ორგანიზაციაt

taz.die tageszeitung

Die Tageszeitung [taz] “დი ტაგესცაიტუნგი” (გერმ. – „ყოველდღიური გაზეთი“) - დაარსდა 1978 წელს დასავლეთ ბერლინში. გაზეთის დაარსება იყო ერთგვარი რეაქცია 1977 წელს დასავლეთ გერმანიაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე (ე. წ. ”გერმანული შემოდგომაზე”), როდესაც მთავრობა პრესაზე გავლენის მოპოვებას ცდილობდა. taz-ი გამოირჩევა მემარცხენე ძალების, ფემინისტების, პაციფისტებისა და ეკოლოგისტების მხარდაჭერით. გაზეთში თანასწორობის პრინციპს მისდევდნენ და ამის გამო 1991 წლამდე მის ყველა თანამშრომელს ხელფასის სახით თვეში 600 მარკა ჰქონდა. დღესდღეობით გამოცემაში საშუალო ხელფასი თვეში 2000 ევროა.

1978 წელს გამოცემული “დი ტაგესცაიტუნგ”-ი მთელი გერმანიის მასშტაბით ხელმისაწვდომი 1979 წელს გახდა და თან ამა წლის 17 აპრილიდან იგი უკვე ყოველდღიურადაც (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) გამოდის. გაზეთის თანადამფუძნებელი ბუნდესტაგის წევრი, ბუნდნის 90/მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი ჰანს ქრისტიან შტრობელე იყო. მიუხედავად იმისა, რომ გაზეთი ხშირად მწვანეთა პარტიის გადაწყვეტილებას უჭერდა მხარს, ის აკრიტიკებდა 1998-2005 წლებში გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და მწვანეების ალიანსს. 1992 წლისთვის გაზეთი 10 000-ზე მეტი აქციონერის საკუთრება გახდა. დღეისთვის მის მფლობელ კომპანიას 11500 წევრი ჰყავს.

taz-ის ტირაჟი დღეში 53 154 ეგზემპლიარია და მას დაახლოებით 390 000 მკითხველი ჰყავს. 2009 წლიდან გაზეთის მთავარი რედაქტორი ინეს პოლია “დი ტაგესცაიტუნგ”-ის გამომცემელია „taz, die tageszeitung Verlagsgenossenschaft eG“-ი ხოლო მფლობელი კომპანია - taz-Genossenschaft-ი.

1995 წლის 12 მაისიდან taz-ი თავის ყველა ნომერს ინტერნეტში ათავსებს. ერთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნებისმიერი სტატია ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მომხმარებლებისათვის. ხოლო უფრო ძველი სტატიები გაზეთის ონლაინარქივში ინახება და მათი ნახვა მხოლოდ ფასიანი რეგისტრაციის გავლის შემდეგ არის შესაძლებელი. სრული ელექტრონული არქივის გამოყენების ყოველთვიური გადასახადი 5 ევროა. 2001 წლიდან დაიწყო taz-ის ინტერნეტმომხმარებლების რაოდენობის დათვლა. ამა წლის ოქტომბრისათვის taz-ის ონლაინვერსიას დაახლოებით 200 000 მომხმარებელი ჰყავდა.

2010 წლის 8 ნოემბერს, როდესაც გერმანიაში ანტიბირთვული აქცია Castor Protests-ი მიმდინარეობდა, taz-ის ვებგვერდი აქციის შესახებ კომენტარებს ონლაინრეჟიმში აქვეყნებდა, რამაც“დი ტაგესცაიტუნგ”-ს პირველად მისი არსებობის მანძილზე 1,5 მილიონამდე ვიზიტორ-მკითხველი შესძინა. 2011 წლის მარტში კი ინტერნეტგამოცემამ თვეში 6 მილიონი მომხმარებლითა და საიტის 17,1 მილიონჯერ ნახვით ახალი უნიკალური რეკორდი დაამყარა.

taz.de 

კომენტარები: