ორგანიზაციაd

Der Spiegel

„შპიგელი“ (გერმ. ”სარკე”) - გერმანიასა და მთელ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და რეიტინგული საინფორმაციო ჟურნალი. “შპიგელის” სარედაქციო საბჭოს ასე აქვს დეკლარირებული თავისი პოლიტიკური თავისუფლება: “გამოცემა დამოკიდებულია მხოლოდ საკუთარ თავსა და მკითხველზე”. ჟურნალის თემატიკა მოიცავს სხვადასხვა სფეროებს, როგორებიცაა: პოლიტიკა, ეკონომიკა, მეცნიერება, მედიცინა, ტექნიკა, კულტურა, საზოგადოება, სპორტი...

ჟურნალ „შპიგელის“ პირველი ნომერი 1947 წლის იანვარში დაიბეჭდა. ის გამოიცა, როგორც ჟურნალ Diese Woche-ს (“ეს კვირა”) მემკვიდრე. “შპიგელის” წინამორბედი “ეს კვირა” ბრიტანულ-ამერიკულ გავლენას განიცდიდა. მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა რედაქტორების ჯგუფმა რუდოლფ აუგუსტინის ხელმძღვანელობით მასში კრიტიკული სტატიების ბეჭდვა დაიწყო, ჟურნალის გერმანულ რედაქციასა და მის ბრიტანელ მფლობელებს შორის უთანხმოება წარმოიშვა. შეუთავსებლობის გამო ბრიტანელებმა გამოცემა დატოვეს და ის გერმანულ სარედაქციო საბჭოს დაუთმეს. ამის შემდეგ რუდოლფ აუგუსტინმა გადაწყვიტა, გამოეცა Diese Woche-ის მემკვიდრე, მსგავსი ტიპის ჟურნალი. მან მალევე მოიპოვა ლიცენზია და ჟურნალი ახალი სახელწოდებით - Der Spiegel - გამოსცა. პირველივე დღიდან რუდოლფ აუგუსტინი ჟურნალის გენერალური რედაქტორია. იგი ამ თანამდებობას სიკვდილამდე, 2002 წლამდე იკავებდა.

1989 წლიდან გერმანიასა და მის ფარგლებს გარეთ ყოველკვირეულად იყიდება Der Spiegel-ის მილიონობით ეგზემპლიარი. “შპიგელის” 2001 წლის 38-ე ნომერი ჟურნალ-გაზეთების მსოფლიო ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე გაყიდვადი გამოცემა (გაიყიდა 1 446 325 ცალი. თემა:"Der Terror-Angriff: Krieg im 21. Jahrhundert" - “ტერორისტული აქტი – ომი 21-ე საუკუნეში”). დღეისათვის “შპიგელის” ტირაჟის 92% გერმანიაში იყიდება, 8% კი საზღვარგარეთ ვრცელდება - ძირითადად, გერმანულენოვან ქვეყნებში (კერძოდ, ავსტრიასა და შვეიცარიაში).

ჟურნალი Der Spiegel-ის სათავო ოფისი მდებარეობს ჰამბურგში. ის დღეს მედიაკომპანია Die Spiegel Gruppe-ის წევრია. ჯგუფის შემადგენლობაში ჟურნალ Der Spiegel-ის გარდა შედის: ინტერნეტჟურნალი Spiegel Online (აქვს ინგლისურენოვანი ვერსიაც), ტელეკომპანია Spiegel TV და ასევე ჟურნალი Manager Magazine.

spiegel.de

კომენტარები: