თეზაურუსიs

Social Responsibility Theory

სოციალური პასუხისმგებლობის თეორია. 1942 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩიკაგოში შეიქმნა მედიის არსებული მდგომარეობის შემსწავლელი კერძო კომისია, რომელსაც სათავეში ჩიკაგოს უნივერსიტეტის კანცლერი რობერტ ჰატჩინსი ჩაუდგა. როგორც აღნიშნავს კომუნიკაციათმცოდნე დენის მაკქუეილი (2005), კომისიის შექმნა გამოიწვია ამერიკის საზოგადოებაში ქვეყნის პრესის მიმართ გავრცელებულმა კრიტიკამ მისი სენსაციონალიზმისა და კომერციალიზმის გამო, აგრეთვე პოლიტიკურმა დისბალანსმა და მონოპოლისტურმა ტენდენციებმა პრესაში. კომისიამ მიზნად დაისახა,"გამოეკვლია ამერიკული პრესის წარმატებისა და წარუმატებლობის გარემოებები, აღმოეჩინა, იზღუდებოდა თუ არა პრესის თავისუფლება ან სამთავრობო ცენზურის, ან მკითხველებისა და რეკლამის მომწოდებლების ზეწოლით, ან თავად პრესის გამომცემელთა უგნურებისა თუ უუნარობის გამო". კომისიამ მუშაობა 1947 წელს დაასრულა. კომისიის ანგარიშის მიგნებები და დასკვნები საფუძვლად დაედო პრესის სოციალური პასუხისმგებლობის თეორიას. თავად ტერმინი "სოციალური პასუხისმგებლობა" პრესასთან მიმართებაში კომისიის ანგარიშის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო, რომელსაც დღესაც ჟურნალისტური საქმიანობის ერთ–ერთ უმთავრეს სტანდარტად მიიჩნევენ. ანგარიშში მითითებულია: "პასუხისმგებლობის მქონე პრესამ უნდა უზრუნველჰყოს დღის მოვლენების სრული, მართალი, მრავალმხრივი და ნიჭიერად შექმნილი ანგარიში იმ კონტექსტში, რა კონტექსტიც მათ მნიშვნელობას ანიჭებს". სოციალური პასუხისმგებლობის თეორიის ძირითადი პოსტულატებია: 1) პრესას ვალდებულება ეკისრება საზოგადოების წინაშე და მედიის საკუთრების საკითხი საზოგადოებრივი ნდობის საკითხია; 2) ახალი ამბების მედია უნდა იყოს სანდო, მართალი, ზუსტი, სამართლიანი, ობიექტური და რეალობის შესაბამისი; 3) მედია უნდა იყოს თავისუფალი, მაგრამ თვითრეგულირებადი; 4) მედია უნდა იცავდეს ეთიკისა და პროფესიული ქცევის შეთანხმებულ კოდექსებს; 5) გარკვეული გარემოებების ძალით მთავრობას უნდა შეეძლოს მედიის საქმიანობაში ჩარევა საზოგადოებრივი ინტერესის დაცვის მიზნით.

კომენტარები: