ორგანიზაციაs

Stern

„შტერნი“ (გერმ. – „ვარსკვლავი“) გერმანული ყოველკვირეული საინფორმაციო ჟურნალია. ის 1948 წელს ჰენრი ნანენმა (Henry Nannen) დააარსა. ჟურნალი მემარცხენე-ლიბერალურ გამოცემად მიიჩნევა.

1948 წელს ბრიტანეთის საოკუპაციო მთავრობამ ჰენრი ნანენს ლიცენზია ახალგაზრდული ჟურნალის, Zick Zack-ის („ზიგზაგი“) გამოცემისთვის მისცა. ნანენმა ძირეულად შეცვალა ჟურნალის პოლიტიკა, მას სახელი გადაარქვა და „შტერნი“ უწოდა. პირველი ნომერი 1948 წლის 1 აგვისტოს დაიბეჭდა, ის 16 გვერდისგან შედგებოდა და მის ყდაზე მსახიობი ჰილდეგარდ კნეფი (Hildegard Knef) იყო გამოსახული.

მოკავშირეების მიერ ფულის გაფლანგვის შესახებ სტატიის გამოქვეყნების გამო 1950 წელს ბრიტანულმა ადმინისტრაციამ ჟურნალის მუშაობა 1 კვირით დაბლოკა. 1951 წელს ნანენმა თავისი ჰოლდინგი Gruner + Jahr-ს მიჰყიდა. 1968 წელს Stern-მა და Die Zeit-მა უსინათლოებისთვის გაზეთ Stern-Zeit-ის ბეჭდვა დაიწყეს, რომელიც კვირაში ორჯერ გამოდიოდა, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო 2007 წელს გაზეთმა არსებობა შეწყვიტა.

„შტერნის“ რამდენიმე თანამშრომელი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა: 1995 წელს ჟურნალისტი იოჰენ პისტი (Jochen Piest) ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოსთან სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა; ამავე წელს ორი ჟურნალისტი - გაბრიელ გრუნერი (Gabriel Grüner) და ვოლკერ კრამერი (Volker Krämer) - კოსოვოში, ქალაქ დულჟეში დაიღუპნენ; 2001 წელს ვოლკერ ჰანდლოიკი (Volker Handloik) ავღანეთის ჩრდილოეთში გარდაიცვალა.

„შტერნმა“ საერთაშორისო პოპულარობა 1983 წელს ადოლფ ჰიტლერის დღიურების გამოქვეყნებით მოიპოვა. მოგვიანებით, სამეცნიერო კვლევებმა ცხადყო, რომ დღიურები ყალბი იყო. სკანდალის გამო ჟურნალის რედაქტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული შემთხვევა გერმანული ჟურნალისტიკის ისტორიაში შავ ლაქად შევიდა. ინციდენტმა ჟურნალს უდიდესი კრიზისი მოუტანა. „შტერნს“ დანგრეული რეპუტაციის ხელახლა აღდგენა მოუწია.

„შტერნი“ კრიტიკული, ლიბერალური გამოცემაა, თუმცა ის ასევე კონსერვატიული, მემარცხენე და ეკონომიკის საკითხებში ლიბერალური შეხედულებების ავტორთა სტატიებსაც აქვეყნებს.

2006 წლის მონაცემებით, გაზეთის ტირაჟი 1. 019 მილიონი იყო, მკითხველთა რაოდენობა კი 7. 84 მილიონს აღწევდა. ჟურნალი უმსხვილესი გერმანული გამომცემლის, Gruner + Jahr-ის საკუთრებაა. დღესდღეობით გერმანულ ბაზარზე Stern-ის მთავარი კონკურენტი ჟურნალი Spiegel-ია.

stern.de

 

კომენტარები: