ორგანიზაციაc

Council of Europe

Council of Europe (ევროპის საბჭო) საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 1949 წელს შეიქმნა. ორგანიზაციის მიზანი ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიული ფასეულობების განვითარების, სასამართლო რეფორმის გაძლიერებისა და კულტურის საკითხების მოგვარებაა. ევროსაბჭოს წევრია 47 ქვეყანა საერთო ჯამში 800-მილიონიანი მოსახლეობით. ეს ორგანო აბსოლუტურად დამოუკიდებელია ევროკავშირისგან, რომელიც თავის რიგებში 27 წევრ-ქვეყანას აერთიანებს და მას ასევე არაფერი აქვს საერთო სხვა მსგავსი სახელწოდების ორგანიზაციებთან - ევროკავშირის საბჭოსა და ევროპულ საბჭოსთან. ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ცნობილი და მნიშვნელოვანი სტრუქტურაა ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლო.

1946 წელს ციურიხის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას უინსტონ ჩერჩილმა ’’ევროპის შეერთებული შტატების’’ შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა. უკვე 2 წელიწადში ხსენებული ორგანიზაციის სტრუქტურის საკითხები ჰოლანდიის ქალაქ ჰააგაში სპეციალურ კონგრესზე განიხილებოდა, რომელსაც ასობით წამყვანი პოლიტიკოსი, მთავრობათა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონგრესზე გამოიკვეთა ორი ძირითადი ხედვა: შეკრების ზოგიერთ მონაწილეს მიაჩნდა, რომ ევროპის საბჭო უნდა ყოფილიყო კლასიკური სტილის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელშიც ქვეყნებს მთავრობები წარმოადგენდნენ; სხვებს მიაჩნდათ, რომ ორგანიზაციაში საკუთარი ქვეყნები პარლამენტარებს უნდა წარმოედგინათ. საბოლოოდ, ეს ორი ხედვა გაერთიანდა და მივიღეთ ევროპის საბჭოს ორი მმართველი ორგანო: მინისტრების კომიტეტი და საპარლამენტო ასამბლეა. ეს კომბინირებული სტრუქტურა შემდგომში ნატოშიც დაინერგა.

ევროპის საბჭოს დაარსების დღედ 1949 წლის 5 მაისი ითვლება. ეს ლონდონში მოხდა, სადაც ე. წ. ’’ლონდონის ხელშეკრულებას’’ მოეწერა ხელი. ორგანიზაციის დამაარსებლად ათი ევროპული ქვეყანა მიიჩნევა, ესენია: ბელგია, დანია, საფრანგეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, შვედეთი და გაერთიანებული სამეფო. დღეისათვის ბელორუსიისა და ვატიკანის გარდა, ყველა ევროპული ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია.

ევროპის საბჭოს პირველ დებულებაში წერია: ,,ევროპის საბჭოს მიზანია: წევრ ქვეყნებს შორის მეტი ერთობა იმ იდეალების დაცვაში, რასაც წევრობა თითოეულ მათგანს აკისრებს და მათი ურთიერთანამშრომლობა ეკონომიკური და სოციალური პროგრესისთვის.’’ წევრობისთვის საკმარისია, ქვეყანა ეთანხმებოდეს ძირითად ევროპულ ფასეულობებს და კანონის უზენაესობის იდეას; მას უნდა ჰქონდეს სურვილი, დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლება; გაატაროს დემოკრატიული რეფორმები.

ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანასთან ერთად ჰყავს დამკვირვებელი ქვეყნებიც: აშშ, კანადა, იაპონია. დღეისათვის ორგანიზაციის პრეზიდენტი ქვეყანა ალბანეთია. გენერალური მდივანი – ნორვეგიელი თრობჯომ ჯაგლანდია. საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტია ჟან კლოდ მინგონი, ხოლო მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტი – აჰმეტ დავუთოღლუ.

coe.int 

კომენტარები: