ორგანიზაციაb

Basler Zeitung

“ბაზლერ ცაიტუნგი” (გერმ. - “ბაზელის გაზეთი”) შვეიცარიული გაზეთია, რომელიც 1977 წელს დაარსდა ორი გამოცემის - მემარცხენე ლიბერალური National-Zeitung-ისა და ბურჟუაზიულ-კონსერვატიული Basler Nachrichten-ის გაერთიანების შედეგად. პოლიტიკური შეხედულებებითაც “ბაზლერ ცაიტუნგი” ამ ორი გაზეთის შერწყმულ ვარიანტად ჩამოყალიბდა და ის ყოველთვის ზომიერ და ობიექტურ გამოცემად მიიჩნეოდა. გაზეთი ყოველდღიურად გამოდის შვეიცარიის ქალაქ ბაზელში. ის მხოლოდ გერმანულ ენაზე გამოიცემა.

“ბაზლერ ცაიტუნგი” შედგება ოთხი ნაწილისგან: პირველ ნაწილში მიმოიხილება მსოფლიო და რეგიონული პოლიტიკა, მეორე ნაწილში _ ეკონომიკა და სპორტი, მესამეში _ რეგიონის აქტუალური თემები, ხოლო მეოთხე ნაწილი კი კულტურას ეთმობა. გაზეთს დამატებებიც აქვს: ორშაბათობით Basler Zeitung-თან ერთად გამოდის დამატება განათლების შესახებ, სამშაბათს - მოგზაურობის შესახებ, ხოლო ხუთშაბათის დამატება ავტომობილებს ეძღვნება.

ჩვეულებრივ, შვეიცარიაში გაზეთები არ ეკუთვნიან რომელიმე პოლიტიკურ პარტიას და, შესაბამისად, არც ფინანსდებიან მათ მიერ. არჩევნებამდე და კენჭისყრამდე პოლიტიკური პარტიები მედიაში რეკლამას თანაბარი პირობებით ათავსებენ. ჟურნალისტებს შეიძლება ჰქონდეთ საკუთარი სიმპათიები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მიმართ, მაგრამ იმავდროულად ვალდებულნი არიან, შეინარჩუნონ ობიექტურობა. მაგრამ 2010 წელი შვეიცარული პრესისთვის მძიმე აღმოჩნდა. საგამომცემლო სახლებმა ფინანსური სირთულეების გამო თანამშრომლების შემცირება დაიწყეს; შემცირდა გაზეთების გამომწერთა რიცხვიც...

ამ წელს „ბაზლერ ცაიტუნგი“, რომლის მფლობელიც საგამომცემლო სახლი Basler Zeitung Medien-ია (BZM), რამდენჯერმე გასხვისდა. კერძოდ, 2010 წლის თებერვალში გაზეთის წილის 75% შეიძინა მემარჯვენე კონსერვატორმა ტიტო ტეტამანტიმ; მეწილე გახდა ასევე ბაზელელი მედიაადვოკატი მარტინ ვაგნერიც. ვაგნერმა გაზეთის მთავარ რედაქტორად მარკუს სომი დანიშნა, რომელიც მანამდე ყოველკვირეულ მემარჯვენე პოპულისტურ გაზეთ Weltwoche-ში („ველტვოხე“) მუშაობდა.

2010 წლის ნოემბერში საგამომცემლო სახლ Basler Zeitung Medien-ის (BZM) მრჩეველი შვეიცარიის მემარჯვენე სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტი და ყოფილი ფედერალური მრჩეველი კრისტოფერ ბლოხერი გახდა. Basler Zeitung Medien-ის აქციონერებმა თავიანთი უფლებამოსილება ბლოხერის კუთვნილ კომპანია Robinvest SA-ს გადასცეს და ეს ნაბიჯი კრიზისის დროს გადარჩენის და გამომწერთა რაოდენობის კლების შეჩერების სურვილით ახსნეს. პოლიტიკოსის ამ ნაბიჯს მაშინ სკანდალიც მოჰყვა და Basler Zeitung-ის რედაქციამ პროტესტის ნიშნად პირველსავე სამუშო დღეს ორსაათიანი გაფიცვა მოაწყო.

ამის შემდეგ გაზეთის მფლობელები კიდევ რამდენჯერმე შეიცვალნენ, თუმცა ახლა მას კვლავ მემარჯვენე იდეოლოგიის გამტარებელი მეპატრონეები ჰყავს და თუკი გაზეთის პოლიტიკური ორიენტაცია 2010 წლამდე ზომიერი, მაგრამ უფრო მემარცხენე ლიბერალური იყო, დღევანდელი მფლობელებისა და რედაქტორის მემარჯვენე ორიენტაციის გამო ამჟამად მისი კურსი შეცვლილია.

Basler Zeitung-ის ტირაჟი დღეში საშუალოდ 77 619 ეგზემპლიარია. გაზეთის განკარგულებაში 60-ზე მეტი რედაქტორი, 100-მდე ჟურნალისტი და ფართო საერთაშორისო საკორესპონდენტო ქსელია.

bazonline.ch

კომენტარები: