ბიოგრაფიაl

Lukashenko, Alexander

ალექსანდრე ლუკაშენკო 


 

ბელორუსის მოქმედი პრეზიდენტი, რომელსაც დასავლური მედია საშუალებები ხშირად "ევროპის უკანასკნელ დიქტატორად" მოიხსენიებენ.

ალექსანდრე გრიგორის ძე ლუკაშენკო დაიბადა 1954 წლის 30 აგვისტოს ვიტებსკის ოლქის, სოფელ კოპისში. დაამთავრა მოგილევსკის პედაგოგიური ინსტიტუტი ისტორიის პედაგოგის სპეციალობით; მოგვიანებით (დაუსწრებლად) ბელორუსის სოფლის მეურნეობის აკადემიის ეკონომიკის ფაკულტეტი "სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეკონომისტი-ორგანიზატორის" სპეციალობით. 1975-77 წლებში მსახურობდა სსრკ-ს უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო ჯარში. 1979 წელს გახდა კომპარტიის წევრი. 1982 წელს დაინიშნა შკლოვსკის რაიონის კოლმეურნეობის თავმჯდომარის მოადგილედ.

მისი პოლიტიკური კარიერა 1990 წელს იწყება; ხდება ბელორუსის უმაღლესი საბჭოს სახალხო დეპუტატი. 1993-94 წლებში ხელმძღვანელობს უმაღლესი საბჭოს კორუფციასთან ბრძოლის კომისიას და გამოირჩევა კრიტიკული, ხმაურიანი განცხადებებით.

ლუკაშენკო დამოუკიდებელი ბელორუსის პირველი პრეზიდენტია. ამ თანამდებობაზე პირველად 1994 წელს ხმების 80,1 %-ით აირჩიეს. მან გაიმარჯვა ასევე 2001 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც. 2004 წელს ჩაატარა რეფერენდუმი და გააუქმა კონსტიტუციაში საპრეზიდენტო ვადის რაოდენობასთან დაკავშირებული შეზღუდვები და 2006 წელს მესამე ვადით იყარა კენჭი. საერთაშორისო ორგანიზაციები ამ არჩევნებს არადემოკრატიულად აფასებდნენ. 2010 წლის დეკემბერში მან მეოთხედ გაიმარჯვა ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელსაც დასავლეთი არ აღიარებს.

თითქმის ათი წლის განმავლობაში 2008 წლამდე ლუკაშენკოს და მასთან დაახალოებულ რამდენიმე ადამიანს აკრძალული ჰქონდა ევროკავშირის და აშშ-ს ტერიტორიაზე შესვლა ბელორუსის ზოგიერთი პოლიტიკური მოღვაწის (ოპოზიციონერების) გაუჩინარებასთან დაკავშირებული ხმაურიანი სკანდალებისა და საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტების და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სტანდარტების დარღვევების გამო. 2008 წელს ეს აკრძალვა დროებით გაუქმდა, მაგრამ ბოლო არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების და საპროტესტო აქციების მონაწილეებთან სასტიკი ანგარიშსწორების შემდეგ, 2011 წლის აპრილში სანქციები ბელორუსის პრეზიდენტის და მისი 35 ჩინოვნიკის მიმართ ხელახლა ამოქმედდა.

ჰყავს მეუღლე გალინა როდიონოვნა, რომელიც მისი ოფიციალური ცოლია, თუმცა ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ჰყავს სამი შვილი - ვიქტორი, დიმიტრი და ნიკოლოზი. ნიკოლოზი 2004 წელს დაიბადა, გავრცელებული ინფორმაციით მისი დედაა ირინა აბელსკაია, ლუკაშენკოს პირადი ექიმი.

კომენტარები: