ორგანიზაციაt

Tages-Anzeiger

„ტაგეს ანცაიგერი“ (გერმ. – “დღის მაცნე”) მემარცხენე ცენტრისტული პოლიტიკის გამტარებელი, დამოუკიდებელი შვეიცარიული ყოველდღიური გაზეთია. დაარსდა 1893 წელს, გამოიცემა ქალაქ ციურიხში.  მისი ტირაჟია დღეში საშუალოდ 195 618 ეგზემპლიარი. Tages Anzeiger-ი Neue Zürcher Zeitung-თან ერთად გერმანულენოვანი შვეიცარიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გაზეთია.

Tages Anzeiger-ის პირველი ნომერი 1893 წლის 2 მარტს გამოვოდა - ის 16-გვერდიანი იყო და მოიცავდა როგორც ახალ ამბებს, ასევე გასართობ რუბრიკებსაც. გამოჩენიდან 3 წლის თავზე გაზეთი შვეიცარიის ყველაზე ხშირად გამოწერად გაზეთად იქცა. გაზეთის დამაარსებლები არიან გამომცემელი ვილჰელმ გირადეტი და Neue Zürcher Zeitung-ის ყოფილი რედაქტორი ფრიტც ვალცი. 1904 წელს რედაქტორმა ოტო კონიქსმა გამომცემლის ქალიშვილი ბერტა გირადერტი შეირთო ცოლად, მოგვიანებით კი ნაბიჯ-ნაბიჯ იგი აქციების უმრავლესობის მფლობელი და ამავდროულად გაზეთის გამომცემელიც გახდა. მედიაჯგუფი Tamedia, რომელიც გაზეთის მფლობელია, დღესაც კონიქსების ოჯახის საკუთრებაა. 1964 წელს Tages Anzeiger-ი ყველაზე ადრეული დილის გაზეთი გახდა, რადგან მისი ბეჭდვა შუაღამისას მიმდინარეობდა. გაზეთი დღემდე გვიან ღამით იბეჭდება. 2008 წელს გაიზარდა მოთხოვნა ინფორმაციის ინტერნეტის საშუალებით მიწოდებაზე, მას შემდეგ გაზეთი Brner Zeitung-თან ერთად ონლაინპლატფორმა Newsnet-ის პარტნიორია. 

გაზეთის მთავარი რედაქტორები არიან რეს შტრელე და მარკუს აისენჰუტი. გაზეთს მოჰყვება შემდეგი ყოველდღიური დამატებები: 

ორშაბათობით დამატება New York Times International Weekly მოიცავს გაზეთ New York Times-დან რამდენიმე საინტერესო სტატიას, თარგმნილს გერმანულ ენაზე; სამშაბათობითაა Stellen Anzeiger-ი (”სამუშაო ადგილების მაცნე”) - განცხადებებით სამუშაო ადგილების შესახებ ციურიხში; ოთხშაბათობით გამოდის Zuritipp-ი (”რჩევები ციურიხზე”) - რჩევებით მათთვის, ვინც ციურიხში დასვენების ან გართობისთვის საინტერესო ადგილებს ეძებს; ხუთშაბათობით Kulturteil-ი (კულტურის ნაწილი) გვთავაზობს კინოსა და თეატრის პროგრამას; პარასკევის ნომერი დამატების გარეშე გამოდის; შაბათის ნომრის  დამატებაა Das Magazin-ი (”ჟურნალი,”) რომელშიც იბეჭდება დიდი რეპორტაჟები და საავტორო ესეები სხვადასხვა პოლიტიკურ თუ სოციალურ თემებზე. ჟურნალს ფორმატი New York Times-ისგან აქვს აღებული. კვირაობით გაზეთი არ გამოიცემა. 

tagesanzeiger.ch

კომენტარები: