ორგანიზაციაd

Der Standard

“დერ შტანდარტი” (გერმ. – “სტანდარტი”) ყოველდღიური ავსტრიული გაზეთია. დაარსდა 1988 წელს ოსკარ ბრონერის მიერ, რომელიც ასევე ბიზნესჟურნალ Trend-ისა და პოლიტიკური ჟურნალის, Profil-ის მფლობელიცაა. გაზეთი გერმანული ყოველდღიური გაზეთის Suddeutsche Zeitung-ის მოდელზე შეიქმნა. მისი პოლიტიკური მიმართულება მემარცხენე ცენტრისტულ-ლიბერალურია.

გაზეთი დაარსების დღიდან der Standard-ის სახელით გამოდის, რის გამოც მას ხშირად აიგივებდნენ ანალოგიური სახელწოდების ინგლისურ გამოცემებთან -The Standard-სა და Evening Standard-თან. თავიდან გაზეთის დამაარსებელმა ოსკარ ბრონერმა ფინანსური მიზეზების გამო 50%-იან წილში შემოიყვანა Axel Springer Verlag-ი. 1995 წელს ბრონერმა ეს წილი მთლიანად იყიდა, მაგრამ 1998 წელს ისევ გაყიდა. ამჯერად მან 49% მიყიდა Sueddeutsche Zeitung-ის მფლობელ Sueddeutsche Verlag-ს, 41% კი თავისივე კომპანია Bronner Familien-Privatstiftung-ს გადასცა. პირადად მან საკუთრებაში 10% დაიტოვა. 2008 წლის 13 აგვისტოს Sueddeutsche Zeitung-ის წილი შეიძინა ბრონერის კიდევ ერთმა კომპანია Bronner Online AG-მ.

2006 წელს Suddeutsche Zeitung-ის მაგალითზე გამომცემლობამ cinematek-ის (ფილმოთეკა) წარმოება დაიწყო. ამ ფილმოთეკაში შედიოდა ცნობილი და პოპულარული ავსტრიული ფილმების 175-დისკიანი სერია.

გამოცემის შტაბ-ბინა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მდებარეობს. გაზეთი გამოიცემა ყოველდღე ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. მისი ტირაჟი საშუალოდ 73 071 ცალს შეადგენს. გაზეთს ჰყავს 374 000 მკითხველი. გამოცემას ორი მთავარი რედაქტორი ჰყავს: ერთი – დამაარსებელი ოსკარ ბრონერი, ხოლო მეორე – ალექსანდრა ფოდერლ შმიდი.

1995 წლიდან გაზეთს აქვს ინტერნეტპორტალი derStandad.at-ი და ის პირველი ვებგვერდია, რომელიც გერმანულენოვანმა გაზეთმა შექმნა. ინტერნეტგამოცემას საკუთარი რედაქტორები ჰყავს, თუმცა ინტერნეტსაიტზე ბეჭდურ ვერსიაში გამოქვეყნებული სტატიებიც ხშირად ხვდება.

derstandard.at

 

კომენტარები: