ორგანიზაციაn

NATO Response Force

NRF (“ნატოს საპასუხო ძალები”) - უმაღლესი მზადყოფნის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მულტინაციონალური სამხედრო ჯგუფი. ატარებს სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ოპერაციებს. NRF ერთგვარი სპეცდანიშნულების რაზმია, რომელსაც ნატო საჭიროების შემთხვევაში უსწრაფესად გადასხამს ხოლმე დანიშნულების ადგილზე.

“ნატოს საპასუხო ძალები” შედგება სამი ნაწილისგან: პირველი - სამმართველო და საკონტროლო ელემენტია, რომელიც ნატოს საკონტროლო სტრუქტურიდან იმართება; მეორე - სპეცდანიშნულების რაზმია, იგივე სამხედრო ჯგუფი, რომელიც წევრი ქვეყნების მიერ გამოგზავნილი 13 000 სამხედროსაგან შედგება და მესამე - საპასუხო ძალების ბიურო, რომელიც ძალების უსწრაფეს მობილიზებას უზრუნველყოფს.

2004 წელს ათენის ოლიმპიადის მსვლელობისას NRF აქტიურად მონაწილეობდა თავდაცვითი ღონისძიებების გატარებაში. ასევე 2004 წელს პაკისტანში გაიგზავნა ჯგუფები, რომლებიც ადგილობრივი საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას უზრუნველყოფდნენ.

NRF გამოიყენება როგორც სამხედრო, ასევე ჰუმანიტარული მიზნებისთვისაც. 2005 წელს NRF-ის თვითმფრინავებმა ქარიშხალ კატრინასგან დაზარალებულ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯგუფები ჩაიყვანეს, რომელთა მიზანიც აშშ-სთვის ქარიშხლის მიერ მიყენებული ზიანის აღმოფხვრაში დახმარების გაწევა იყო.

NRF-ის შექმნის იდეა 2002 წელს პრაღის სამიტზე გაჩნდა. ამის შემდეგ დაიწყო კონცეფციის შემუშავება და 2003 წელს ბრიუსელში თავდაცვის მინისტრთა საბჭომ მის შექმნას მხარი დაუჭირა. 2004 წლის 13 ოქტომბერს რუმინეთის ქალაქ პოიანა-ბრასოვში, თავდაცვის მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე, ცნობილი გახდა, რომ NRF უკვე მზად იყო საბაზო დანიშნულების შესასრულებლად და მას 17 000 ადამიანისგან შემდგარი გუნდი ემსახურებოდა. 2006 წელს რიგის სამიტზე კი გაცხადდა, რომ 25000 კაცის შემადგენლობით NRF მზად იყო, რათა სრული დატვირთვით ემუშავა.

nato.int

კომენტარები: