თეზაურუსიc

Consent, manufacture of

თანხმობის შექმნა. ენათმეცნიერმა ნოემ ჩოსკიმ ეს ტერმინი "თანხმობის შექმნა" განსაზღვრა როგორც კომპლექსური პროცესი, რომელშიც დემოკრატიების წიაღში  (ამგვარი დემოკრატიების მაგალითებად ჩომსკი შეერთებულ შტატებსა და დიდი ბრიტანეთს ასახელებს) წარმოშობილი ძლევამოსილი ინტერესები საზოგადოებრივ ცნობიერებაში ქმნიან მიღება-გათავისების განსაზღვრულ ყალიბებს. პირველად ამ პროცესის ნიშან-თვისებებზე ჩომსკიმ 1987 წელს მიუთითა სტატიაში "არავითარი ანტიისრაელური ვენდეტა" (No Anti-Israeli Vendetta, in Index on Censorship 1), სადაც იგი წერდა იმ "საგანგებო მოწყობილობების" არსებობაზე, რომლებიც ადამიანების"აზროვნებას აკონტროლებენ" თვით ყველაზე განვითარებული დემოკრატიების წიაღში. ამ სტატიის გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ თანხმობის შექმნის პროცესი ჩომსკიმ ედუარდ ჰერმანთან ერთად მრავალმხრივად გააანალიზა ნაშრომში "Manufacturing Consent: The Political Economy and the Mass Media" (US: Pantheon, 1988). ჰერმანისა და ჩომსკის ამ ნაშრომის შინაარსობრივი ღერძია პროპაგანდის მოდელი და მედიის მეშვეობით პროპაგანდისტული საკითხების პოპულარიზაცია  ძალაუფლების მქონე ელიტის სახელით ნებისმიერ საზოგადოებაში. არსებითად, ჩომსკიმ და ჰერმანმა ეს პროცესი გააიგივეს ე.წ. "კარიბჭის დაცვის" მოდელის ფუნქციონირების პროცესთან, როცა  მედია გამოსაქვეყნებლად ირჩევს და შესაბამის ფორმას უძებნის მასალებს, რომლებიც თანხვედრაში მოდიან იმ ჯგუფის ინტერესებთან და ღირებულებებთან, რომელიც ახორციელებს კონტროლს. მეორეს მხრივ, მედია ცენზურას უწევს მასალებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ ინტერესებსა და ღირებულებებს. ჰერმანმა და ჩომსკიმ მიუთითეს იმ ხუთი ურთიერთდაკავშირებული ფილტრის არსებობაზე მასობრივი კომუნიკაციების ინფორმაციების შექმნისა და გასაჯაროების პროცესში, რომლებიც რეგულაციასა და კონტროლს ემსახურებიან: 1. გაბატონებული მედიაფირმების კონცენტრირებული მესაკუთრეობა, ორიენტაცია მესაკუთრეების კეთილდღეობასა და მოგებაზე; 2. რეკლამა როგორც შემოსავლის უპირველესი წყარო; 3. მედიის დამოკიდებულება ინფორმაციაზე, რომელსაც მას სამთავრობო წრეები, ბიზნესწრეები და ის "ექსპერტები" აწვდიან, რომლებიც ფინანსდებიან ამ უპირველესი მნიშვნელობის მქონე სამთავრობო და ბიზნესწრეებიდან; 4. "საზენიტო არტილერიის", ანუ პიარზე მომსახურე ჟურნალისტების გამოყენება მედიაში წესრიგის შექმნის მიზნით; 5. "ანტიკომუნიზმი", როგორც ეროვნული რელიგია და კონტროლის მექანიზმი".

კომენტარები: