ორგანიზაციაb

Berliner Zeitung

“ბერლინერ ცაიტუნგი” (გერმ. “ბერლინური გაზეთი”) ყოველდღიური გაზეთია, რომელიც 1945 წლიდან გამოიცემა. ეს ერთადერთი პერიოდული გამოცემაა იმ აღმოსავლეთგერმანულ გაზეთებს შორის, რომელმაც გერმანიის გაერთიანების შემდეგ ნაციონალური მასშტაბით მოიპოვა აღიარება. 1989 წლამდე გაზეთი კომუნისტურ მთავრობას ეკუთვნოდა და მემარცხენე იდეოლოგიის გამტარებლად მიიჩნეოდა. ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ გაზეთი გავლენიანი გერმანული საგამომცემლო სახლის - Gruner+Jahr-ისა და ინგლისელი გამომცემლის, რობერტ მაქსველის საკუთრება გახდა.

1997 წლიდან Gruner+Jahr-ი გამოცემის 100 %-ის მფლობელი ხდება და გაზეთის გამოშვებას სრულიად ახალი დიზაინით იწყებს. ახალმა დამფუძნებლებმა მიზნად დაისახეს, რომ “ბერლინერ ცაიტუნგი” გერმანიის ‘’Washington Post’’-ი გამხდარიყო. გაზეთი დაკომპლექტდა ჟურნალისტებით როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ გერმანიიდან და მისი ენა გახდა “ახალგაზრდული, თანამედროვე და დინამიკური’’.

2002 წელს Gruner + Jahr-მა საგაზეთო ბიზნესის მიტოვება გადაწყვიტა და “ბერლინერ ცაიტუნგი” მან საგამომცემლო ჯგუფ Holtzbrinck-ს მიჰყიდა, მაგრამ გარიგება გერმანულმა ხელისუფლებამ ბათილად სცნო, რადგან Holtzbrinck-ი უკვე ფლობდა სხვა მსხვილ ბერლინურ გაზეთ Der Tagesspiegel-ს. კომპანია იძულებული გახდა, “ბერლინერ ცაიტუნგი” 150-180 მილიონ ევროდ ინგლისურ კომპანია Mecom Group-ისა და ამერიკულ კომპანია Veronis Suhler Stevenson-ისთვის მიეყიდა. 2009 წელს ანგლოამერიკულმა კომპანიებმა 152 მილიონ ევროდ “ბერლინერ ცაიტუნგი” გერმანულ კომპანია M. DuMont Schauberg (MDS)-ს მიჰყიდეს. გაზეთის მფლობელად დღემდე ეს კომპანია რჩება.

“ბერლინერ ცაიტუნგი” ყოველდღე (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით) გამოდის და მას დღეში საშუალოდ 400 000 მკითხველი ჰყავს; ძირითადად, ბერლინსა და ბრანდერბურგში. გაზეთი მხოლოდ გერმანულენოვანია. ითვლება, რომ გამოწერის მხრივ ბერლინსა და მის შემოგარენში ის სრული რეკორდსმენია..

berliner-zeitung.de

კომენტარები: