თეზაურუსიb

Behavioral approach to media analysis

ბიჰევიორისტული მიდგომა მედიაანალიზისადმი. ბიჰევიორიზმის, როგორც მოძღვრების, ფესვები ზოგად ფსიქოლოგიასა და სოციალურ ფსიქოლოგიაშია გადგმული, თუმცა არსებობს მისი სოციოლოგიური ნაირსახეობაც. ბიჰევიორისტული მიდგომის ინტერესის საგანს წარმოადგენს ინდივიდუალური ადამიანური ქცევა, განსაკუთრებით არჩევანის გაკეთების, კომუნიკაციური შეტყობინებების აღქმის, მიღებისა და უკუკავშირის დამყარების მხრივ. აღიარებულია, რომ მასმედია განიხილება როგორც რაციონალური, მოტივირებული ქმედების ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც ადამიანები განსაზღვრული ფუნქციური დატვირთვითა და ობიექტური დანიშნულებით იყენებენ. მედიის ანალიზისადმი ფსიქოლოგიური მიდგომა გულისხმობს კვლევის ექსპერიმენტული მოდელების გამოყენებას, რომლებიც ინდივიდუუმების ქცევას ეფუძნებიან. ამ მიდგომის სოციოლოგიური ვარიანტი, დენის მაკქუეილის (2005) აზრით, ფოკუსში აქცევს სოციალურად განსაზღვრული პოპულაციის წევრების ქცევას და უპირატესობას ანიჭებს რეპრეზენტატული გამოკითხვის იმ მონაცემების ანალიზს, რომლებიც ბუნებრივ პირობებში მოიპოვება და გროვდება. ამ შემთხვევაში ინდივიდუუმების კლასიფიკაცია ხდება სოციალური პოზიციის, დისპოზიციისა თუ შესაბამისი ქცევითი ცვლადების მიხედვით; ამ ცვლადების სტატისტიკური მანიპულაცია შესაძლებელია. კონტენტანალიზი ხშირად განიხილება როგორც ბიჰევიორისტული კვლევის ფრომა, რომლებშიც მედიური ტექსტები წარმოადგენენ ინდივიდუუმების ეკვივალენტს - ისინი ექვემდებარებიან შერჩევას და სტატისტიკური ცვლადების მანიპულაციებს.

კომენტარები: