თეზაურუსიb

Bias, biased

მიკერძოება, მომხრობა, გადახრა. წარმოდგება ფრანგული სიტყვისგან biais, რაც გონების ცალმხრივად განვითარებას ნიშნავს. ფსიქოლოგებსა და ფიზიოლოგებს მიაჩნიათ, რომ ადამიანი თითქმის ყოველთვის მიკერძოებულია თავის აღქმაში, ვინაიდან მისთვის სამყაროს ხედვა დამოკიდებულია სამ უნიკალურ ინდივიდუალურ ფაქტორზე: აღქმის უნარ–შესაძლებლობებზე, ღირებულებებზე (მათ იერარქიაზე) და წინარე გამოცდილებაზე. სოციალური ფსიქოლოგი დევიდ მეიერსი მედიის შესახებ მსჯელობისას აცხადებდა, რომ ჟურნალისტებს, როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანებს, აქვთ კოგნიტიური წინასწარგანწყობა ამა თუ იმ თემისა და საკითხის მიმართ. მისი აზრით, უტყუარი ფაქტები ან ფაქტების ურთიერთკავშირი ერთ, წინასწარი განწყობის მქონე ჟურნალისტს უბიძგებს მათი მიკერძოებული ასახვისკენ, ხოლო მეორესთვის ეს ფაქტები მხოლოდ დამთხვევა შეიძლება იყოს. მაგალითად, ჟურნალისტისთვის, რომელსაც აქვს წინასწარი კოგნიტიური განწყობა,რომ საზოგადოებაში ადამიანები რასისტული მოსაზრებებით იჩაგრებიან, ოლიმპიური ნაკრების ხუთი წევრიდან ოთხი შავკანიანის დისკვალიფიკაცია დოპინგის მოხმარების გამო რასობრივი დისკრიმინაციის შედეგია, მეორესთვის კი – უბრალოდ დამთხვევა. მკვლევრების აზრით, მიკერძოებულობაში დადანაშაულება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ შეფასების ამოსავალ წერტილად ავიღებთ ობიექტურობას, როგორც მიკერძოების პოლარულად საწინააღმდეგო ცნებას, ანუ ამით მიმხრობას არაობიექტურობასთან გავათანაბრებთ. რიგი მკვლევრებისა ვარაუდობს, რომ მიკერძოებისაგან გათავისუფლება მხოლოდ სასურველ მიზანს წარმოადგენს, ვიდრე შესაძლებელს, რადგან ეს გულისხმობს ღირებულებებისგან თავისუფალი ენის გამოყენებას, რაც თითქმის შეუძლებელია. "ამ შემთხვევაში, როგორ გულდასმითაც უნდა მოვეპყრათ სათქმელს, აუცილებლად მოგვიწევს საკუთარი თავის გამოაშკარავება, იმის გამხელა, რა ღირებულებები გვაყალიბებს ჩვენ და რას ვუწევთ ანგარიშს". (უოტსონი, 2003).

კომენტარები: