ბიოგრაფიაh

Harding, Luke

ლუკ ჰარდინგი

 

ბრიტანელი ჟურნალისტი, „გარდიანის“ (Guardian) კორესპონდენტი. დაიბადა 1968 წელს, სწავლობდა ოქსფორდის უნივერსიტეტში (Oxford University), 1996 წლიდან „გარდიანშია“. მუშაობდა დელიში, ბერლინში, მოსკოვში... რეპორტაჟებს ამზადებდა ავღანეთის, ერაყისა და ლიბიის ომების შესახებ... ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს ლონდონში.

საყოველთაოდაა ცნობილი მისი სკანდალური დეპორტაცია რუსეთიდან, სადაც ის 2007-2011 წლებში „გარდიანის“ კორესპონდენტად მუშაობდა. ჰარდინგი ძალიან მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებას, განსაკუთრებით კი - ვლადიმერ პუტინს; წერდა მის ქონებაზე; იმაზეც, რომ პუტინმა ლიტვინენკოს მკვლელობის შესახებ ყველაფერი იცოდა. ჰარდინგის წიგნი „მაფიოზური სახელმწიფო: როგორ იქცა ერთი რეპორტიორი ახალი, სასტიკი რუსეთის მტრად“ (Mafia State: How one reporter became an enemy of the brutal new Russia) „გარდიანის“ გამომცემლობამ გამოაქვეყნა.

ჟურნალისტის თქმით, რუსეთში მუშაობისას ის მუდმივად უშიშროების რუსული სამსახურების ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იყო.

რუსეთიდან ჰარდინგის დეპორტაციას ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვა; მით უფრო, რომ ეს პირველი ასეთი ფაქტი იყო „ცივი ომის“ შემდეგ. ჟურნალისტები რუსეთის ხელისუფლების ქმედებას შურისძიების უღირს მაგალითად მოიხსენიებდნენ და ჰარდინგის პრეცედენტს იმის დასტურად ასახელებდნენ, რომ ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით მძიმე ვითარება იყო.

როგორც ცნობილია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს დიდ ბრიტანეთში ვიზიტისას ბი-ბი-სის ეთერში შეკითხვა ლუკ ჰარდინგის დეპორტაციის შესახებ დაუსვეს. პასუხად მან ტექნიკური მიზეზები დაასახელა და უარყო ის ფაქტი, რომ დეპორტაციას პოლიტიკური სარჩული ჰქონდა.

კომენტარები: