თეზაურუსიc

Censorship

ცენზურა. მედიური ან მხატვრული პროდუქციის შინაარსის კონტროლი პოლიტიკური და ნორმატიული მიზნებით. ცენზურა გამოქვეყნებამდე, ანუ წინასწარი ცენზურა პრევენციულია, ხოლო გამოქვეყნებისშემდგომი – სადამსჯელო. როგორცაღნიშნავს ბრიტანელი მკვლევარი ჯეიმზ უოტსონი (2003), ისინი ტანდემში მოქმედებენ: ერთის დასჯა მეორესთვის გაფრთხილებაა. ცენზურა, როგორც წესი, ძალაუფლების მქონეთა (როგოც წესი, სახელმწიფოს ან ეკლესიის) მიერ და მათი სახელით ხორციელდება. ცენზურა მოიცავს ძირითადი თავისუფლებების შეკვეცას: სიტყვისა და გამოხატვის, რწმენის,მოძრაობის, შეკრებებისა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის. ცენზურის ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა თვითცენზურა. თვითცენზურისას ადამიანი თავის მოსაზრებას ან მისთვის ცნობილ ფაქტს არ გამოხატავს გარე ცენზურის შიშით – კანონის, სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ინსტიტუციების, ე. წ. \\\"ზეწოლის ჯგუფების\\\" მხრიდან რეაგირების შიშით. თვითცენზურისას ადამიანი ორგვარად მოქმედებს: ან ნაკლულად,\\\"რისკის შემცველი\\\" ნაწილების გამოტოვებით გადმოსცემს ამბავს ან მოსაზრებას, ან საერთოდ თავს არიდებს მათ გახმაურებას. ცხადია, არ არსებობს საზოგადოება, რომელიც გამოხატვის სრულ თავისუფლებას ეგუება. საზოგადოებაში, სოციალურ–პოლიტიკური წყობისა და ღირებულებრივი სისტემის გავლენითა და მოთხოვნით ყალიბდება კანონები, რომლებიც იცავს ადამიანს დეფამაციისგან, ცილისწამებისგან, დანაშაულის დაბრალებისგან, პატივისა და ღირსების ხელყოფისგან, საქმიანი რეპუტაციის შელახვისგან. ბევრ ქვეყანაში განსაკუთრებულ კონტროლსა და შეზღუდვებს ექვემდებარება ბავშვებისთვის განკუთვნილი მასალების შინაარსი.

კომენტარები: