თეზაურუსიd

Deviance

დევიანტურობა, დევიანტური ქცევა, ანომალიური ქცევა, გადახრა. ნებისმიერი სოციალური ქცევა, რომელიც მიუღებლად მიიჩნევა კონკრეტულ სოციალურ თემში, საზოგადოებაში, სახელდებულია როგორც დევიანტური. პასუხი კი შეკითხვაზე, რატომ არის ესა თუ ის ქცევა დევიანტურად მიჩნეული, დიდწილად არის დამოკიდებული ამა თუ იმ საზოგადოებაში მოცემულ მომენტში დამკვიდრებულ და გაბატონებულ ქცევით ნორმებზე. დევიანტურობის ანალიზისას უპირატეს მნიშვნელობას იძენს საკითხი, ვინ განსაზღვრავს დევიანტურობას და რატომ. თანამედროვე სოციოლოგია ამ საკითხის ირგვლივ ორ შეხედულებას გვთავაზობს: პირველის თანახმად, დევიანტურობა განისაზღვრება ზოგადად საზოგადოებრივი კონსენსუსით,ხოლო მეორე შეხედულება ამტკიცებს,რომ დევიანტურობას ნებისმიერ საზოგადოებაში განსაზღვრავს გაბატონებული, ძალაუფლების მქონე ჯგუფი, რომლებიც მისთვის მიუღებელ ქცევას ერთი კონკრეტული მიზეზის გამო მიიჩნევს დევიანტურად: ეს ქცევა ამ ჯგუფის წევრებისთვის, მათი ძალაუფლებისთვის, მათი საზოგადოებრივი პოზიციისთვის წარმოადგენს საფრთხეს.  განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მედიის როლი დევიანტურობის განსაზღვრების ჩამოყალიბებში, ევოლუციასა და შენარჩუნებაში, ასევე მედიის რეაქცია დევიანტურ ქცევაზე. ერთის მხრივ, მედია, მორალური პრინციპებიდან გამომდინარე, არ იწონებს დევიანტურ ქცევას, მაგრამ მეორეს მხრივ, იგი დაინტერესებულია ამგვარი ქცევის მედიური წარმოჩენით, რადგან დევიანტურ და ანომალიურ ქცევას მაღალი საინფორმაციო ღირებულება აქვს – იგი მყისიერად იპყრობს მიმღები აუდიტორიის ყურადღებას. ლესლი უოტკინსი (1965),  მედიის ერთ–ერთი გამორჩეული მკვლევარი, რომლის კვლევით ინტერესს წარმოადგენდა მედიის როლი დევიანტურობის განსაზღვრებასა და გაძლიერებაში, ამტკიცებს, რომ ის გზა და საშუალებები,რომლებითაც საზოგადოება განსაზღვრავს გადახრას და რეაგირებს მასზე, სინამდვილეში უფრო მეტად წაახალისებს სოციალური მორალური ნორმების შემქმნელებს, კიდევ უფრო მეტი, მზარდი დევიანტურობით იმოქმედონ. უოტკინსის აზრით, თუკი საზოგადოების რეაქცია დევიანტურობაზე ძლიერია,იგი პასუხად უფრო დიდი გადახრას იწვევს, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო მძაფრ საზოგადოებრრივ რეაქციას წარმოშობს. ამგვარად იქმნება დევიანტურობის მზარდი სპირალი,რომლის ყოველი ხევული უჩვენებს რეაქციას გაზრდილ სოციალურ კონტროლზე.

კომენტარები: