ორგანიზაციაd

Daily Herald

Daily Herald-ი (ინგლ. - “ყოველდღიური მაცნე”) - ამერიკული ყოველდღიური გაზეთია, რომელიც ილინოისის შტატის ქალაქ არლინგტონში გამოდის. ეს ქალაქი ჩიკაგოს გარეუბნად ითვლება და გაზეთის გავრცელებაც ამ არეალში ხდება. გაზეთი პირველად 1871 წელს გამოიცა და მისი მფლობელი პადოკის ოჯახი იყო. გაზეთის სლოგანი დიდი ხნის განმავლობაში იყო: ‘’გეშინოდეს ღმერთის, თქვი სიმართლე და აკეთე ფული’’. Daily Herald-ის გავრცელების არეალი დაახლოებით 3400 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს და ჩიკაგოს შემოგარენში ის ყველაზე პოპულარული გაზეთია, ხოლო მთელი ილინოისის მასშტაბით Chicago Tribune-სა და Chicago Sun – Times-ის შემდეგ იგი მესამე ადგილზეა.

1871 წელს ყოფილმა მასწავლებელმა ჰოსეა ს. პადოკმა დააარსა გაზეთი სახელწოდებით Arlington Heights Herald-ი. თავიდან გაზეთი ყოველკვირეულად გამოიცემოდა. მომდევნო წლებში პადოკმა და მისმა უმცროსმა ვაჟმა სტიუარდმა ჩრდილოეთ ჩიკაგოს სხვა ყოველკვირეული გაზეთებიც შეიძინეს. 1968 წელს, როდესაც გაზეთს სათავეში სტუარტ პადოკ უმცროსი ჩაუდგა, გაზეთის რეალური გაფართოება დაიწყო. ერთი წლის შემდეგ ის კვირაში ხუთ დღეს გამოდიოდა. ეს გადაწყვეტილება ობიექტური რეალობით იყო გამოწვეული, რადგან კონკურენტი გაზეთები ყოველდღიურ ფორმატზე გადადიოდნენ და Daily Herald-ი მკითხველს კარგავდა. გაზეთებს შორის ტირაჟის ომი 1970 წელს დამთავრდა, როდესაც კონკურენტი გაზეთები Daily Herald-ის გავრცელების არეალიდან გავიდნენ. ამავე წელს გაზეთმა არლინგტონი დატოვა და ლეი-კაუნტისკენ დაიწყო გაფართოება. შაბათის გამოცემა გაზეთს 1975 წელს დაემატა, 1977 წელს გაზეთმა დღევანდელი სახელწოდება - Daily Herald - მიიღო, ხოლო 1978 წელს გაზეთს საკვირაო გამოცემაც შეემატა. 1980 წელს მისი გავრცელების არეალი დუპეიჯის კეინისა და მაკჰენრის მხარეების შემომატებით კიდევ უფრო გაფართოვდა.

სტიუარდ პადოკ უმცროსი 2002 წელს გარდაიცვალა. დღესდღეობით Daily Herald-ის დევიზია - ‘’საყოველთაო სურათი, ადგილობრივი ფოკუსით’’. ეს სლოგანი საერთაშორისო სიახლეების გაშუქებას ეხება.

გაზეთის სტატიები სხვადასხვა სფეროს მოიცავს: ადგილობრივი და საერთაშორისო ახალი ამბები, ბიზნეს- და სპორტული სიახლეები... გაზეთის წაკითხვა ინტერნეტშიც არის შესაძლებელი. მისი ტირაჟი დღეში 151,190 ეგზემპლიარია. გაზეთის მთავარი რედაქტორია ჯონ ლამპინენი, ხოლო გამომცემელი - დუგლას კეი რეი.

dailyherald.com 

კომენტარები: