ორგანიზაციაt

The Christian Science Monitor

„კრისტიან საიენს მონიტორი“ საინფორმაციო ორგანიზაციაა, რომელიც ვებსაიტის, ყოველკვირეული ჟურნალის, ყოველდღიური ონლაინგამოცემის, „დეილი ნიუს ბრიფინგის“ (Daily News Briefing), საფოსტო გზავნილებისა და სხვა პროდუქციის მეშვეობით ავრცელებს საინტერესო პუბლიკაციებს მთელი მსოფლიოს შესახებ. ორგანიზაციის მასშტაბურ ხასიათს ადასტურებს როგორც მისი პრაქტიკული საქმიანობა, ასევე - სულისკვეთებაც. ორგანიზაციის დამფუძნებელმა მერი ბეიკერ ედიმ ასე განმარტა „მონიტორის“ მისია - „არ ავნო არცერთ ადამიანს და დალოცე მთელი კაცობრიობა“.

ორგანიზაციის მესვეურების განცხადებით, ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ საქვეყნოდ გაცხადებული სიმართლე პრობლემების შეცნობისა და გადაწყვეტისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. “მონიტორს” პუბლიკაციებისთვის მრავალგზის აქვს მიღებული პულიტცერის პრემია და უცხოური პრესორგანიზაციების მიერ დაწესებული ათეულობით ჯილდო.

თავისი მისიის შესახებ გამოქვეყნებულ წერილში „კრისტიან საიენს მონიტორი“ წერს:
• შეუბრალებლები ვართ, მაგრამ - სამართლიანები!
• სიხარულით ვეგებებით ახალს, მაგრამ ყოველთვის გვახსოვს წარსული, ისტორია
• ჩვენ მოვიცავთ ფართო აუდიტორიას, მაგრამ მივმართავთ კონკრეტულ ადამიანს
• ჩვენთვის მოვლენის აზრი მის სენსაციურობაზე უფრო მნიშვნელოვანია...
ორგანიზაცია აცხადებს, რომ ის ყოველთვის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია.
გაზეთი არ არის რელიგიური, პირიქით - ის სრულიად სეკულარული ხასიათისაა, თუმცა დაფუძნების დღიდან, 1908 წლიდან, როგორც ყოველკვირეულ ჟურნალში, ასევე - ყოველდღიურ გამოცემა „დეილი ნიუს ბრიფინგში“ ის ყოველთვის აქვეყნებს რაიმე ერთ, რელიგიური ხასიათის სტატიას.

„მონიტორის“ მფლობელები არიან ”ქრისტეს პირველი სციენტისტური ეკლესია” (ბოსტონში) და სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები.

ორგანიზაცია არ სარგებლობს დიდი საინფორმაციო სააგენტოების (ისეთების, როგორებიცაა „ასოშიეითიდ პრესი (AP) და „როიტერსი“ (Reuters)) მომსახურებით. მას 11 ქვეყანაში, მათ შორის, ჩინეთში, რუსეთში, საფრანგეთში, სამხრეთ აფრიკასა თუ ბევრ სხვა სახელმწიფოში საკუთარი კორესპონდენტები ჰყავს.

საინტერესოა „მონიტორის“ დაფუძნების ისტორია. 1907 წელს 86 წლის ქალბატონი მერი ბეიკერ ედი (ახალი ინგლისიდან [i]) მიზანში ამოიღო ჯოზეფ პულიტცერის „ნიუ-იორკ უორლდმა“ (New York World). მანამდე, 1879 წელს ედიმ შექმნა არატრადიციული რელიგიური სისტემა და თავისი მსოფლმხედველობა წიგნში აღწერა. წიგნი ბესტსელერად იქცა, რამაც ავტორს დიდი ქონება და სახელი მოუტანა. პულიტცერმა სცადა, ედი შეურაცხადად გამოცხადებინა, მაგრამ მერიმ სასამართლო მოიგო და 1908 წელს დააფუძნა კიდეც ჟურნალი „კრისტიან საიენს მონიტორი“, რომელსაც, მისი აზრით, ადამიანებისთვის იმედი და სიხარული უნდა მოეტანა. ბედის ირონიაა, რომ შემდგომში გამოცემა მაღალი პროფესიონალიზმისათვის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არაერთხელ დაჯილდოვდა პულიტცერის პრემიით.

დღეს „კრისტიან საიენს მონიტორი“ გამოსცემს ყოველდღიურ ონლაინგაზეთს, (რომელიც ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით გამოდის) და ყოველკვირეულ ბეჭდურ ჟურნალს. 2009 წელს „მონიტორის“ ბეჭდური ვერსიის ტირაჟმა 67,703-ი ერთეული შეადგინა.

[i] აშშ-ს ტერიტორია, რომელიც მოიცავს რამდენიმე შტატს, ჰემპშირს, როდ-აილენდს, მასაჩუსეტს და სხვა

csmonitor.com

კომენტარები: