თეზაურუსიc

Caricature

კარიკატურა. პიროვნების, ტიპის ან ქმედების დამახინჯებული ან აქცენტირებულად სახეშეცვლილი წარმოჩენა, რეპრეზენტაცია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კარიკატურას, როგორც წესი, იუმორისტულ ნახატებს ვუწოდებთ, მიზანმიმართულად სახეშეცვლილად წარმოჩენის  პროცესმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ხელოვნებაშიც და მედიაშიც. კარიკატურას ჯერ კიდევ ძველი ბერძნები და რომაელები იცნობდნენ, ახალი სიცოცხლე მას რენესანსის პერიოდის მხატვრებმა შესძინეს, ხოლო მეთვრამეტე საუკუნის ევროპაში კარიკატურამ იქამდე არნახული პოპულარულობა მოიპოვა. ინგლისში, მხატვარი რაულენდსონი (1756-1827) თავის კარიკატურებში ერთმანეთს უხამებდა მაღალი ოსტატობით, მხაზველის სიზუსტით შექმნილ ნახატებს მწვავე სოციალურ სატირას. მსოფლიო მედიის ისტორიაში შევიდნენ ევროპული ჟურნალები, რომლებიც ეფექტურად იყენებდნენ კარიკატურას სოციალური რეალობის სხვადასხვა ასპექტის წარმოსაჩენად: Punch, Vanity Fair 1868, (ინგლისი), Puck, 1876 (შეერთებული შტატები), Le Rire, 1894 (საფრანგეთი), Simplicissimus, 1896 (გერმანია).  ყველაზე ცნობილ გამოცემად, რომელიც კარიკატურას მნიშვნელოვან გრაფიკულ ხერხად იყენებს, New Yorker მიიჩნევა (დააარსდა 1925 წელს).

კომენტარები: