თეზაურუსიc

Class

კლასი. ადამიინების ერთობა, რომლის მიმართ მიკუთვნებულობა განისაზღვრება: ა) წარმოების საშუალებების ფლობით და ბ) ადგილით საზოგადოებაში. ინტერპერსონალური და მასობრივი კომუნიკაციის ანალიზისთვის კლასის ცნება ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესია. განსაკუთრებული წვლილი ამ ცნების განვითარებაში გერმანელმა ფილოსოფოსმა კარლ მარქსმა შეიტანა. მისთვის კლასი აღნიშნავდა ინდივიდუუმის მიმართებას წარმოების საშუალებებთან. მარქსმა ორი ძირითადი კლასი გამოჰყო ამ კრიტერიუმზე დაყრდნობით: ისინი, ვინც ფლობდა წარმოების საშუალებებს (ბურჟუაზია), და ისინი, ვინც წარმოების საშუალებებს იყო მოკლებული და თავის შრომას ბურჟუაზიას მიჰყიდდა (პროლეტარიატი). მიუხედავად იმისა, რომ მარქსმა სხვა კლასების არსებობაც დაუშვა,ისინი ნაკლები მნიშვნელობის მქონედ მიიჩნია საზოგადოების განვითარებისთვის. კარლ მარქსს ეკუთვნის ასევე კლასობრივი თვითშეგნების ცნების განვითარება კლასის ცნების ფარგლებში. მარქსის აზრით, გაბატონებული კლასი აყალიბებს თავის კულტურას და ესწრაფვის, ეს კულტურა თავს მოახვიოს მთელს საზოგადოებას; საკომუნიკაციო სისტემები საშუალებას აძლევს გაბატონებულ კლასს, გაავრცელოს თავისი კულტურა და იდეოლოგია, რომლებიც დომინანტურ კულტურად და იდეოლოგიად იქცევიან. შესაბამისად, ეს სისტემები ასახავენ ბურჟუაზიის დომინანტურ კულტურას და კონფლიქტს ორ კლასს შორის. გაბატონებული კლასის კონტროლი მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებზე გადამწყვეტ როლს თამაშობს ჰეგემონიის შენარჩუნებაში. თანამედროვე სოციოლოგიაში ტერმინი "კლასი" სოციალური კლასის მნიშვნელობით გამოიყენება. სოციალური კლასის წევრობა უფრო მეტად ეფუძნება ინდივიდუმის სოციალურ მდგომარეობას, ვიდრე წარმოების საშუალებების ფლობას ან არფლობას. თანამედროვე მედიისთვის კლასის ცნება ორი მიმართულებით არის მნიშვნელოვანი: აუდიტორიის სოციალურ–კლასობრივი შემადგენლობის მხრივ და იმ სოციალური კლასობრივი საფუძვლების გამო, რომლებიც განაპირობებენ, ერთის მხრივ, მედიასაშუალებების მფლობელების, ხოლო, მეორეს მხრივ, მედიის დაქირავებული თანამშრომლების ინტერესებს, მოტივაციასა და ქცევებს.

კომენტარები: