ორგანიზაციაn

NATO-Russia Council

NRC (“ნატო-რუსეთის საბჭო”) 2002 წელს დაარსდა. კომისია კონსენსუსების მიღწევის, თანამშრომლობისა და საერთო გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმს წარმოადგენს. საბჭოს ფარგლებში ნატოს წევრი ქვეყნები და რუსეთი არიან - თანაბარ პირობებში მყოფი პარტნიორები, რომლებიც ერთობლივი ძალისხმევით უმკლავდებიან გამოწვევებს უსაფრთხოების საკითხებში.

2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებული არაპროპორციული ძალის გამო ალიანსმა დროებით შეაჩერა NRC-ის ფორმატში რუსეთთან ოფიციალური შეხვედრები. მიუხედავად ამისა, ნატომ მაინც განაგრძო რუსეთთან თანამშრომლობა ისეთ საკვანძო საკითხებში, როგორებიცაა ანტინარკოტიკული და ანტიტერორისტული კამპანიები. 2009 წლის მარტში კი ნატომ მიიღო გადაწყვეტილება, დაბრუნებოდა რუსეთთან მუშაობის ჩვეულ ფორმატს.

“ნატო-რუსეთის საბჭოს” მიზანია, უზრუნველყოს ნატოსა და რუსეთს შორის პრინციპული საკითხების სისტემატიზაცია და ხელი შეუწყოს ალიანსისა და რუსეთის საერთო ინტერესების დაცვა-გატარებას. კონსენსუსის ბაზაზე მომუშავე ნატო-რუსეთის კომისია აწარმოებს დიალოგებს ორ მხარეს შორის, რათა გარკვეული პრობლემის მიმართ ორივე მხარის ხედვა განიხილოს. საბჭო ასევე ცდილობს, ვითარების მოსაგვარებლად ორ მხარეს შორის აზრთა სხვადასხვაობის წარმოქმნისთანავე მოახდინოს საკითხის იდენტიფიკაცია. NRC განსაზღვრავს ნატო-რუსეთის საერთო ხედვებს, აწარმოებს პრაქტიკულ თანამშრომლობას და ზოგჯერ, საჭიროების შემთხვევაში, მხარეები ერთობლივ ოპერაციებსაც კი ატარებენ.

ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრებში მონაწილეობს ნატოს წევრი 28 ქვეყანა და რუსეთი. შეხვედრებს ნატოს გენერალური მდივანი უძღვება. ელჩებისა და სამხედრო წარმომადგენლების დონეზე NRC-ის ფორმატით შეხვედრები თითქმის ყოველთვიურად ტარდება, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრთა შეხვედრები - წელიწადში ორჯერ, ხოლო სამიტებზე NRC-ის შეხვედრები იშვიათად იმართება.

“ნატო-რუსეთის საბჭოს” ფორმატში ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფები და კომიტეტები, რომლებიც ხელს უწყობენ თანამშრომლობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე - მშვიდობის შენარჩუნების, საჰაერო სივრცის მენეჯმენტის, თავდაცვის რეფორმის, ლოჯისტიკისა და სამეცნიერო მუშაობის წარმართვის საკითხებში. 

კომენტარები: