ორგანიზაციაt

The Daily Telegraph

“დეილი ტელეგრაფი“ ფართოფორმატიანი, ყოველდღიური, კონსერვატიული ხედვების გაზეთია, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიასა და მთელ მსოფლიოში ვრცელდება.

2005 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გაზეთის მკითხველთა 64 პროცენტს სურს, რომ გამოცემა არჩევნებში კონსერვატორებს უჭერდეს მხარს.

გაზეთის საშუალო ტირაჟი 2011 წლისათვის 634,113 ცალს შეადგენდა.

„დეილი ტელეგრაფს“ მონათესავე გაზეთი, „სანდი ტელეგრაფი“ (The Sunday Telegraph) უდგას გვერდით. მათ სხვადასხვა საშტატო შემადგენლობა ჰყავთ, თუმცა ხანდახან ერთმანეთის პუბლიკაციებსაც აქვეყნებენ.
გაზეთი პოლკოვნიკმა არტურ სლეიმ დააფუძნა 1855 წელს. მისი თავდაპირველი სათაური „დეილი ტელეგრაფ ენდ კურიერი“ (The Daily Telegraph and Courier) იყო. გაზეთის დაბეჭდვაზე სლეის თანხმობა „სანდი ტაიმსის“ იმჟამინდელმა მფლობელმა, ჯოზეფ მოსეს ლევიმ განუცხადა. 1855 წლის 29 ივნისს გამოვიდა გაზეთის პირველი ნომერი, თუმცა წამოწყება წარუმატებელი აღმოჩნდა და სლეიმ ლევის გაზეთის დაბეჭდვისთვის საჭირო თანხა ვერ გადაუხადა. ლევიმ გაზეთი გადაიბარა და გადაწყვიტა, მისი სახით მთავარი ლონდონელი კონკურენტებისთვის - „დეილი ნიუსისა“ და „მორნინგ პოსტისთვის“ - ყველაზე იაფი გაზეთი დაეპირისპირებინა.

ლევიმ გაზეთის ხელმძღვანელებად თავისი ვაჟი ედვარდ ლევი ლოუსონი და ტორნტონ ლეი ჰანტი დანიშნა. განახლებული გაზეთი „დეილი ტელეგრაფის“ სათაურით გამოვიდა. მისი სლოგანი იყო - ყველაზე ვრცელი, ყველაზე საუკეთესო და ყველაზე იაფი გაზეთი მთელ მსოფლიოში.

საინტერესოა, რომ 1876 წელს გამოქვეყნდა ჟიულ ვერნის რომანი „მიხეილ სტროგოვი”, სადაც სხვა პერსონაჟებს შორის „დეილი ტელეგრაფის“ კორესპონდენტი ჰარი ბლოუნტიც იყო. ჟიულ ვერნი მას აღწერს, როგორც ძალიან თავდადებულ, ნიჭიერ და მამაც ჟურნალისტს, რომელიც ცდილობს, საკუთარ გაზეთს ყველაზე ადრე მიაწოდოს მასალა.

2004 წლამდე გაზეთის მფლობელი მედიამაგნატი კონრად ბლეკი იყო, 2004 წელს კი ის ძმები ბარკლაების (Barclay brothers) მფლობელობაში გადავიდა.

გაზეთს აქვს ინტერნეტვერსიაც - Telegraph.co.uk - სადაც „დეილი ტელეგრაფისა“ და „სანდი ტელეგრაფის“ მასალების გარდა ასევე სხვა ორიგინალური პუბლიკაციებიც ქვეყნდება. Telegraph.co.uk ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საიტია დიდ ბრიტანეთში, მას ყოველდიურად 1.7 მილიონი მკითხველი ჰყავს.

telegraph.co.uk

კომენტარები: