ორგანიზაციაd

Daily Mail

"დეილი მეილი" (ინგლ. - “ყოველდღიური ფოსტა”) ბრიტანული ყოველდღიური, კონსერვატიული, ტაბლოიდის ფორმატის გაზეთია. პირველად, 1896 წელს, ის ლორდ ნორტკლიფმა გამოსცა. The Sun-ის შემდეგ Daily Mail-ი ბრიტანეთის მასშტაბით გაყიდვებით მეორე ადგილზეა. მისი მეგობარი გაზეთი The Mail on Sunday („ფოსტა კვირას“) 1982 წელს გამოჩნდა. 1947 წელს გაზეთმა შოტლანდიური გამოცემა გამოუშვა, ხოლო 2006 წლიდან კი Daily Mail-ი ირლანდიაშიც გამოიცემა.

Daily Mail-ი ის პირველი ბრიტანული გამოცემაა, რომლის სამიზნე ჯგუფიც საშუალო ფენა იყო. სხვა გაზეთებთან შედარებით ის იაფი ღირდა. გაზეთმა ბრიტანეთის მასშტაბით პირველმა მიაღწია დღიური გაყიდვების მაჩვენებლით მილიონს. გაზეთს აქვს სპეციალური კურსი, რომლის მიხედვითაც ის ქალებს საჭირო ინფორმაციას აწვდის. ამ სპეციფიკური კურსის გამო ყოველდღიურ გაზეთებს შორის Daily Mail-ი ერთადერთია, რომელსაც უფრო მეტი ქალი მკითხველი ჰყავს, ვიდრე - მამაკაცი. გაზეთის საშუალო დღიური ტირაჟი 1 991 272 ცალია, ხოლო ყოველდღიურ მკითხველთა რაოდენობა 4,371 მილიონს აღწევს.

თავდაპირველად გაზეთის ტირაჟი 100 000 ეგზემპლიარის ოდენობით იყო განსაზღვრული, მაგრამ დაბალი ფასის გამო მასზე მოთხოვნა დიდი აღმოჩნდა და ამიტომ გამომცემლებს 397215 ცალის, ანუ სამჯერ მეტის, გამოშვება მოუწიათ. დაარსებიდან სამ წელიწადში, 1899 წლისათვის, გაზეთის ტირაჟი უკვე 500 000 ცალს შეადგენდა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლორდ სალისბერიმ Daily Mail-ი ასე დაახასიათა: „ოფისის ბიჭების გაზეთი ოფისის ბიჭებისთვის“. 1902 წლისთვის გაზეთის ტირაჟმა მილიონს გადააჭარბა და ის იმ დროისათვის მსოფლიოს რეკორდსმენი გახდა.

1906 წელს Daily Mail-მა ლა მანშის სრუტეზე პირველი გადაფრენისთვის ჯილდო - 1000 ფუნტი სტერლინგი დააწესა, ხოლო ლონდონიდან მანჩესტერისკენ კი - 10 000. მისმა კონკურენტმა Punch Magazine-მა იდეა აბსურდულად ჩათვალა და 10 000 ფუნტი დააწესა იმისთვის, ვინც პირველად მარსზე გაფრინდებოდა, მაგრამ 1910 წლისთვის Daily Mail-ის მიერ დაწესებული ორივე პრიზი გათამაშდა.

1960 წლიდან გაზეთი სოციალური საკითხების მიმართ უფრო ლიბერალური გახდა, თუმცა მას არ უღალატია კონსერვატიული იდეოლოგიისთვის, როდესაც ტონი ბლერის მოღვაწეობის პირველ წლებში მასზე პოზიტიურ სტატიებს აქვეყნებდა, მაგრამ ბლერის ვადის დასრულებისთვის ყოფილი პრემიერის კრიტიკა დაიწყო. გაზეთი კრიტიკულია ასევე BBC-ის მიმართაც, რომელიც მემარცხენე იდეოლოგიის მხარდამჭერ მედიად ითვლება. Daily Mail-ი ასევე გენმოდიფიცირებული საკვების გავრცელების საწინააღმდეგო აგიტაციას ეწევა მთელი დიდი ბრიტანეთის მასშტაბით.

გაზეთის გამომცემელია კომპანია Associated Newspapers Ltd-ი, მფლობელი კი – კომპანია Daily Mail and General Trust-ი. დღესდღეობით გაზეთის დღიური ტირაჟი 1945 496 ეგზემპლიარია.

dailymail.co.uk

კომენტარები: