ორგანიზაციაd

Der Tagesspiegel

„ტაგესშპიგელი“ (გერმ. – „ყოველდღიური სარკე“) ლიბერალური იდეოლოგიის მატარებელი გერმანული ყოველდღიური გაზეთია. დაარსდა 1945 წელს. დაარსების დღიდან გაზეთის დევიზია „Rerum cognoscere causas” („იცოდე ამბის გამომწვევი მიზეზები“) და დღემდე ის ამ დევიზის ერთგული რჩება.

Der Tagesspiegel-ის რედაქციის შენობა ბერლინში მდებარეობს. გაზეთი ყოველდღიურად დედაქალაქის 350 000-მდე მკითხველს აწვდის ახალ ამბებს. ბერლინი გერმანიის პოლიტიკური ცენტრია და როგორც Der Tagesspiegel-ი წერს, ამ ცენტრის პოლიტიკოსების 40 პროცენტი სწორედ მისი აქტიური მკითხველია. Der Tagesspiegel-ი ყველა თაობის მომხმარებელზეა გათვლილი და მისი მკითხველის საშუალო ასაკი ყველაზე დაბალია სხვა პოპულარული გაზეთების მკითხველების ასაკთან შედარებით. Der Tagesspiegel-ის 10-დან 7 მომხმარებელი სხვა ყოველდღიურ ბერლინურ გაზეთს საერთოდ არ კითხულობს.

გაზეთის მფლობელია კომპანია Dieter von Holtzbrinck Media. დღესდღეობით Der Tagesspiegel-ის ტირაჟი დღეში საშუალოდ 126 000 ეგზემპლიარს შეადგენს. Der Tagesspiegel-ს ოფისები ვაშინგტონსა და პოტსდამშიც აქვს.

გაზეთის ვაშინგტონის კორესპონდენტმა კრისტოფ ფონ მარშალმა ყურადღება მიიპყრო 2007 წელს ბარაკ ობამას საარჩევნო კამპანიის დროს, როდესაც თავის წიგნს - ‘’ბარაკ ობამა - შავი კენედი’’ დაარქვა. ეს წიგნი გერმანიაში ბესტსელერად იქცა.

tagesspiegel.de

კომენტარები: