თეზაურუსიb

Balanced Programming

დაბალანსებული პროგრამირება, დაბალანსებული სამაუწყებლო ბადე. ტერმინი პირველად 1962 წელს პილკინგტონის ანგარიშში (დიდი ბრიტანეთი) გამოჩნდა. მასში მითითებულია სამი კრიტერიუმი, რომელთა დაცვაც ქმნის ბალანსს სატელევიზიო პროგრამებში. პილკინგტონის ანგარიშში ნათქვამია, რომ პროგრამირებაში ბალანსი მიღწეული იქნება იმ შემთხვევაში, თუ: ა)სატელევიზიო არხები უზრუნველყოფენ გასაშუქებელი საკითხების შესაძლებლად ფართო სპექტრს; ბ) მოხდება ამ სპექტრის თითოეული საკითხის, თემის სრული რეპრეზენტაცია/ასახვა; გ) არხის სამაუწყებლო ბადე არ დაუშვებს დისბალანსს განსაზღვრული ტიპის პოპულარული პროგრამების უპირატეს დროით მონაკვეთში (ე.წ. პრაიმტაიმში) გაშვებით სხვა გადაცემებისა და პროგრამების დაკნინებისა და დაჩაგვრის ხარჯზე. თუმცა ცნება ბალანსს უფრო საკამათო მნიშვნელობა და კონოტაცია პოლიტიკური თვალსაზრისიდან გამომდინარე აქვს. მეცნიერების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში "ბალანსის" ზუსტი, შეთანხმებული განმარტება და მისი დასაცავი, უზრუნველმყოფი კრიტერიუმები თითქმის არ არსებობს და ხშირად სიტუაცია პარადოქსული ხდება. ბრიტანელი მედიამკვლევარი ჯეიმს უოტსონი საკითხს ასე აყენებს: "თუ, მაგალითად, ერთი პროგრამა ნეგატიური, პრობლემური კუთხით უჩვენებს ამაზონის ხელუხლებელი ტყეების გაჩეხვას, რა უნდა გააკეთოს სატელევიზიო არხმა ბალანსის დასაცავად? გაუშვას სიუჟეტები, რომლებშიც ტყეების გაჩეხვა მოწონებული იქნება?". მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით, დაბალანსებული პროგრამირება სარედაქციო პოლიტიკის საკითხია, იგი უჩვენებს მედიასაშუალების ნებას, ჰქონდეს რეფლექსია სოციალური რეალობის სხვადასხვა საკითხისა და თემის შესახებ.

კომენტარები: