თეზაურუსიs

Soap Opera

საპნის ოპერა. რადიო ან სატელევიზიო დრამატული სერიალი. ტერმინის სახელწოდება სათავეს იღებს პირველი სერიალების სპონსორთა საქმიანობიდან. შეერთებულ შტატებში პირველ სერიალებს სპონსორობას საპნის მწარმოებელი კომპანიები უწევდნენ, რომლებსაც ამგვარი ჟანრის მაყურებლად უპირველესად დიასახლისები მიაჩნდათ. დღეს საპნის ოპერა ყველაზე პოპულარული ჟანრია სატელევიზიო პროგრამებს შორის, რომელიც მაყურებელთა ყველაზე მრავალრიცხოვან აუდიტორიას კრებს. თანამედროვე თეორია საპნის ოპერის სამ ტიპს განასხვავებს: დინასტიურს, თემურსა და დიადურს. პირველი ტიპი გვიჩვენებს მდიდარი, ძლევამოსილი და გავლენიანი ოჯახისა და მასთან დაკავშირებული ადამიანების ცხოვრებას (საპნის ოპერის ამ ტიპის საილუსტრაციო მოდელია ამერიკული სერიალი "დინასტია"); თემური ტიპი ასახავს თემის ცხოვრებას და თემის წევრების ურთიერთობას (დიდბრიტანული სერიალი "კორონაციის ქუჩა" სამოდელო სერიალია); დიადური სერიალი, ძირითადად, წარმოაჩენს ახალგაზრდული ჯგუფების ცხოვრებას, ცვალებად წყვილებს, მათ რომანტიკულ ურთიერთობებს და სხვა.

კომენტარები: