თეზაურუსიc

Content analysis

კონტენტ ანალიზი. მასმედიის შინაარსის კვლევის მეთოდი, ტექნიკა, რომელიც იდენტიფიცირებას უკეთებს, კატეგორიების მიხედვით ალაგებს, აღწერს და რაოდენობრივად ითვლის მოკლევადიან და გრძელვადიან ტენდენციებს. როგორც განმარტავს ამ ტექნიკის ერთ–ერთი თეორეტიკოსი კნიპერდორფი (1980) კონტენტ ანალიზი წარმოადგენს საკვლევ ტექნიკას, რომლის მეშვეობითაც დგინდება მონაცემების მყარი და ვალიდური კორელაცია და მიმართება მათ კონტექსტთან.  მეორე თეორეტიკოსი კერლინგერი (1986) მიუთითებს ამ ტექნიკის სისტემურობაზე, რაოდენობრიობაზე და ობიექტურობაზე. კონტენტ ანალიზი რამდენიმე ეტაპად ხორციელდება: პირველ ეტაპზე გამოიყოფა საკვლევი პოპულაცია, მედიასაშუალებების ის სიმრავლე, რომელთა შინაარსშიც იდენტიფიცირებულია მკვლევრისთვის საინტერესო საკითხი; შემდეგ გამოიყოფა კონკრეტული საკვლევი საკითხი ან ჰიპოთეზა და ის ცვლადები, რომელთა კორელაციამაც საკვლევი საკითხი უნდა გააანალიზოს, ან დაადასტუროს ან უარჰყოს მკვლევრის მიერ წამოყენებული ჰიპოთეზა. მეორე ეტაპზე გამოიყოფა ანალიზის ერთეული, სიტყვა-გასაღები ან შეტყობინება-გასაღები; მესამე ეტაპზე ხდება იმ შინაარსობრივი კატეგორიების იდენტიფიცირება, რომელთა მიხედვითაც ხდება საზრისისეული ერთეულის კატეგორიზაცია. მოთხე ეტაპზე ხდება რაოდენობრივი მაჩვენებლების დათვლა, სანდოობის კოეფიციენტის დადგენა მიღებული სტატისტიკური პროცედურების მეშვეობით. დასკვნითი ეტაპი არის მიღებული მონაცემების გაანალიზება, ტენდენციების გამოკვეთა და დასკვნების გამოტანა. ამერიკელი როჯერ უიმერი და ჯოზეფ დომინიკი (1991 და შემდგომი წლების გამოცემები) კონტენტ ანალიზის შემდეგ ეტაპებს გამოჰყოფენ: 1. საკვლევი საკითხის ან ჰიპოტეზის ჩამოყალიბება; 2. პოპულაციის განმარტება; 3. პოპულაციიდან შესაბამისი შერჩევის ზომის აღება; 4. საზრისისეული ერთეულის შერჩევა და განმარტება; 5. გასაანალიზებელი შინაარსის კატეგორიების დადგენა; 6, კვანტიფიკაციის სისტემის დაწესება; 7კოდირება და საპილოტე კვლევა; 8. შეგროვებული მონაცემების ანალიზი; 9. დასკვნების გამოტანა.

კომენტარები: