ორგანიზაციაc

Commonwealth of Independent States

„დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა“ - დსთ - ორგანიზაცია, რომელშიც საბჭოთა კავშირის დაშლის საფუძველზე ჩამოყალიბებული დამოუკიდებელი ქვეყნები არიან გაწევრიანებული. მას დღეისათვის 10 სრულუფლებიანი და 1 ასოცირებული წევრი ჰყავს. საქართველო 2009 წლის აგვისტოდან ორგანიზაციიდან ოფიციალურად გამოვიდა.

დსთ არ შეიძლება ჩაითვალოს ფედერაციად ან კონფედერაციად; ან ისეთივე მულტინაციონალურ გაერთიანებად, როგორიც ევროკავშირია. დსთ-ს აქვს მცირედი მულტინაციონალური დატვირთვაც, მაგრამ უფრო მეტად ის სიმბოლური ორგანიზაციაა, რომელიც ნომინალურად ახდენს ძალთა გაერთიანებას ვაჭრობის, ფინანსების, კანონმდებლობისა და თავდაცვის სფეროებში. ის ასევე თანამშრომლობის გზით საზღვრების დეკრიმინალიზაციას ახორციელებს. დსთ-ს წევრმა ზოგიერთმა ქვეყანამ ევრაზიის ეკონომიკური საზოგადოება ჩამოაყალიბა, რომელიც წევრ ქვეყნებში ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას ითვალისწინებს.

ორგანიზაცია დაარსდა 1991 წელს ბელორუსიის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის მიერ. შეთანხმება შედგა ბელოვეჟსკაია-პუშჩაში, ბელორუსის ქალაქ ბრესტიდან 50 კილომეტრით დაშორებულ ბუნებრივ ნაკრძალში. შეთანხმების მიხედვით, წევრობის უფლება ჰქონდათ როგორც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, ისე - სხვა სახელმწიფოებსაც, რომლებიც ორგანიზაციის ღირებულებებს იზიარებდნენ. 1991 წლის 21 დეკემბერს თანამეგობრობას რვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა შეუერთდა: სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდავეთი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. საქართველო ორი წლის შემდეგ, 1993 წლის დეკემბერში გახდა დსთ-ს მე-12 წევრი. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ორგანიზაციის წევრობაზე უარი განაცხადეს.

2003 წლიდან 2005 წლამდე დსთ-ს ქვეყნებში მთელი რიგი სამთავრობო ცვლილებები განხორციელდა: საქართველოში ვარდების რევოლუციის შედეგად ახალი მთავრობა მოვიდა სათავეში, უკრაინაში ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ ვიქტორ იუშჩენკო გახდა პრეზიდენტი... 2006 წლის თებერვალში საქართველო დსთ-ს უშიშროების საბჭოდან იმ მიზეზით გამოაძევეს, რომ მან ნატოში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა - დაუშვებელი იყო ერთი ქვეყნის ორ სამხედრო ალიანსში ერთდროულად ყოფნა. მიუხედავად ამისა, საქართველო მაინც რჩებოდა დსთ-ს სრულუფლებიან წევრად 2009 წლის აგვისტომდე. 2008 წლის ომის შემდეგ საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება, უარი ეთქვა დსთ-ს წევრობაზე, რაც მან 2009 წლის აგვისტოში, ომიდან თითქმის ერთი წლის თავზე, განახორციელა კიდეც.

დღესდღეობით მიიჩნევა, რომ ”დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის” საჭიროება ეჭვქვეშაა. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, იგორ ივანოვის აზრით, ევრაზიის ეკონომიკური საზოგადოება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი გაერთიანებაა, ვიდრე - დსთ.

დსთ-ს შტაბბინა ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში მდებარეობს. ორგანიზაციის ოფიციალური ენა რუსულია. მისი აღმასრულებელი მდივანია სერგეი ლებედევი, პრეზიდენტი ქვეყანა - რუსეთი. 2008 წლის მონაცემებით, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მოსახლეობის საერთო ჯამი 276 917 629 კაცს შეადგენდა.

კომენტარები: