ორგანიზაციაc

Council on Foreign Relations [CFR]

Council on Foreign Relations (“საგარეო ურთიერთობათა საბჭო”) ამერიკული დამოუკიდებელი, არაკომერციული, ნეიტრალური ორგანიზაციაა და ის თავის რიგებში 4500-ზე მეტ პირს აერთიანებს. მასში გაწევრიანებული არიან როგორც მთავრობების, ასევე ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, სტუდენტები, საერო და სასულიერო ლიდერები, სხვა დაინტერესებული მოქალაქეები. ორგანიზაციის მიზანია, დაეხმაროს საზოგადოებას, რათა ის უკეთ გაეცნოს მსოფლიო და საგარეო პოლიტიკის ახალ ამბებს - როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე, სხვა ქვეყნებშიც.

ორგანიზაცია 1921 წელს დაარსდა და მისი მისია საზოგადოების სპეციალური პროგრამების მეშვეობით განვითარება და ახალ თაობებში საგარეო პოლიტიკისათვის შესაფერისი კადრების მოძიებაა. CFR-ს შტაბ-ბინები ნიუ- იორკსა და ვაშინგტონში აქვს. სწორედ ამ ქალაქებში მართავს CFR-ი შეხვედრებს, რომელზეც პოლიტიკური ლიდერები და ცნობილი მოაზროვნეები ორგანიზაციის წევრებთან ერთად უმთავრეს საერთაშორისო გამოწვევებს განიხილავენ. CFR-ი ხელს უწყობს სასწავლო-კვლევითი პროგრამების განხორციელებას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიანტები გამოსცემენ წიგნებს, ამზადებენ სტატიებს და ატარებენ სადისკუსიო შეხვედრებს, სადაც საგარეო პოლიტიკის პრობლემების განხილვა და შემდგომში კონკრეტული რეკომენდაციის გენერირება ხდება.

CFR-ი საერთაშორისო თემებისა და აშშ-ის საგარეო პოლიტიკის შესახებ ჟურნალ Foreign Affairs-ს (”საგარეო საქმეები”) გამოსცემს; ხოლო საკუთარ ვებგვერდზე - www.CFR.org, - იგი მსოფლიოს ახალი ამბებზე უახლეს ინფორმაციასა და ანალიტიკურ ნარკვევებს აქვეყნებს.

CFR-ის მთავარი ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს და მისი პრეზიდენტი რიჩარდ ჰაასია. დირექტორთა საბჭო სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისგანაა დაკომპლექტებული: ჟურნალისტებიდან დაწყებული უმაღლესი რანგის ყოფილი პოლიტიკური ფიგურებით დამთავრებული. ორგანიზაციას ჰყავს ისეთი მსოფლიო დონის კორპორატიული წევრები, როგორებიც არიან: Master Card-ი, Bank of America, American Express-ი, Deutsche Bank-ი, IBM, Pepsi, Nike და სხვები.... წევრების სია ფრიად შთამბეჭდავია, რადგან მასში ბევრ ცნობილ სახელსა და გვარს ამოიკითხავთ. ესენი არიან, მაგალითად: ბილ კლინტონი, მიხეილ გორბაჩოვი, ვუდი ალენი, მეცენატი რუპერტ მერდოკი და სხვები...

cfr.org

კომენტარები: