ორგანიზაციაh

Houston Chronicle

“ჰიუსტონ ქრონიკლი“ (ინგლ. – „ჰიუსტონის ქრონიკები“) ამერიკული ყოველდღიური ახალი ამბების გაზეთია. მისი სათაო ოფისი ტეხასის შტატის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქ ჰიუსტონში მდებარეობს.

გაზეთი 1901 წელს დაარსდა. მისი დამაარსებელი Houston Post-ის (დღეს უკვე არარსებული) ყოფილი ჟურნალისტი მარსელიუს ფოსტერია (Marcellus Elliot Foster). ფოსტერი იმ დროს Houston Post-ში ახალი ნავთობჭაბურღილების ბუმის, ე. წ. Spindletop Boom-ის შესახებ წერდა. მან Spindletop-ში ინვესტიცია ჩადო და 30 დოლარის (იმ დროისთვის ერთი კვირაში გამოსამუშავებელი თანხის ოდენობა) მიღების შემდეგ გაზეთი Houston Chronicle-ი დააარსა. პირველი ნომერი 1901 წლის 14 ოქტომბერს 2 ცენტად გაიყიდა (იმ დროისათვის ყველაზე ძვირი გაზეთი 5 ცენტი ღირდა). თვის ბოლოსთვის გაზეთის ტირაჟმა 4 400 ცალს მიაღწია - უხეში გაანგარიშებით ეს რიცხვი მაშინდელი ტეხასის მოსახლეობის მეათედს უდრიდა.

1926 წლამდე გაზეთს მარსელიუს ფოსტერი ედგა სათავეში, მოგვიანებით კი მან ოთხი მფლობელი გამოიცვალა. 1926-1956 წლებს ჯესი ჯონსის (Jesse H. Jones) ერას უწოდებენ. მან გაზეთი ფოსტერისგან იყიდა და სიცოცხლის ბოლომდე მისი ხელმძღვანელი იყო. 1956-1965 წლებში გაზეთს ჯონ ჯონსი (John T. Jones) ედგა სათავეში , 1965-1987 წლამდე - ჰოვარდ კრიკმორი (J. Howard Creekmore), 1987 წლიდან დღემდე კი Houston Chronicle-ი Hearst Corporation-ის საკუთრებაა.

2008 წლის 18 ოქტომბრის ნომერში გაზეთმა ღიად დააფიქსირა დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატის, ბარაკ ობამასადმი სიმპატია, რაც ტეხასური გაზეთისთვის (ტეხასის შტატი ჩვეულებრივ რესპუბლიკელთა ელექტორატითაა დასახლებული) უჩვეულო იყო. პირველად და უკანასკნელად მსგავსი რამ 1964 წელს მოხდა, როდესაც გამოცემამ მხარი დემოკრატების კანდიდატ ლინდონ ჯონსონს დაუჭირა.

შტატის მასშტაბით Houston Chronicle-ს ყველაზე დიდი ტირაჟი აქვს, ხოლო ამერიკაში ამ მხრივ იგი მეცხრე ადგილზეა. გაზეთის მფლობელი Hearst Corporation-ი ერთ-ერთი უმსხვილესი მედიაკომპანიაა, რომლის ბოლო წლის მოგება 4 მილიარდი დოლარი იყო. გაზეთში 2 000 ადამიანია დასაქმებული. გამოცემას ბიუროები აქვს ამერიკის ორ ქალაქში: ვაშინგტონსა და ტეხასის დედაქალაქ ოსტინში. მის ვებგვერდს თვეში საშუალოდ 75 მილიონი მკითხველი სტუმრობს.

chron.com 

კომენტარები: