თეზაურუსიd

Deep Structure

სიღრმისეული სტრუქტურა. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინის დაბადება ჩარლზ ჰოკეტს უკავშირდება , ფართო გამოყენება მან ამერიკელი ენათმეცნიერის ნოემ ჩომსკის (ხომსკის)  ნაშრომის "Current Issues in Linguistic Theory" (1964) წყალობით შეიძინა. ჩომსკი წერს: "თავისი თავდაპირველი ფორმით, სიღრმისეული სტრუქტურა წარმოადგენს წინადადების წყობის იმ ფუძემდებლურ აბსტრაქტულ დონეს, რომელიც კონკრეტულად უჩვენებს, როგორ უნდა იქნას ინტერპრეტირებული წინადადება. ეს არის სინტაქსისის აბსტრაქტული რეპრეზენტაცია. ზედაპირული გრამატიკა წინადადების სინტაქსური რეპრეზენტაციის ბოლო სტადიაა, იგი ყველაზე ახლოს დგას წინადადების ზეპირ (მეტყველებით) ან წერით ფორმასთან. ჩომსკის აზრით, სიღრმისეული სტრუქტურა ტრანსფორმაციის პროცესში წარმოჩინდება. ტრანსფორმაციული გრამატიკა ამკვიდრებს წინადადების ორგვარ სტრუქტურას: ღრმას და ზედაპირულს. ჩომსკის აზრით, სწორედ სიღრმისეული და ზედაპირული სტრუქტურები და მათ შორის ურთიერთკავშირი ქმნის ენის საფუძველს, რომელიც წარმოადგენს არა სიტყვების თანამიმდევრობას, არამედ ორგანიზებული სტრუქტურების სერიებს (სტრუქტურალიზმი). სიღრმისეული სტრუქტურა, ანუ სიღრმისეული დონე, წარმოაჩენს იმ დამატებით ინფორმაციას, რომელიც საშუალებას აძლევს მკითხველს ან მსმენელს, ერთმანეთისგან განასხვავოს იმ წინადადებების მნიშვნელობის ალტერნატიული ინტერპრეტაციები, რომლებსაც ერთი და იგივე ზედაპირული ფორმა აქვთ; ასევე იმ წინადადებებისა, რომლებსაც ზედაპირულად განსხვავებულ წინადადებებს წარმოადგენენ, მაგრამ ერთსა და იმავე სიღრმისეულ სტრუქტურას ატარებენ თავიანთ თავში.

კომენტარები: