თეზაურუსიc

Communication Technology Determinism

კომუნიკაციის ტექნოლოგიური დეტერმინიზმი.  მედია–საზოგადოების თეორიის ერთ–ერთი ყველაზე აქტუალური და ყოველდღიურად განვითარებადი (მედიური ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ) ნაირსახეობა. თეორიის ეს ტიპი ეძიებს, ავლენს და იკვლევს ურთიერთკავშირებს ეპოქის დომინანტურ საკომუნიკაციო ტექნოლოგიასა და საზოგადოების ძირითად მახასიათებლებს შორის. მართალია, ამ თეორიის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ თეორიის ბევრი ნიუანსი ვერ ამართლებს "დეტერმინისტულის" სახელს,მაგრამ  პროპონენტები თვლიან, რომ მედიატექნოლოგიის ცენტრალური მდებარეობა თეორიის არქიტექტონიკაში სწორედ რომ "დეტერმინისტულია". მაგალითად, ამერიკელმა სოციოლოგმა გულდნერმა (1976) თანამედროვე პოლიტიკის ისტორიაში მომხდარი ძირითადი ცვლილებების ინტერპრეტაცია სწორედ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ჭრილში მოახდინა: როგორ იცვლებოდა იდეოლოგია როგორც რაციონალური დისკურსი მედიური ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, როგორ ღრმავდებოდა კრიზისი "კულტურულ აპარატსა" (ინტელიგენცია) და "ცნობიერების ინდუსტრიას" (ახალი მედიური საზოგადოება) შორის. მედიის ტექნოლოგიური დეტერმინიზმის თეორიის ძირითადი პოსტულატები ამგვარად იქნა ჩამოყალიბებული ტორონტოს სკოლის ფუძემდებლების (ინისი, მაკლიუენი) მიერ 1960–იან წლების დასაწყისში: 1) საკომუნიკაციო ტექნოლოგია ფუნდამენტურია საზოგადოებისთვის; 2) თითოეული ტექნოლოგია ახასიათებს კონკრეტული საკომუნიკაციო ფორმები, შინაარსი და გამოყენების თავისებურებები; 3) საკომუნიკაციო ტექნოლოგიის შექმნა და გამოყენება გავლენას ახდენს სოციალურ ცვლილებებზე; 4) საკომუნიკაციო რევოლუციას სოციალურ რევოლუციამდე მიჰყავს საზოგადოება.

კომენტარები: