თეზაურუსიe

El Pais

“ელ პაისი” (ესპ. - „ქვეყანა“) ესპანეთის ყველაზე მაღალტირაჟიანი,ყოველდღიური გაზეთია. დაარსდა 1976 წლის მაისში, ესპანელ დიქტატორ ფრანცისკო ფრანკოს გარდაცვალებიდან ექვს თვეში. „ელ პაისი“ მსოფლიოს 20 საუკეთესო გაზეთის სიაშია. მისი იდეოლოგია მემარცხენე-ცენტრისტულია. გაზეთის მფლობელია კომპანია Prisa communication group-ი.

„ელ პაისი“ იმ დროს დაარსდა, როდესაც ესპანეთში დემოკრატიისკენ მიმართული გარდაქმნის პროცესი მიმდინარეობდა. ის იყო პირველი დემოკრატიული გამოცემა იმ გამოცემებს შორის, რომლებიც ჯერ კიდევ ფრანკოს იდეოლოგიას მისდევდნენ. 1981 წლის 23 თებერვლის ღამის მოვლენების გაშუქების გამო გაზეთს დემოკრატიის ბასტიონის სტატუსი მიანიჭეს. ამ დღეს ლეიტენანტმა ანტონიო ტეხერო მოლინამ ვალენსიაში პარლამენტის ყველა წევრი მძევლად აიყვანა და სახელმწიფო გადატრიალებას შეეცადა. ტელევიზიებმა მეფე ხუან კარლოსის სიტყვის ტრანსლირება ვერ მოასწრეს, „ელ პაისმა“ კი სპეციალური ნომერი გამოუშვა, რომელსაც „ელ პაისი - კონსტიტუციისთვის’’ ეწოდა.

1990-იანი წლების დასაწყისში „ელ პაისს“ პოლიტიკური და პროფესიული დაბრკოლებები შეექმნა, როდესაც სოციალისტური პარტიის მთავრობა პრემიერ-მინისტრ ფელიპე გონსალესის მეთაურობით კორუფციაში ამხილეს და გაზეთს მმართველი პარტიის საწინააღმდეგო სტატიების წერა მოუწია. 2007 წლის 26 სექტემბერს გაზეთმა პრეზიდენტ ბუშისა და ეპანეთის მაშინდელი პრემიერის, ჟოზე მარია აზნარ ლოპესის დიალოგი გამოაქვეყნა. საუბარი ერაყის ომს შეეხებოდა.

„ელ პაისი“ ესპანეთის დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ტრადიციულად მხარს ესპანეთის მეფე ხუან კარლოს პირველს უჭერს. გაზეთი დიდ ადგილს უთმობს საერთაშორისო ამბების, კულტურის, ეკონომიკისა და ესპანეთის ადგილობრივი სიახლეების გაშუქებას.

elpais.com 

კომენტარები: