ორგანიზაციაb

Border Assistance Mission to Moldova and Ukraine [EUBAM]

ევროკავშირის სასაზღვრო დახმარების მისია მოლდავეთსა და უკრაინაში ჩამოყალიბდა 2005 წლის 30 ნოემბერს. მისიის შექმნის თხოვნით ევროკომისიას მოლდავეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა მიმართეს, ვინაიდან მათი საზღვრის 1222-კილომეტრიან მონაკვეთზე ხშირი იყო ადამიანებით ვაჭრობის, ასევე, ნარკოტიკების ტრანსპორტირებისა და სხვა არალეგალური საქმიანობის შემთხვევები, რითაც სახელმწიფოებს დიდი ზიანი ადგებოდა. მაგრამ მისიის შექმნა ვერ დაეხმარა დნესტრისპირეთის რეგიონს (მოლდავეთ-უკრაინის საზღვრის 454-კილომეტრიანი მონაკვეთი), ვინაიდან მოლდავეთის მთავრობა ამ ტერიტორიას ვერ აკონტროლებდა. აქ სხვადასხვა სახის არალეგალურმა აქტივობებმა ორივე ქვეყნის ბიუჯეტი სერიოზულად დააზარალა.

EUBAM-ის დამფუძნებელი ევროკავშირია, თუმცა მას, როგორც ევროპის სამეზობლო და პარტნიორულ ინსტრუმენტს, რესურსებით გაეროს განვითარების პროგრამაც ეხმარება. EUBAM-ი მრჩეველი, ტექნიკური ორგანოა, რომლის მიზანი საზღვრის დაცვის სისტემის შემუშავება და მოლდავეთისა და უკრაინის მთავრობებთან თანამშრომლობაა. მისია იცავს საზღვარს, აკონტროლებს საბაჟო სისტემას და სასაზღვრო სისტემებთან დაკავშირებით ქვეყნების მთავრობებს რჩევებს აძლევს. EUBAM-ის შტაბბინა ოდესაშია. მას ასევე ექვსი საველე ოფისი აქვს მოლდავეთ-უკრაინის საერთო საზღვარზე.

ფართო კონტექსტში, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, ეს მართლაც უნიკალური ინსტრუმენტია. EUBAM-ის მეშვეობით ევროკავშირი ხელს უწყობს ლეგალური ვაჭრობის განვითარებას, ასევე უზრუნველყოფს საკუთარი მოქალაქეებისა და საზღვრების უსაფრთხოებას. 2011–13 წლებში EUBAM-ის ბიუჯეტი 21 მილიონი ევროთი განისაზღვრა. მას კონტრაქტის საფუძველზე ევროკავშირის 100 მოქალაქე ემსახურება, ასევე ევროკავშირი ასაქმებს ადგილობრივ, მოლდაველ და უკრაინელ კადრებსაც. დღეისთვის EUBAM-ში 120 მოლდაველი და უკრაინელი მუშაობს.

კომენტარები: