თეზაურუსიd

Discourse

დისკურსი. ამ ტერმინს, ტერმინ 'კოდის" მსგავსად, იმდენად ფართო განმარტებითი ველი აქვს, რომ მისი განსაზღვრება თითოეულ შემთხვევაში მხოლოდ სრული კონტექსტის გათვალისწინებით ხდება შესაძლებელი. მედიისთვის ყველაზე მეტად მისაღებია დისკურსის განმარტება, როგორც ენის გამოყენების ფორმისა ან ჟანრისა. მაგალითად, ახალი ამბები ან სარედაქციო სტატია (ედითორიალი) მედიური დისკურსის ნიმუშებია, ისინი თავისთავში გულისხმობენ სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კონტექსტის წარმოჩენის სპეციფიკურ ენასა და სტილს. ენათმეცნიერი გიუნთერ კრესი ნაშრომში Lingustic Precesses in Sociocultural Practice (Australia: Deaken University Press, 1985) დისკურსის ამგვარ განმარტებას გვთავაზობს: "ინსტიტუციებსა და სოციალურ ჯგუფებს თავიანთი სპეციფიკური მნიშვნელობები და ღირებულებები აქვთ, რომლებსაც ისინი სისტემატურად იყენებენ ენაში... ენისა და მეტყველების სწორედ ამ სისტემურად ორგანიზებულ ფორმებს ვუწოდებ დისკურსს. დისკურსი... გამოხატავს ინსტიტუციებისთვის დამახასიათებელ მნიშვნელობებსა და ღირებულებებს". ყველა დისკურსი ნარატივით არის დაჩარჩოებული. დისკურსი არის ის, რა ენითაც და როგორაც არის მოთხრობილი, გადმოცემული მედიური ნაწარმოები.

კომენტარები: