ორგანიზაციაn

North Atlantic Treaty Organization [NATO]

NATO (“ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია”) საერთაშორისო სამხედრო ალიანსია. ჩამოყალიბდა 1949 წლის 4 აპრილს, მისი შტაბბინა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში მდებარეობს.

ორგანიზაცია იზიარებს კოლექტიური თავდაცვის პრინციპს, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდასხმა ნატოს რომელიმე წევრზე აღიქმება, როგორც თავდასხმა სრულიად ნატოზე.

ნატოს ფუნდამენტური პრინციპია მისი წევრების თავისუფლებისა და უსაფრთხოების დაცვა, როგორც პოლიტიკური, ისე - მილიტარისტული გზით. ნატო აერთიანებს 28 წევრ ქვეყანას ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ეს ქვეყნები ქმნიან ურთიერთთანამშრომლობის ჯაჭვს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. ამ საქმეს მათ ნატოს წევრობა უადვილებთ.

მიუხედავად იმისა, რომ ნატოს დაარსების შემდეგ მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვალა, ალიანსს მისი წევრები დღესაც ცვალებად სამყაროში გეოპოლიტიკური სტაბილურობის გარანტად მიიჩნევენ. დღეისათვის ნატოს წევრებს უწევთ ისეთ გამოწვევებთან გამკლავება, როგორებიცაა, მაგალითად, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება, კიბერშეტევები, ტერორიზმი და სხვა...

გამოწვევების საპასუხოდ ნატო ცდილობს განავითაროს საჭირო მექანიზმები, რათა მოახერხოს პრობლემის დროული აღმოფხვრა ან დროებით შეჩერება მაინც. კრიზისთან ბრძოლისას ნატო იყენებს მის ხელთ არსებულ ნებისმიერ ინსტრუმენტს, იქნება ეს პოლიტიკური თუ მილიტარისტული საშუალება. ვაშინგტონის შეთანხმების თანახმად, ნატოს მთავარი პრინციპებია სოლიდარობა, დიალოგი და თანამშრომლობა ნებისმიერ პრობლემატურ საკითხთან დაკავშირებით.

1948 წელს ბელგიას, ნიდერლანდებს, ლუქსემბურგს, საფრანგეთსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ხელი მოეწერა სამხედრო თანამშრომლობის აქტს, ე. წ.‘’ბრიუსელის ხელშეკრულებას’’, რომელიც ნატოს შეთანხმების წინაპრად ითვლება. საბჭოთა კავშირის მიერ ბერლინის ბლოკადის შემდეგ დასავლეთ ევროპისთვის ნათელი გახდა, თუ რა გამოწვევასთან ჰქონდა საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელის ხელშეკრულების ქვეყნების სამხედრო-პოლიტიკური პოტენციალი საკმაოდ ძლიერი იყო, ისინი ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების გარეშე საბჭოთა მილიტარისტულ პოტენციალს ვერ დაუპირისპირდნენ, ამიტომ საჭირო გახდა ხელშეკრულებაში აშშ-ს ჩართვა, რაც განხორციელდა კიდეც 1949 წლის 4 აპრილს ვაშინგტონში. შეთანხმებას ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულება ეწოდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ‘’ბრიუსელის ხელშეკრულების’’ ქვეყნებმა: აშშ-მა, კანადამ, პორტუგალიამ, იტალიამ, ნორვეგიამ, დანიამ და ისლანდიამ.

ამის შემდეგ ნატო კიდევ შვიდჯერ გაფართოვდა: 1952 წელს მას თურქეთი და საბერძნეთი შეუერთდნენ; 1955-ში დასავლეთ გერმანია, 1982-ში კი ესპანეთი შევიდა ნატოს შემადგენლობაში; 1990 წელს გერმანიის გაერთიანებასთან ერთად აღმოსავლეთ გერმანია (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა) ნატოს წევრი გახდა, 1999 წელს კი პოლონეთი, ჩეხეთი და უნგრეთი შეუერთდა ჩრდილოატლანტიკურ ოჯახს. 2004 წელს მოხდა ნატოს ყველაზე დიდი გაფართოება და მას 7 ახალი ქვეყანა დაემატა: ლიტვა,ლატვია, ესტონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ბულგარეთი და რუმინეთი; ამის შემდეგ, 2009 წელს, ნატომ ხორვატია და ალბანეთი მიიღო თავის რიგებში.

ნატოს აქვს სამი ძირეული მიმართულება: კოლექტიური თავდაცვა, კრიზის-მენეჯმენტი და პარტნიორობაზე დამყარებული კოლექტიური უსაფრთხოება. ნატოს განაცხადის თანახმად, ის ეფუძნება დემოკრატიულ ფასეულობებს და ყველანაირად ცდილობს, კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტას, მაგრამ, თუ დიპლომატია უშედეგო აღმოჩნდა, კრიზისის დროულად აღმოფხვრის მიზნით, ის იტოვებს სამხედრო ჩარევის უფლებას. ამჟამად ნატოს უმთავრესი პრიორიტეტია ეგრეთ წოდებული ISAF-ის (The International Security Assistance Force) პროგრამა ავღანეთში. ამ პროგრამის მიზანია, დაეხმაროს ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას, გააძლიეროს საკუთარი ავტორიტეტი და შექმნას სტაბილური და დაცული გარემო, სადაც შესაძლებელი გახდება რეკონსტრუქცია და განვითარება. მას ავღანეთში ყველაზე დიდი კონტინგენტი ჰყავს. ISAF-ის პროგრამაში ჩაბმულია საქართველოც.

ISAF-ის გარდა ნატო ახორციელებს დამატებით კიდევ ოთხ ოპერაციას: 1999 წლის ივნისიდან ალიანსი ატარებს სამშვიდობო ოპერაციებს კოსოვოში. ალიანსის გემები აკონტროლებენ ხმელთაშუა ზღვის აკვატორიას, აკვირდებიან გემების მოძრაობას, რათა გამოააშკარაონ ტერორისტული აქტივობები. ალიანსი იბრძვის საზღვაო მეკობრეობის წინააღმდეგ ადენის ყურესა და ე. წ. ‘’აფრიკის რქის’’ ქვეყნებში (ჯიბუტი, ერიტერია, ეთიოპია, სომალი). აფრიკული გაერთიანების (African Union) თხოვნით ნატო ეხმარება სომალის მშვიდობიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში.

ნატოს ჰყავს გენერალური მდივანი, რომელიც ირჩევა ოთხი წლის ვადით. ის უნდა იყოს წევრი-ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ფიგურა. გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს ჩრდილოეთ ატლანტიკური საბჭოს სხდომებს. ნატოს პირველი გენერალური მდივანი იყო გენერალი ლორდ ჰასტინგს ისმაი. დღემდე ნატოს სულ 12 გენერალური მდივანი ჰყავდა. ამჟამად ალიანსის მთავარ პოსტს დანიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდერს ფოგ რასმუსენი იკავებს.

nato.int

კომენტარები: