ორგანიზაციაo

Open Society Foundation

OSF (2011 წლამდე Open Society Institute, OSI) – “ფონდი ღია საზოგადოება” საგრანტო ორგანიზაციაა. მისი ფუძემდებელია მულტიმილიარდელი ბიზნესმენი ჯორჯ სოროსი. ფონდის მიზანია, ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიის, ეკონომიკის, სასამართლო და სოციალური რეფორმების ხელშეწყობა და წახალისება. მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაა.

ღია საზოგადოება დაარსდა 1993 წელს. ის გახდა ჯორჯ სოროსის ფონდების გამაერთიანებელი ორგანიზაცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და ასევე, პოსტსაბჭოთა სივრცეში. 1984 წლის 28 მაისს სოროსმა ფონდსა და უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიას შორის გააფორმა კონტრაქტი, რომლის საფუძველზეც დაარსდა სოროსის ფონდი ბუდაპეშტში. ამას მოჰყვა სხვადასხვა ქვეყანაში ფონდების დაარსება, რათა ქვეყნებს შეძლებოდათ კომუნიზმისგან გათავისუფლება. OSF 60 ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ახორციელებს პროექტებს.

2009 წლის OSF-ის კვლევების მიხედვით, აფრიკა (სამხრეთ აფრიკის გარდა) მთავარი სამიზნე რეგიონია. მას ფონდი 51 000 000 აშშ დოლარით დაეხმარა. თანხა მოხმარდა: სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, ადამიანის უფლებებს, განათლებას, სასამართლოს, მედიას, ჯანდაცვას... OSF-მა ასევე გამოაქვეყნა იმ ქვეყნების სია, რომლებიც ყველაზე მეტ დახმარებას იღებენ. პირველ ადგილზე გავიდა უკრაინა 8,47 მილიონი დოლარით, მას მოსდევს სამხრეთ აფრიკა 7,23 მილიონით, რუსეთი - 6,29 მილიონი დოლარით, სერბეთი - 5,04 მილიონით. მეხუთე ადგილი საქართველოს ერგო 4,84 მილიონი დოლარით. ეს თანხა გადანაწილდა შემდეგ სფეროებზე: მედია, ადამიანის უფლებები, სამოქალაქო საზოგადოება, საყოველთაო ჯანდაცვა და სხვა... კვლევებში მოყვანილი 10 ქვეყნიდან, რომლებმაც ყველაზე დიდი რაოდენობის დახმარება მიიღეს, 6 პოსტსაბჭოთა სივრციდანაა, ხოლო 3 კი - აღმოსავლეთ ევროპის ნაწილია. ფონდი პოსტკომუნისტური ქვეყნების თანამედროვე ცივილიზებულ სახელმწიფოებად და დემოკრატიული სამყაროს სრულუფლებიან წევრებად გარდაქმნას ცდილობს.

soros.org

კომენტარები: