ორგანიზაციაn

Neue Zürcher Zeitung

[NZZ] “ნოიე ციურიხერ ცაიტუნგი” (გერმ. - “ახალი ციურიხის გაზეთი”) გამოიცემა შვეიცარიის მთავარ საფინანსო ქალაქ ციურიხში. მისი ორიენტაცია მემარჯვენე ცენტრისტულია. მიიჩნევა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გაზეთად. დაარსდა 1780 წელს და არის ერთ-ერთი უძველესი შვეიცარიული გაზეთი იმ გამოცემებს შორის, რომლებიც დღესაც გამოდიან. თავდაპირველად მისი დანიშნულება იყო, შეეგროვებინა ახალი ამბები საუკეთესო გერმანული, ფრანგული, ჰოლანდიური, იტალიური და ინგლისური გამოცემებიდან. დღეისთვისაც საერთაშორისო ახალი ამბები გაზეთში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

გაზეთს თავდაპირველად Zürcher Zeitung-ი ერქვა და იგი ყოველკვირეულად გამოიცემოდა. 1821 წელს რეორგანიზაცია მოხდა, გამოცემას Neue Zürcher Zeitung-ი დაერქვა და იგი უკვე კვირაში ორჯერ გამოდიოდა. 1868 წელს გაზეთი საჯარო კომპანიად გარდაიქმნა და მისი აქციები დაინტერესებული ციურიხელების საკუთრება გახდა. დღესდღეობით გაზეთს 1400 აქციონერი ჰყავს და მათგან არც ერთ მესაკუთრეს არ აქვს წილის ერთ პროცენტზე მეტი. 1894 წელს გაზეთი კვირაში სამჯერ, 1974 წლიდან კი კვირაში ხუთჯერ (ორშაბათი–პარასკევი) გამოიცემა.

Neue Zürcher Zeitung-ის რეპორტაჟები ფრთხილი და მოზომილია, ფაქტები კომპეტენტურ წყაროებს ეყრდნობა, მოცემულია ღრმა ანალიზი. სხვა გაზეთებთან შედარებით NZZ-ის გვერდების უდიდესი ნაწილი საერთაშორისო ახალ ამბებს ეთმობა. გაზეთს მსოფლიოს 30 უმნიშვნელოვანეს ქალაქში, როგორც წესი,  ორ-ორი კორესპონდენტი ჰყავს: ერთი – ეკონომიკის, ხოლო მეორე – პოლიტიკის სფეროში. ზოგჯერ, ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფის მიზნით, გაზეთს უწევს მსოფლიოში მომხდარი ამა თუ იმ მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ სტატიის დაბეჭდვის დაყოვნება მანამდე, სანამ მას ინფორმაციის მაქსიმალური სიზუსტით გადმოცემის შესაძლებლობა არ მიეცემა. 

გაზეთი ყოველთვის გამოირჩეოდა სამართლიანობითა და მიუკერძოებლობით. 1934 წელს გერმანიაში  ნაცისტებმა გაზეთი დაბლოკეს იმის გამო, რომ 1933 წლის 27 თებერვალს რაიხსტაგის დაწვაში მან  ბრალი არა კომუნისტებს, არამედ ჰერმან გერინგს (რაიხსტაგის პრეზიდენტი და ნაცისტური პარტიის ერთ-ერთ წამყვანი ფიგურა) დასდო. 1945 წლიდან, ცივი ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში, Neue Zürcher Zeitung-მა  დიდი აღიარება მოიპოვა ობიექტური და მიუკერძოებელი პოლიტიკის გამო. გაზეთს რეგულარული მკითხველები ჰყავს მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ქალაქებში – კრემლიდან თეთრ სახლამდე. 

გაზეთის მთავარი რედაქტორი მარკუს შპილმანია. გამოცემის ტირაჟი დღეში 132 670 ეგზემპლარია და მას საშუალოდ 315 000 მკითხველი ჰყავს - ძირითადად, გერმანულენოვან ქვეყნებში. გაზეთი  ევროპაში ერთ-ერთ წამყვან პოლიტიკურ-ეკონომიკურ გამოცემად ითვლება. 

nzz.ch 

კომენტარები: