თეზაურუსიn

New Media

ახალი მედია. ტერმინი აღნიშნავს საინფორმაციო-საკომუნიკაციო საშუალებების ერთობლიობას, რომლებიც ინფორმაციას ქმნიან და ავრცელებენ უახლესი საინფორმაციო-საკომუნიკაციო კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით კიბერსივრცეში. ახალი მედიის შეტყობინება არის დიგიტალიზებული (გაციფრულებული, ბინარული კოდით გადმოცემული) და კონვერგენციული (ნაწერი, ხმოვანი და ვიზუალური ტექსტების ერთობლიობა). ახალ მედია მოიცავს სოციალურ მედიასაც, რომელიც თავისი ფუნქციონირების მექანიზმით ყოველ მომხმარებელს თანაბარ შესაძლებლობას სთავაზობს, გახდეს ავტორიცა და გამომცემელიც.  აკადემიური განმარტებებით, ახალი მედია თავის თავში კვაზიმედიასაც მოიცავს. ახალი მედიის გამორჩეული მახასიათებლებია: შეტყობინების ტირაჟირების შეუზღუდავი შესაძლებლობები, ერთდროულად საჯარო და კერძო ფუნქციები, უკუკავშირის მყისიერება, კომუნიკაციის ადგილის უქონლობა. ახალი მედია, თავისი ყველაზე ფართო განსაზღვრებით, აღნიშნავს საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და მათთან ასოცირებული სოციალური კონტესტის ერთობლიობას. ეს არის სამი რგოლის ურთიერთკავშირი: საკომუნიკაციო არტიფაქტის, მისი მეშვეობით განხორციელებული აქტივობის და მის ირგვლივ შექმნილი სოციალური ორგანიზაციისა.

კომენტარები: