ორგანიზაციაs

Süddeutsche Zeitung

“ზუდდოიჩე ცაიტუნგი” (გერმ. – “სამხრეთგერმანული გაზეთი”) დაარსდა მიუნხენში 1945 წელს. გაზეთი მემარცხენე ლიბერალური ძალების მხარდამჭერია, თუმცა ამავდროულად ითვლება, რომ ის არავის გავლენის ქვეშ არ არის და დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გამტარებელია. გაზეთი გამოიცემა ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. Süddeutsche Zeitung-ი (SZ) გამოირჩევა პირველი გვერდის სვეტით, სადაც მიმდინარე მოვლენების ირონიული ანალიზია შემოთავაზებული. გაზეთი გვთავაზობს როგორც ნაციონალური, ისე საერთაშორისო მოვლენების ამსახველ საკმაოდ დეტალურ და კომპეტენტურ პუბლიკაციებს.

Suddeutsche Zeitung-ი იყო პირველი გაზეთი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომელმაც ლიცენზია ამერიკის სამხედრო მთავრობისგან მოიპოვა. გაზეთი ე. წ. ”ლიცენზირებული პრესის” რიგებშია. ლიცენზირებულ პრესას გერმანიაში იმ გამოცემებს უწოდებენ, რომლებსაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ „ოკუპანტი მთავრობებისგან“ აქვთ ლიცენზიები მიღებული.

2000 წელს გერმანიაში ყოველდღიური გაზეთების ბაზარზე კრიზისის გამო პრობლემები SZ-საც შეექმნა. საჭირო იყო ახალი ინვესტორების მოძიება. გაზეთის 18,75 % Stuttgarter Zeitung-ის მფლობელმა ჰოლდინგმა Südwestdeutsche Medien Holding-მა შეიძინა, ხოლო 44 % კი ნორდრაინ–ვესტფალენურ Medien-Union GmbH-ს ერგო (აღსანიშნავია, რომ Medien-Union GmbH-ს ჩრდილოგერმანული გამოცემა Rheinfalz-იც ეკუთვნის). ეკონომიკური სიტუაცია შემდეგ წლებში საგრძნობლად გამოსწორდა. თუ გაზეთის დეფიციტი 2002 წელს 76,6 მილიონ ევროს შეადგენდა, 2003-ში ის 600 000 ევრომდე შემცირდა, ხოლო 2004 წელს კი მან დადებითი შედეგი - 37,1 მილიონი ევროთი ზრდა აჩვენა.

2000 წელი გაზეთისთვის მარტო ეკონომიკურად არ ყოფილა რთული. მაისში SZ სკანდალშიც გაეხვია: ცნობილი გახდა, რომ გაზეთი ჟურნალისტ ტომ კუმერის გამოგონილ ინტერვიუებს აქვეყნებდა. კუმერის მცდელობა რეალობისა და ფანტაზიის არევისა საკმაოდ დიდხანს იყო მსჯელობის საგანი გერმანულ და არა მარტო გერმანულ საზოგადოებაში.

2006 წელს ცნობილი გახდა, რომ SZ საკვირაო გაზეთის გამოცემას აპირებდა, მაგრამ 2008 წლის ნოემბერში ეს გეგმა გაიყინა. 2006 წელს Suddeutsche Zeitung-ი და Frankfurter Allgemeine Zeitung-ი სასამართლოში ერთობლივად დამარცხდნენ ლიტერატურულ ჟურნალ Parlentaucher-თან დავაში. გამოცემები ჟურნალს მათი ლიტერატურული რეცენზიების ონლაინმაღაზია buecher.de-ში განთავსებასა და გაყიდვაში სდებდნენ ბრალს.

2007 წელს გაზეთის ხუთი მფლობელი კომპანიიდან ოთხმა მათი საერთო წილი - 81,25 % - Südwestdeutsche Medien Holding-ს მიჰყიდა. ეს მედიაჰოლდინგი დღესაც გაზეთის მმართველია.

გაზეთი 431 756 ეგზემპლიარით გერმანიაში პირველ ადგილზეა რეგიონთაშორის გაზეთებში გამოწერების მიხედვით. მას საშუალოდ 1,27 მილიონი მკითხველი ჰყავს. გაზეთს ოფისები აქვს გერმანიის ქალაქებში: აუგსბურგში, ბერლინში, დრეზდენში, დუსელდორფში, ფრანკფურტ-ამ-მაინში, ჰამბურგში, კარსრუეში, ნიურნბერგში, რეგეგენსბურგსა და შტუტგარტში. ერთი სიტყვით, გაზეთი ინფორმაციას მთელი გერმანიის მასშტაბით ოპერატიულად იღებს. გაზეთის მთავარი რედაქტორი (2011 წლიდან დღემდე) კურტ კისტერია.

2006 წლის 18 დეკემბრიდან გამოცემას აქვს ინტერნეტპორტალიც, რომელიც ვიდეოდართულ სტატიებსაც გვთავაზობს ხოლმე. ინტერნეტგამოცემას 25 რედაქტორი და 10 მიმომხილველი ჰყავს. SZ-ის ინტერნეტპორტალი ერთ-ერთი წამყვანი საინფორმაციო პორტალია მთელი გერმანიის მასშტაბით. მაგალითად, 2011 წლის ნოემბერში გვერდს 35 085 245 მომხმარებელი ჰყავდა.

sueddeutsche.de 

კომენტარები: