდი მოწყობილობის, ლინოტიპის ასოს ყალიბის სახელისგან.
-
- Mat release
- — საზოგადოებასთან ურთიერთობების ფირმის ან კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დაკაბადონებული, დაფორმატებული საინფორმაციო გამოშვება ბეჭდური და სამაუწყებლო მედიისთვის, რომელიც არ ექვემდებარება რედაქტირებას მედიასაშუალების მმართველობის მხრიდან.
-
- matchup
- — შეჯიბრება გუნდებს შორის, შეჯიბრება ორ მოთამაშეს შორის, მიკრომატჩი
-
- Mathematical Theory of Mass Communication
- — მასობრივი კომუნიკაციის მათემატიკური თეორია, ასევე ცნობილია როგორც შენონ-უივერის მოდელი. შენონისა და უივერის, ბელის სატელეფონო ლაბორატორიის ინჟინრების, ამოცანას წარმოადგენდა სატელეფონო კაბელებისა და რადიოტალღების , როგორც კომუნიკაციის არხების, მაქსიმალური ეფექტურობის უზრუნველყოფა. თუმცა ეს მათემატიკური მოდელი ეფექტურად მოერგო კომუნიკაციის პროცესის ფართო და მრავალგვაროვან სახეობებს და ფორმებს. შენონმა და უივერმა კომუნიკაციის ანალიზში პრობლემის სამი დონე გამოჰყვეს: დონე A - ტექნიკური, დონე B - სემანტიკური და დონე C - მიღების ეფექტურობა. ეს მოდელი შედგება შემდეგი რგოლებისგან: ინფორმაციის წყარო - გადამცემი - სიგნალი - ხმაურის წყარო - მიღებული სიგნალი - მიმღები - დანიშნულება.
-
- Max Headroom
- — მაქს ჰედრუმი, პირველი კომპიუტერული სატელევიზიო პერსონაჟი კაცი.
-
- mays and mights
- — ვარაუდები, მკითხაობა
-
- McDonaldization
- — მაკდონალდიზაცია. ტერმინი, რომელიც ეკუთვნის ამერიკელ სოციოლოგს ჯორჯ რიცერს (1992) აღნიშნავს იმ ძირითად პარადიგმას ამერიკისა და დანარჩენი მსოფლიოს სოციალურ ცხოვრებაში, რომელიც აღწერს სწრაფი კვების რესტორნების ფუნქციონირების პრინციპის შეღწევას კულტურაში: სწრაფი კვება - სწრაფი მუსიკა - სწრაფი კომპიუტერები - სწრაფი პოლიტიკა და სხვა.
-
- McGuffin
- — მაკგაფინი. რეჟისორ ალფრედ ჰიჩკოკს უყვარდა ამ გამოთქმის გამოყენება სცენარის, სიუჟეტის იმ ნებისმიერი ნაწილის აღსაწერად, რომელიც აუდიტორიის ყურადღებას იპყრობს.
-
- McLuhanism
- — მაკლიუენიზმი, მაკლუჰანიზმი. ეს არის მოძღვრება მედიის შესახებ, რომელიც ეყრდნობა და აერთიანებს ცნობილი კანადელი ლინგვისტისა და მედიამკვლევრის, მარშალ მაკლიუენის შეხედულებებს მედიაზე. 1960-იანი წლების დამლევიდან მედიანალიზის პატრიარქად კანადელი პროფესორი, ტორონტოს მედიაკვლევების ცენტრის დამფუძნებელი მარშალ მაკლიუენი (1911-1980) მიიჩნევა. ის ადამიანებიც კი, რომლებსაც მაკლიუენის ფუნდამენტური ნაშრომები არ წაუკითხავთ, იცნობენ მის ფრთიან გამონათქვამებს მედიისა და ჟურნალისტიკის შესახებ. მათ შორის ყველაზე ცნობილი და ხშირად გამოყენებული ციტატაა მაკლიუენის ფომულა, რომელიც ტექნოლოგიური დეტერმინიზმის თეორიას დაედო საფუძვლად: „The medium is the message”. მაკლიუენმა იგი თავისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაშრომის „Understanding the Media” (UK: Routledge & Kegan Paul, 1964; Routledge, 2002) პირველი თავის ერთი ნაწილის სათაურად გამოიყენა. „მედიუმი თავად არის შეტყობინება“ - ამ ფრაზით მაკლიუენმა გამოხატა მყარი რწმენა, რომ მედიუმის ბუნება თავად არის კონკრეტული არსის მატარებელი, რომ თქმული მთლიანად არის განპირობებული იმ მედიუმის, იმ საშუალების მიერ, რომელშიც და რომლის მეშვეობითაც იგი ითქვა. მაკლიუენის სწამდა, რომ მედიუმის კონკრეტული ატრიბუტები ეხმარება მიმღებს კომუნიკაციის მნიშვნელობის დადგენაში და რომ არც ერთი მედიუმი არ არის ნეიტრალური. მარშალ მაკლიუენს ეკუთვნის მედიის ტიპოლოგიური დაყოფა „ცხელ“ და „ცივ“ მედიად. მაკლიუენის ყველაზე მნიშვნელოვან ანალიტიკურ ნაშრომად მიიჩნევა „გუტენბერგის გალაქტიკა: ტიპოგრაფიული კაცის შექმნა“ (1962), რომელშიც მან გამოიკვლია ბეჭდური სიტყვის გავლენა ცივილიზაციაზე.მაკლიუენიზმი, მაკლუჰანიზმი. ეს არის მოძღვრება მედიის შესახებ, რომელიც ეყრდნობა და აერთიანებს ცნობილი კანადელი ლინგვისტისა და მედიამკვლევრის, მარშალ მაკლიუენის შეხედულებებს მედიაზე. 1960-იანი წლების დამლევიდან მედიანალიზის პატრიარქად კანადელი პროფესორი, ტორონტოს მედიაკვლევების ცენტრის დამფუძნებელი მარშალ მაკლიუენი (1911-1980) მიიჩნევა. ის ადამიანებიც კი, რომლებსაც მაკლიუენის ფუნდამენტური ნაშრომები არ წაუკითხავთ, იცნობენ მის ფრთიან გამონათქვამებს მედიისა და ჟურნალისტიკის შესახებ. მათ შორის ყველაზე ცნობილი და ხშირად გამოყენებული ციტატაა მაკლიუენის ფომულა, რომელიც ტექნოლოგიური დეტერმინიზმის თეორიას დაედო საფუძვლად: „The medium is the message”. მაკლიუენმა იგი თავისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაშრომის „Understanding the Media” (UK: Routledge & Kegan Paul, 1964; Routledge, 2002) პირველი თავის ერთი ნაწილის სათაურად გამოიყენა. „მედიუმი თავად არის შეტყობინება“ - ამ ფრაზით მაკლიუენმა გამოხატა მყარი რწმენა, რომ მედიუმის ბუნება თავად არის კონკრეტული არსის მატარებელი, რომ თქმული მთლიანად არის განპირობებული იმ მედიუმის, იმ საშუალების მიერ, რომელშიც და რომლის მეშვეობითაც იგი ითქვა. მაკლიუენის სწამდა, რომ მედიუმის კონკრეტული ატრიბუტები ეხმარება მიმღებს კომუნიკაციის მნიშვნელობის დადგენაში და რომ არც ერთი მედიუმი არ არის ნეიტრალური. მარშალ მაკლიუენს ეკუთვნის მედიის ტიპოლოგიური დაყოფა „ცხელ“ და „ცივ“ მედიად. მაკლიუენის ყველაზე მნიშვნელოვან ანალიტიკურ ნაშრომად მიიჩნევა „გუტენბერგის გალაქტიკა: ტიპოგრაფიული კაცის შექმნა“ (1962), რომელშიც მან გამოიკვლია ბეჭდური სიტყვის გავლენა ცივილიზაციაზე.
-
- McQuail's Accountability of Media Model, 1997
- — მედიის ანგარიშვალდებულების მაკქუეილისეული მოდელი, 1997. დენის მაკქუეილის ეს მოდელი გულისხმობს მედიის ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე. საზოგადოება მაკქუეილისთვის წარმოადგენს ამომრჩევლების, მოქალაქეებისა და მომხმარებლების ნაერთ სიმრავლეს.
-
- Mean World Syndrome
- — ავბედითი სამყაროს სინდრომი. ამერიკელი მედიაანალიტიკოსი ჯორჯ გერბნერი ამტკიცებს, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი უყურებს ტელევიზორს, მით უფრო მეტს სჯერა, რომ მისი ოთახის მიღმა არსებული სამყარო ავბედითი და საშიშია. კონტენტანალიზის მეთოდით გერბნერმა უჩვენა, რომ ტელეეკრანზე დანაშაული და ძალადობა ათჯერ უფრო მეტად ხდება, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში, ტელევიზორის "მიჯაჭვული" მაყურებლები გადაჭარბებით აფასებენ ძალადობის სტატისტიკურ შანსს თავიანთ ცხოვრებაში და ამიტომ მომეტებული უნდობლობით ეკიდებიან უცხოებს.
-
- mean-spirited
- —
საზიზღარი, ბილწი, მდაბალი;
ძუნწი, წუწურაქი
-
- Meaning
- — მნიშვნელობა. კომუნიკატივისტიკაში მნიშვნელობა არის დინამიკური ინტერაქცია შეტყობინებასა და მის მიმღებს შორის. თითეული ნიშნის მნიშვნელობა დიდად არის დამოკიდებული იმ სოციალურ-პოლიტიკურ კონტექსტზე, რომელშიც იგი წარმოითქმება და მიიRება, მისი გამგზავნის სოციალურ და კულტურულ გამოცდილებაზე და თავად შეტყობინების თანრიგზე: დენოტაციურიa იგი თუ კონოტაციური (იხილეთ საიტზე: Denotation, Connotation).
-
- Media Control
- — მედიის კონტროლი, კონტროლი მედიაზე. არსებობს კონტროლის ოთხი სახეობა: ავტორიტარული, პატერნალური, კომერციული და დემოკრატიული. პირველი მათგანი აღნიშნავს ტოტალურ კონტროლს ინფორმაციისა და კომუნიკაციის ყველა საშუალებაზე და ყველაფერზე, რაც გამოითქმის და გამოიხატება; კონტროლის მეორე ტიპს მკვლევრები ახასიათებენ როგორც "ავტორიტარიზმს ცნობიერებაში", როცა კონტროლი გარკვეული ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიზნით ხორციელდება; კომერციული კონტროლი გულისხმობს კონტროლს საბაზრო ძალების მხრიდან. დემოკრატიული კონტროლი მედიაზე მოიცავს აქტიურ ჩართულობას აუდიტორიის მხრიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
-
- Media Images
- — მედიური ხატები და სახეები. ე.წ."ჭეშმარიტებები" და "სტერეოტიპები", რომლებითაც მედია ოპერირებს საზოგადოების კონტურებისა და ნიშან-თვისებების წარმოჩენისას.
-
- Media Moguls
- — მედიამაგნატები. გავლენიანი ადამიანები, რომლებიც ფლობენ და აკონტროლებენ ტრანსნაციონალურ მედიაორგანიზაციებს.
-
- Media Species
- — მედიარეკლამის სანიმუშე ჯგუფი. აუდიტორიის კლასიფიკაცია მათი რეკლამისადმი დამოკიდებულების მიხედვით.
-
- Media-culturalist perspective
- — მედიაკულტურალისტური ხედვა, პერსპექტივა. მედიასა და საზოგადოებას შორის ურთიერთმიმართებების თეორიების ერთ-ერთი განზომილება და ტიპი. მედიაკულტურალისტური პერსპექტივა უპირველეს მნიშვნელობას ანიჭებს მედიის შინაარსსა და ფორმას, მედიური შეტყობინებების სუბიექტურ მიღებასა და აღქმას, რომლებზეც, უპირველეს ყოვლისა, მიმღების უშუალო პერსონალური გარემო ახდენს გავლენას.
-
- Media-materialist perspective
- — მედიამატერიალისტური პერსპექტივა, ხედვა, მიდგომა. მედიასა და საზოგადოებას შორის ურთიერთმიმართებების თეორიების ერთ-ერთი განზომილება და ტიპი. მედიამატერიალისტური მიდგომა აქცენტს აკეთებს მედიის ორგანიზაციულ, ფინანსურ და ტექნოლოგიურ ასპექტებზე.
-
- Media-Society Theory
- — თეორია მედიისა და საზოგადოების ურთიერთმიმართებების შესახებ. ამ ტიპის თეორიები შემდეგ მიმართულებებს მოიცავენ: 1) ურთიერთობებს მედიასა და სხვა სოციალურ ინსტიტუციებს შორის, რომლებსაც შეხება აქვთ იმ სფეროებთან, რომლებშიც მედიასაშუალებები ავტონომიურები არიან; 2) ფოკუსს მედიაინსტიტუციებსა და ორგანიზაციებზე, როგორ ართმევენ ისინი თავს არჩეულ (დასახულ) და მოცემულ ამოცანებს ცვალებადი ტექნოლოგიებისა და რესურსებისა და მხარდაჭერისთვის გაჩაღებული კონკურენციის პირობებში; 3) ფოკუსს აუდიტორიის ხედვებსა და საჭიროებებზე,მათ მიერ მედიის გამოყენების შედეგებზე სოციალური გამოცდილების შეძენის მიზნით. ეს კლასიფიკაცია ეკუთვნის დენის მაკქუეილს (2005).
-
- Mediasphere
- — მედიასფერო. ტერმინი შემოიღო და განმარტა ბრიტანელმა კომუნიკაციათმცოდნემ, ჯონ ჰარტლიმ (1996). იგი აღნიშნავს მედიის ადგილსა და გავლენას საჯარო სფეროსთან მიმართებაში. თავის წიგნში "პოპულარული რეალობა: ჟურნალისტიკა, მოდერნულობა და პოპულარული კულტურა" (1996) ჰარტლი იყენებს 1990 წელს ამერიკელი მედიის სოციოლოგის იური ლოტმანის მიერ შემოღებულ ტერმინსაც, სემიოსფეროს, როგორც კულტურული გამოხატვისა და კულტურული მნიშვნელობების სფეროს, რომელიც მოიცავს ინტერაქციის მუდმივ პროცესს საჯარო სფეროსა და მედიასფეროს შორის.
-
- Mediation
- — მედიაცია, გაშუალება. შერჩევის, დაწერის, გადაღების, ჩაწერის, რედაქტირების, ანუ ინტერპრეტაციის პროცესი, რომელიც ხდება მოვლენასა და მისი აუდიტორიამდე მიტანის შუალედში.
-
- Mediation Concept
- — მედიაციის ცნება. მედიაცია არის სოციალური რეალობის გაშუალებული ასახვა. მედიაცია აღნიშნავს იმ მოვლენებისა და გარემოებების გაშუალებულ (მეორე ან მესამე მხარის მიერ) ვერსიებს, რომლებიც ჩვენი თვალით არ გვინახავს. მეორეს მხრივ, მედიაცია აღნიშნავს იმ აქტორებისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების ძალისხმევას, რომლებიც კონტაქტს ჩვენთან, როგორც კომუნიკაციის პროცესის პროდუქტის მიმღებებთან, თავიანთი მიზნებიდან გამომდინარე ამყარებენ. მედიაცია გულისხმობს იმპერსონალურ და შედარებით სუსტ ურთიერთობებს, რადგანაც მასმედიას, მიუხედავად გავლენისა, არ შეუძლია მთელი იმ საინფორმაციო მასივის მონოპოლიზება, რომელსაც ადამიანები თავიანთი ფართო სოციალური გარემოდან და პერსონალიზებული ურთიერთობებიდან იღებენ. მკვლევრები მედიაციური ინტერაქციის ერთ-ერთ ნაირსახეობად "მედირებულ, გაშუალებულ კვაზიინტერაქციას" ასახელებენ. "მედირებული კვაზიინტერაქცია" თავისი ბუნებით მიმართულია პოტენციური მიმღებების განუსაზღვრელ სპექტრზე და მონოლოგურია; კომუნიკაცია ერთი მიმართულებით ხორციელდება და არ მოითხოვს დაუყოვნებლივ, უშუალო უკუკავშირს, გამოხმაურებას მიმღების მხრიდან. (McQuail, D., McQuail's Mass Communication Theory. UK: SAGE, 2005)
-
- Mediation Metaphor
- — მედიაციის მეტაფორა. მედიაცია მრავალი მნიშვნელობით გამოიყენება, დაწყებული დაწყებული ნეიტრალური ინფორმაციის გადაცემით, დამთავრებული მანიპულაციისა და კონტროლის მცდელობით მედიატორის, შეტყობინების გამგზავნის მხრიდან. მედიაცია სხვადასხვა ბუნებას იძენს და განსხვავებულ როლებს ირგებს, როცა იგი შეეხება მედიის ჩარევას ჩვენსა და რეალობას შორის. ბრიტანელი კომუნიკაციათმცოდნე დენის მაკქუეილი გამოჰყოფს მედიაციის როლის შემდეგნაირ აღქმას: სარკმელი, სარკე, ფილტრი, გზამკვლევი, ფორუმი, ინტერლოკუტორი (McQuail's Mass Communication Theory. UK: SAGE, 2005). იხილეთ Mediation Concept
-
- Medio Communication
- — მედიოკომუნიკაცია. გაშუალებული კომუნიკაცია. ტერმინი აღწერს ინტერპერსონალურ კომუნიკაციას, რომელიც გაშუალებულია რაიმე ტექნიკური მოწყობილობით (წერილით, ელექტრონული ფოსტით ან ტელეფონით). გამორიცხავს პირისპირ კომუნიკაციას. ტერმინის პირველი კომპოზიტი "მედიო" ლათინური ძირის მქონეა, აღნიშნავს თვის შუა რიცხვს, 15-ს.
-
- Medium
- — მედიუმი, საშუალება. ფიზიკური ან ტექნიკური საშუალებები, რომლებშიც კომუნიკაციური შეტყობინება გარდაიქმნება სიგნალად, რომლის გადაცემაც შესაძლებელია ამა თუ იმ არხის, გამტარის მეშვეობით. მაგალითად, ტელევიზია არის მედიუმი, რომელიც იყენებს ხედვისა და ბგერის არხებს. ჯონ ფისკემ ნაშრომში “Introduction to Communication Studies” (UK: Methuen, 1982) მედიუმები სამ კატეგორიად დაჰყო: (1) პრეზენტაციული მედიუმი: ხმა, სახე, სხეული, ზეპირი სიტყვა, ჟესტი; პრეზენტაციული მედიუმის შემთხვევაში მედიუმი თვითონ არის კომუნიკატორი; (2) რეპრეზენტაციული მედიუმი: წიგნი, გაზეთი, ჟურნალი, მხატვრობა, ფოტოგრაფია და ასე შემდეგ; მედიუმის ეს სახეობა იყენებს კულტურული და ესთეტიკური შეთანხმებების კოდებს განსაზღვრული ტიპის „ტექსტის“ შესაქმნელად; ამ კატეგორიაში მედიუმი კომუნიკატორისგან დამოუკიდებლად არსებობს მას შემდეგ, რაც იგი კომუნიკაციის პროდუქტად, ნივთად იქცევა (შეადარეთ: პრეზენტაციული მედიუმი წარმოადგენს კომუნიკაციის აქტს); (3) მექანიკური მედიუმი: ტელეფონი, რადიო, ტელევიზია, ფილმი და ასე შემდეგ. ინტერნეტი წარმოადგენს კონვერგენციულ მედიუმს, რომელიც სამივე კატეგორიის მედიუმის მახასიათებლებს აერთიანებს თავის თავში. მედიუმის მახასიათებლები, მისი ნიშან-თვისებები განსაზღვრავს იმ კოდების სპექტრს, რომლის გადაცემაც მას შეუძლია და ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შეტყობინების ბუნებასა და მის მიმღებზე.
-
- Medium variables
- — მედიუმის ცვლადები. ტერმინს შეხვდებით მედიური კვლევების ტექნიკისადმი მიძღვნილ წყაროებში. იგი აღნიშნავს მედიაშინაარსის იმ ასპექტებს, რომლებიც უნიკალურია ამა თუ იმ საკვლევი მედიუმისთვის.
-
- meet (someones) demands, commands, commitments
- — (ვინმეს) მოთხოვნებების, ბრძანებების, დადგენილებების დაკმაყოფილება; მათთან შესაბამისობაში მოსვლა; მათი შესრულება
-
- meeting of minds
- — პოზიციების დამთხვევა
-
- member-state (member-country)
- — წევრი-სახელმწიფო [წევრი-ქვეყანა]
-
- mend fences
- — პოლიტ. მეგობრული ურთიერთობების დამყარება, ხიდის გადება, საერთო ენის გამონახვა
-
- mental affection
- — ფსიქიკური დაავადება, ფსიხოზი
-
- merit-based pay\scholarship
- — შედეგების, მიღწევების საფუძველზე დაწესებული ანაზღაურება, დაფინანსება ან სტიპენდია
-
- merry-go-round voting
- — საარჩევნო კარუსელი
-
- mess with
- — (ვინმესთან რამე საქმეში) გარევა, ჩართვა
-
- Message
- — შეტყობინება. ის, რასაც შეეხება კომუნიკაციის აქტი თუ კომუნიკაციის პროდუქტი, ნივთი, ანუ ის, რასაც კომუნიკატორი გადასცემს მიმღებს გარკვეული არხის გამოყენებით. განსაზღვრებისა და ანალიზის მიზნით ხანდახან საჭირო ხდება შეტყობინების გამოცალკევება კომუნიკაციის პროცესისგან, მაგრამ შეტყობინების მნიშვნელობის მრავალმხრივი და ამომწურავი ანალიზი შესაძლებელია მხოლოდ კომუნიკაციის პროცესის ყველა სხვა ელემენტის კონტექსტში, რომლებიც ურთიერთდაკავშირებულნი არიან და ერთმანეთზე ზემოქმედებენ. მნიშვნელოვანია განსხვავების გამოკვეთა საკუთრივ შეტყობინებასა და იმ სიგნალს შორის, რომელიც ამ შეტყობინებას ატარებს. საკითხი, შესაძლოა, ასე დაისვას: თუ ნიშანი არის სიგნალი, მაშ რაღაა მისი შეტყობინება? პასუხი ამ შეკითხვაზე მრავალ ფაქტორზეა დამიკიდებული - ვინ იძლევა ნიშანს? ვის აძლევს და რა კონტექსტში ხდება ნიშნის მიცემა? წარმოვიდგინოთ: თუკი შეტყობინება-სიგნალები ვიზუალური ან აურალური კოდების ფორმით იგზავნება, შესაძლებელია, სიგნალი ზუსტად აღიქვას მიმღებმა, მაგრამ სიგნალის არსი, ანუ შეტყობინება, შეიძლება, ვერ იქნას აღქმული სწორად, ანუ იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობასაც გამგზავნმა ჩადო მასში. მაგალითად, ორაზროვანი ღიმილი, შეიძლება, წარმოადგენდეს სიგნალს, რომელიც იმავდროულად შეტყობინების მატარებელია, მაგრამ მიმღებმა ვერ გაიგოს იგი და მცდარი, არაადეკვატური უკუკავშირი დაამყაროს გამგზავნთან.შესაძლოა, შეტყობინებამ დაჰკარგოს თავისი თავდაპირველი, საწყისი ფორმა ან მიზანი, ვიდრე იგი კომუნიკატორიდან მიმღებამდე მიაღწევდეს - მასზე გავლენას იმ მედიუმის ბუნება მოახდენს, რომლითაც იგი გადაიცემა. კომუნიკატორთან მიმართებაში, შეტყობინების მიმღები შეიძლება, იყოს ახლოს ან მისგან გარკვეულ დისტანციაზე იმყოფებოდეს. თუკი შეტყობინება ვრცელდება ინტრაპერსონალური კომუნიკაციის ფორმატში, მაშინ კომუნიკატორი და მიმღები ერთი და იგივე პიროვნებაა (მაგალითად, ლაპარაკი საკუთარ თავთან). როგორც სიგნალს, ისე შეტყობინებას, შეიძლება თან ახლდეს, თან სდევდეს ხმაური, მასში ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ჩარევა, რომელიც მის მნიშვნელობაზე ახდენს გავლენას. შეტყობინება, შეიძლება, აღძრავდეს უკუკავშირს, რომლის შედეგადაც ხდება შეტყობინების მოდიფიცირება, იქმნება ახალი საკომუნიკაციო სიტუაცია, ახალი სიგნალები და შეტყობინებები.შესაძლებელია, რომ გაგზავნილი შეტყობინება განსხვავდებოდეს მიღებული შეტყობინებისგან. მაშინაც კი, როცა ჩვენ გვგონია, რომ კომუნიკაციას მხოლოდ ერთი შეტყობინებით ვამყარებთ, სრულიად არაგაცნობიერებულად, მას შეიძლება მრავალი სხვადასხვა ტიპის შეტყობინება-სიგნალი ახლდეს თან. მაგალითად, ზეპირ სიტყვიერ ფრაზას თან ახლდეს ჟესტი, გრიმასა, ხმის ტონალობა, რომლებიც ან აძლიერებენ სიტყვების, შესაბამისად, შეტყობინების მნიშვნელობას, ან ანელებდნენ მას.შეტყობინების შინაარსის აღქმა და მისი ეფექტურობა დამოკიდებულია: 1. კომუნიკატორი რედუნდანტულ ლექსიკას იყენებს თუ ენტროპიულს? 2. რამდენად იცნობს მიმღები იმ კონვენციურ კოდებს, რომელსაც კომუნიკატორი იყენებს? 3. რამდენი წყარო ან გამტარი გამოიარა შეტყობინებამ საბოლოო მიმღებამდე მიღწევის პროცესში? 4.რამდენად მსგავსი და განსხვავებულია კომუნიკატორისა და მიმღების სოციალური გარემო? 5. როგორია მიმღების დამოკიდებულებები, აღქმა, ცოდნა, წინასწარი განწყობა?
-
- Metamessage
- — მეტაშეტყობინება. არსებითი შეტყობინება კომუნიკაციურ აქტში, რომელიც იგულისხმება. იგი შეიძლება განსხვავდებოდეს ზედაპირზე მდებარე შეტყობინებისგან. როგორც წესი, მეტაშეტყობინება უფრო ხშირად არავერბალურად გამოიხატება. მეტაშეტყობინება თავის თავში ატარებს ინფორმაციას როგორც ინტერაქციის საკითხის შესახებ, ისე ინტერაქციაში მყოფი ადამიანების ურთიერთდამოკიდებულების შესახებ. მაგალითად, მიმართვა "ხომ არ დაგეხმაროთ?" თანამდებობრივად რანგით მაღალი ადამიანის მიმართ შეიძლება ინტერპრეტირებულ იქნას როგორც შეტყობინება მისი არაკომპეტენტურობის შესახებ, როცა სხვა შემთხვევაში იგი შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ მეგობრობის ან კეთილგანწყობის გამომხატველ ჟესტს.
-
- Metaphor
- — მეტაფორა. მეტყველებითი ან ვიზუალური ინსტრუმენტის გამოხატულება, რომლის ფუნქცია არის განსაზღვრულინიშან-თვისებების რეალობის ერთი შრიდან მეორე შრეში გადატანა. ჯეიმზ უოტსონისა და ენ ჰილის (2003) განსაზღვრებით, „მეტაფორა არ არის მხოლოდ გამომსახველობითი საშუალება, არამედ იგი არის ენის ფუნქციის - როგორც რეალობის ამსახველისა და განმსაზღვრელის - შემადგენელი ნაწილი. მეტაფორა ერთ-ერთი ცენტრალური ცნებაა მედიის მიერ რეალობის განსაზღვრების, დაჩარჩოების, დისკურსის სტრუქტურირების, იერარქიების გაძლიერებისა და დასუსტების, მათიშენებისა და დაშლის, ჰეგემონიის მსახურებისა თუ მისი დანგრევის თვალსაზრისით.“
-
- Metasignal
- — მეტასიგნალი. სიგნალი, რომელიც განმარტავს ერთ ან სიგნალების მთელს წყებას; სიგნალი, რომელიც კომუნიკაციის დროს გაცვლილი სიგნალების ზუსტ მნიშვნელობას წარმოგვიჩენს. მაგალითად, ღიმილი მოჩხუბართა სახეებზე გვიჩვენებს, რომ მათი ჩხუბი ნამდვილი არ არის.
-
- mete out punishment
- — სასჯელის განსაზღვრა, დაკისრება
-
- mete out punishment to smb
- — სასჯელის განსაზღვრა
-
- Metonymy
- — მეტონიმია. ერთი სიტყვის, ერთი მნიშვნელობის მეორეთი შეცვლა, მათი მომიჯნავეობის საფუძველზე.
-
- Micro-myth, macro-myth
- — მიკრომითი, მაკრომითი. ფილიპ შლეზინგერმა წიგნში Putting 'Reality' Together. BBC News (UK: Constable, 1978; Methuen/University Paperback, 1987) მიკრომითისა და მაკრომითის მაგალითად გამოიყენა ის მითად ქცეული შეხედულებები, რითაც კვებავენ მათ, ვინც ბი-ბი-სი-ში მუშაობს. მიკრომითის მაგალითად მან მოიყვანა შეხედულება, რომ სარედაქციო კოლექტივს ორგანიზაციის შიგნით ავტონომია აქვს მინიჭებული, ხოლო მაკრომითად - შეხედულება, რომ ბი-ბი-სი სოციალურად ხელშეუხებელი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა.
-
- Milieu
- — გარემოცვა, გარემო, გარემოება. ჯგუფისა და ინდივიდუუმის სოციალური და კულტურული გარემო.
-
- military planner
- — სამხედრო სტრატეგი
-
- military tactic
- — სამხედრო ტაქტიკა
-
- military units
- — სამხედრო ნაწილები, დანაყოფები
-
- milk it for all the worth
- — ბოლომდე გამოწველა, გამოწურვა
-
- mill around
- — ტრიალი, ფუსფუსი
-
- Milton's Paradox
- — მილტონის პარადოქსი. წარმოდგება ცნობილი ინგლისელი პოეტის ჯონ მილტონის (1608-74) სახელიდან, რომელიც, ერთის მხრივ, ცხარედ ექომაგებოდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ხოლო მეორეს მხრივ, თავისი საქმიანობით ეწინააღმდეგებოდა თავისსავე რწმენას: ინტერრეგნუმის, მეფობათშორის პერიოდში იგი ოფიციალური ცენზორის თანამდებობას იკავებდა. მკვლევრები ეკატერინა ოგნიანოვა და ბაირონ სკოტი (1997) მილტონის პარადოქსს განსაზღვრავენ როგორც კონფლიქტს ზოგად რწმენასა და კონკრეტულ ქცევას შორის, ცნებებსა და პრაქტიკას შორის, როცა საკითხი თავისუფლების ნებადართულობას და თავისუფლების ხარისხს შეეხება.
-
- Mimetic Plane
- — მიმეტიკური პლანი. ნარატივში, თხრობაში მიმეტიკური ეწოდება პლანს, რომელშიც ხორციელდება ნარატივის ერთეულების (მოქმედების, გმირის, კვანძის შეკვრისა და გახსნის, მოხსენიებული და გამოყენებული ცოდნის, ემპირიკის, სიმბოლოს) წარმოჩენა.
-
- mind-bending
- —
ის, რაც ცნობიერების მდგომარეობას ცვლის; ფსიქოდელიური, ჰალუციოგენური;
რთულად გასაგები, ზედმეტად ჭკვიანური; გამაოგნებელი, დაუჯერებელი, წარმოუდგენელი
-
- minority group
- — უმცირესობათა ჯგუფები
-
- Miracle of Fleet Street
- — ფლიტ სტრიტის საოცრება. ფლიტ სტრიტის თქმულება. მაღალტირაჟიანი და პოპულარული გაზეთი სარეკლამო შემოსავლების გარეშე. ამ ტერმინით ლორდმა ნორთკლიფმა აღწერა შემთხვევა, როცა რადიკალური გაზეთი, მიუხედავად მაღალი ტირაჟისა, ვერ იღებს რეკლამას, რაც, ერთი მხრივ, აიხსნება მისი[ მემარცხენე] ორიენტაციით, ხოლო მეორეს, მხრივ ხისტად გაშუქებული პოლიტიკური თემებით, რომლებიც მხოლოდ კაცი მკითხველების ყურადღებას იპყრობს. ლორდ ნორთკლიფის "დეილი ჰერალდი" სწორედ ამგვარი "საოცრების" მსხვერპლი იყო: მიუხედავად იმისა, რომ იგი იყო ერთადერთი გაზეთი, რომელიც ერთპენსიანი გაზეთების სამყაროში ორ პენსად იყიდებოდა, შემოსავალი რეკლამიდან თითქმის არ გააჩნდა.
-
- Mirror Metaphor of Mediation
- — მედიაციის სარკისეული მეტაფორა. იგი აღნიშნავს გარემო საზოგადოებასა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების სავარაუდოდ სწორ ანარეკლს (თუმცა შესაძლებელია ჩარევა სხვების მხრიდან და/ან გამოსახულების, ანარეკლის დამახინჯება), მიუხედავად იმისა, რომ სარკის ხედვის, არეკვლის კუთხესა და მიმართულებას სხვები განსაზღვრავენ და ჩვენ არ გვაქვს თავისუფლება, დავინახოთ ის, რისი დანახვაც გვსურს. (McQuail, D., McQuali's Mass Communication Theory. UK: SAGE, 2005)
-
- Misinformed society
- — დეზინფორმირებული საზოგადოება. ტერმინი ეკუთვნის მედიის სოციოლოგს პიტერ გოლდინგს (1994), რომელიც ნაშრომში Telling Stories: Sociology, Journalism and Informed Citizen ამტკიცებს, რომ კომუნიკაციის საშუალებათა ზრდის კვალად ე.წ. ინფორმაციული საზოგადოება მითად იქცევა. გავლენიანი ჯგუფებისა და ძალების მიერ მედიის დღის წერიგით მანიპულირება, გოლდინგის აზრით, კლავს დემოკრატიას. გოლდინგი აფრთხილებს საზოგადოებას, რომ ტელევიზიების მიერ რეიტინგებზე გამოდევნების შეპყრობილობა გარიყავს და საბოლოოდ მაყურებლის მხედველობის არედან განდევნის სერიოზულ საინფორმაციო პროგრამებს, რაც უარყოფითად იმოქმედებს მაუწყებლობის სიფართოვესა და მრავალფეროვნებაზე, შედეგად კი თვალებზე ხელაფარებულ საზოგადოებას მივიღებთ, რომელიც მხოლოდ იმას დაინახავს, რის დანახებასაც მისთვის მედიის მესაკუთრეები მოინდომებენ.
-
- misleading
- — შეცდომაში შემყვანი, მომატყუებელი, დამაბნეველი
-
- miss out (on)
- —
ხელიდან გაშვება, დაკარგვა (შანსისა, შესაძლებლობისა);
(ვიღაცისთვის) ყურადღების არმიქცევა
-
- Mitchell, Lincoln A.
- — ლინკოლნ მიტჩელი
-
- Mix, mixing
- — მიქსი, მიქსინგი. ფილმწარმოებაში მიქსი ეწოდება ერთი კადრიდან მეორეზე თანდათანობით გადასვლას, როცა პირველი კარდი მეორეში ითქვიფება.
-
- Mobile Advertising
- — სატრანსპორტო საშუალებებზე განთავსებული რეკლამა
-
- Mobilization
- — მობილიზაცია, მობილიზება. მედიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისება და უნარი, მოახდინოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზაცია, რომელიც გამოიხატება სიმპათია-მხარდაჭერისა და შეშფოთების აღძვრაში კონკრეტული საკითხების მიმართ დროის იმ მონაკვეთში, როცა ან თავად საზოგადოება იწყებს მოქმედებას, ან ხელისუფლებაში მყოფი პირები. მედიის მიერ მობილიზაციის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს ის როლი, რომელსაც მედია თამაშობს ერის, საზოგადოების ომისთვის მომზადებაში. ამ შემთხვევაში, როგორც წერს ბრიტანელი კომუნიკაციათმცოდნე ჯეიმს უოტსონი (2003), მედია მრავალფუნქციური ინსტრუმენტი ხდება: იგი საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას არსებული ვითარების შესახებ, იცავს და ამტკიცებს მოქმედების საჭიროებას და, როცა ქმედებები უკვე მიმდინარე პროცესად იქცევა, მედია გადმოსცემს და აღწერს ამ პროცესებს, როგორც წესი, მკაცრად მიკერძოებული პოზიციიდან. მედიის ამგვარ როლს პროპაგანდისტული როლი ეწოდება. თუმცა, 21-ე საუკუნეში ტერმინს ალტერნატიული განმარტება გამოუჩნდა, იგი გაფართოვდა და ისეთ კულტურულ ფენომენს დაუკავშირდა, როგორიც არის მობილური ტელეფონის გამოყენება. ამ შემთხვევაში ტერმინი მობილიზაცია აღნიშნავს პროცესს, რომლის მეშვეობითაც ადამიანთაშორისი კომუნიკაციები საზოგადოების ყველა დონეზე სულ უფრო და უფრო „მობილიზებული“ ხდება. მიუხედავად იმისა, რომ მკვლევრების დიდი ნაწილი მობილიზაციის ამ ნაირსახეობას პროგრესად მიიჩნევს, ზოგიერთი სწავლული ამ პროცესში კომუნიკაციის, როგორც ადამიანთა შორის მნიშვნელობის მქონე ინტერაქციის, დაკნინების ან გაქრობის საფრთხეს ხედავს. ჯორჯ მაიერსონი (George Myerson) წიგნში “ჰაიდეგერი, ჰაბერმასი და მობილური ტელეფონი“ (Heidegger, Habermas and the Mobile Phone, UK: Icon Books, 2001) წერდა: …[მობილიზებული] კომუნიკაცია სულ უფრო და უფრო ხშირად იზომება ფულით [ან ფულთან ასოცირებული მახასიათებლებით]“. მაიერსონი შიშობდა, რომ მომავალში „კომუნიკაცია ადამიანებს შორის მნიშვნელობით ფულად გაცვლას გაუთანაბრდება... იდეალური საუბარი კი საკრედიტო ბარათის ტრანსაქციის მდგომარეობამდე დაიყვანება“. მაიერსონს სჯეროდა, რომ „ჩვენი ცხოვრების სულ უფრო მეტ ნაწილს სისტემურ სივრცეებში გავატარებთ, სადაც ეფექტური და მინიმალური შეტყობინებების გაცვლა დიალოგის დინჯ პროცესს ჩაანაცვლებს“.
-
- Modality
- — მოდალურობა. ენათმეცნიერები სიტყვებს "შესაძლოა", "შესაძლებლია" განიხილავენ როგორც მოდალურ დამხმარე გამოთქმებს, რომლებიც ენის მნიშვნელობითი სისტემის ნაწილს წარმოადგენენ. მეორენაირად მოდალურ გამონათქვამებს უწოდებენ "დიახ, მაგრამ"-ს. მოდალურობით გამოიხატება კომუნიკატორის დარწმუნებულობის ხარისხი რეალობაში ან მის მიერ თქმულ "სიმართლეში".
-
- Modem
- — მოდემი. წარმოდგება სიტყვიდან მოდულატორი. ეს არის ხელსაწყო, რომელიც ანალოგიურ სიგნალებს ციფრულ სიგნალებად გარდაქმნის და პირიქით.
-
- moment of reckoning
- — დრო, როდესაც წარსულის შეცდომებზე და დანაშაულებზე პასუხი უნდა აგო
-
- money laundering
- — ფულის გათეთრება, ფულის ლეგალიზაცია
-
- Monofunctional
- — მონოფუნქციური. მედიაში ამ ტერმინით აღიწერება საქმიანობა, მოდული, რომელსაც ერთი ფუნქცია აქვს.
-
- Monotype printing
- — მონოტიპური ბეჭდვა.
-
- Monroe motivated sequence
- — მოტივაციის აღმძვრელი მონროსეული თანმიმდევრობა. ამერიკელმა პროფესორმა ალენ მონრომ წიგნში "მეტყველებითი კომუნიკაციის საფუძვლები" Principles of Speech Communication (Douglas Ehninger, Bruce E. Cronbach and A. Monroe, US: Scott, Foresman, 1984) წარმოადგინა ხუთსაფეხურიანი მოდელი, რომელიც საფუძვლად ედება საჯარო გამოსვლის, განსაკუთრებით კი დამარწმუნებელი განზრახვის მქონე, საჯარო სიტყვის აწყობას. პირველი საფეხურია აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა და შენარჩუნება რაიმე, თვალის ან ყურის წარმტაცი საშუალებით (ანეკდოტით, ხუმრობით, მიმიკური ჟესტით), მეორე საფეხურია საჭიროების აღძვრა აუდიტორიაში, რათა იგი დარწმუნდეს ამ საჯარო სიტყვის აქტუალურობაში. მესამე საფეხურად მოსდევს დაკმაყოფილების საფეხური, მეოთხედ - ვიზუალიზაცია, ხოლო მეხუთედ - ქმედება.
-
- Moral Panic
- — მორალური პანიკა. მასმედიის მიერ ისტერიული, სტილიზებული და სტერეოტიპული მანერით იმგვარი ფაქტებისა და მოვლენების რეპრეზენტაცია და გავრცელება, რომლებიც უკავშირდება გარკვეული რისკის (რეალურისა თუ ჰიპოთეტურის) მატარებელ ინდივიდუუმებსა და სოციალურ ჯგუფებს. როგორც წესი, მორალური პანიკა ინერგება მათ მიმართ, ვინც „უცხოების“ ან „სხვების“ კატეგორიაში თავსდება დომინანტური კულტურის ინტერესებისა და სოციალური ქცევის წესების თვალთახედვიდან. მორალური პანიკა იქმნება დანაშაულის მოსალოდნელი ტალღის, ეროვნული თუ კულტურული ერთობისთვის შექმნილი საფრთხის ან ჰიპოთეტური ზნეობრივი დეგრადაციის გამო.
-
- moral suasion
- — მორალური შეგონება, დარწმუნება, რჩევა-დარიგება
-
- more than any
- — ყველაზე, სხვაზე მეტად
-
- moreover
- — ამას გარდა
-
- Mores
- — ადათი, წესჩვეულება, ტრადიცია. სოციალური წესები, რომელთა დარღვევა, საზოგადოების თვალთახედვით, დაუშვებელი და მიუღებელია.
-
- morning sickness
- — ორსულთა ტოქსიკოზი, ფეხმძიმობის ადრეულ ეტაპზე გულისრევის განცდა
-
- morph into
- — (უარყოფით რამედ) გადაქცევა, ტრანსფორმირება
-
- Morpheme
- — მორფემა. უმცირესი სინტაქტიკური ერთეული.
-
- Morphing
- — ტრანსფორმაცია, მორფინგი. ფილმწარმოებაში, განსაკუთრებით საშინელებათა ფილმებში, ერთი სახის დრამატული, მკვეთრი და დამაშინებელი ცვლილება.
-
- Morse Code
- — მორზეს ანბანი. ამერიკელი მხატვრისა და სკულპტორის სემიუელ მორზეს მიერ შექმნილი ბინარული ანბანი, რომლის ძირითადი ნიშან-სიმბოლოები წერტილი და ტირეა. წერტილისა და ტირეს კომბინაცია შეესაბამება როგორც ანბანის ყოველ ასოს, ისე ციფრებს 0-დან 9-მდე და სასვენ ნიშნებს.
-
- mortar fire
- — საარტილერიო ცეცხლი, ნაღმტყოცნით გახსნილი ცეცხლი
-
- mouth-breather
- — სულელი, ბრიყვი
-
- move in
- —
შესვლა, შესახლება;
ჩარევა, (რაიმე ამბავში) მოყოლა, ჩათრევა
-
- move on
- — წინსვლა; უკეთესობისკენ სვლა
-
- move out
- — (სხვაგან) გადასვლა, (რაიმე) ადგილის მიტოვება, წასვლა
-
- MTV
- — ემ-ტი-ვი. მუსიკალური ტელევიზია. პოპულარული მუსიკის ვიდეო-სამაუწყებლო სამსახური. "ვიაკომის" მედიაიმპერიის ნაწილი.
-
- Multi-actuality
- — მრავალმნიშვნელოვნება. ტერმინი აღნიშნავს საკომუნიკაციო ნიშნების განსხავებულ ინტერპრეტაციას კონტექსტიდან გამომდინარე.
-
- Multiplier Effect
- — მამარავლის ეფექტი. აღნიშნავს ეფექტს, რომელიც თან სდევს კულტურის ექსპორტს. სადაც ხდება კულტურის, როგორც საქონლის, ექსპორტი - ძირითადად, ფილმებისა და სატელევიზიო პროგრამების სახით - იქ ბაზარი სხვა საქონლებისთვისაც იხსნება.
-
- municipal election
- — მუნიციპალური (ადგილობრივი) არჩევნები
-
- Murdoch Effect
- — მერდოკის ეფექტი. ტერმინი უკავშირდება ცნობილი მედიამაგნატის, რუპერტ მერდოკის, სახელს და აღნიშნავს ჟურნალისტიკისა და ფულის კავშირს.
-
- muscle cars
- — ძლიერი ძრავის მქონე მანქანა
-
- mushroom-shaped
- — სოკოს ფორმის
-
- Myth
- — მითი. საკომუნიკაციო პროცესის ანალიტიკოსები მითს განიხილავენ როგორც რეალური რაობის ინტერპრეტაციას,მის გამართლებას, დადასტურებას, "რეალობის ქარტიას" (ბრონისლავ მალინოვსკი). კლოდ ლევი-სტროსისთვის მითი არის საშუალება შეუსაბამობებისგან და კონფლიქტებისგან თავის დასაღწევად. ფრანგი ფილოსოფოსისთვის, როლან ბარტისთვის (1915-1980) მითი არის სიგნიფიკაციის, მნიშვნელობის მინიჭების მეორე თანრიგი, კონოტაცია, რომელსაც ძალიან სპეციფიკური ამოცანა აქვს: არა მხოლოდ შეცვალოს რეალობა, არამედ იქცეს გარკვეულ ალიბიდ.