ორგანიზაციაt

The Economist

“ეკონომისტი“ - პოპულარული ბრიტანული ჟურნალი, რომელიც თავის თავს დღემდე გაზეთად მოიხსენიებს, თუმცა კარგა ხანია, იგი ჟურნალის ფორმატით გამოიცემა. ”ეკონომისტი” ჯეიმს ვილსონმა (ბიზნესმენი პატარა შოტლანდიური ქალაქიდან) დააფუძნა 1843 წელს. ჟურნალის გამოცემის მასტიმულირებელ ფაქტორთაგან ერთ-ერთი გახდა იმჟამინდელი კანონი ხორბლის შესახებ (Corn Laws), რომელიც ბეგრავდა და ზღუდავდა ხორბლის იმპორტს და შესაბამისად (ვილსონის აზრით), აძვირებდა ამ უძირითადეს პროდუქტს, რითაც, ფაქტობრივად, შიმშილს აკანონებდა. ვილსონს სწამდა, რომ თავისუფალი ვაჭრობა, თავისუფალი ბაზარი, მთავრობის შეზღუდული მონაწილეობა ეკონომიკურ პროცესებში - ეს ერთადერთი გზა იყო ადამიანისა და საზოგადოების კეთილდღეობისაკენ.

„პურის კანონის“ გაუქმების შემდეგაც და დღემდე გაზეთი ამ ღირებულებების ერთგულია.

1928 წლიდან გაზეთის აქციების ნახევარს Financial Times-ი ფლობს, ხოლო მეორე ნახევარს - დამოუკიდებელი პირები აკონტროლებენ, რომელთა შორის ბევრი თავად ამ გაზეთის თანამშრომელია.

„ეკონომისტი“ მხარს უჭერდა ისეთ პოლიტიკოსებს, როგორებიც იყვნენ რონალდ რეიგანი და მარგარეტ ტეტჩერი. ის ამართლებდა ამერიკელების ომს ვიეტნამში, მაგრამ ამავე დროს, მან მხარდაჭერა გამოხატა ისეთი პოლიტიკოსების მიმართაც, როგორებიც იყვნენ ჰაროლდ ვილსონი და ბილ კლინტონი. გაზეთი იბრძოდა სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ და ემხრობოდა (დღესაც ემხრობა) დეკოლონიზაციის იდეას, ერთსქესიან ქორწინებებს და სხვა ლიბერალურ ღირებულებებს.

გაზეთის სარედაქციო დამოუკიდებლობას სრულად უზრუნველყოფს „მეურვეთა საბჭო“ - რედაქტორს ოფიციალურად ეს საბჭო ნიშნავს და მისი ნებართვის გარეშე რედაქტორის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია.

გაზეთი აქვეყნებს პუბლიკაციებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ბიზნესი, პოლიტიკა, ფინანსები, საგარეო პოლიტიკა, სოფლის მეურნეობა, ახალი ტექნოლოგიები და ა.შ... მის გვერდებზე ნახავთ არა მხოლოდ ანალიტიკურ, არამედ ისეთ მასალებსაც, რომლებიც კვირის აქტუალურ მოვლენებსაც ეხმიანება.

ყველა სტატია, გარდა გარკვეული გამონაკლისებისა, ანონიმურად იბეჭდება, რაც იმ მოსაზრებას ეფუძნება, რომ უფრო მნიშვნელოვანია ის, რაც იწერება, ვიდრე ის - თუ ვინ წერს. ასე რომ, გაზეთი, ასე ვთქვათ „კოლექტიური ხმით“ ლაპარაკობს.

2012 წლისათვის გაზეთის ტირაჟი დაახლოებით 1.5 მილიონ ნიშნულს გაუტოლდა.

გაზეთი ერთდროულად მსოფლიოს ექვს ქალაქში იბეჭდება, სარედაქციო პოლიტიკა ყველგან იდენტურია; თუმცა შეიძლება მათ შორის არაარსებითი განსხვავებები შეინიშნებოდეს, მაგ.: რეკლამა, მასალათა განლაგება, ზოგჯერ ყდის გაფორმებაც და სხვა...

„ეკონომისტის“ ენა ახლოსაა სალაპარაკო მეტყველებასთან, რადგან გაზეთის დამფუძნებლებსა და ავტორებს ყოველთვის მიაჩნდათ და ახლაც მიაჩნიათ, რომ სასაუბრო ენა ყველაზე სახიერი და ეფექტურია.
გამოცემის ვებგვერდზე ხშირად ქვეყნდება ნაბეჭდი ვერსიის პუბლიკაციები, თუმცა აქვეა განსხვავებული მასალაც, მაგალითად: ბლოგები, ვებდებატები, ვიდეოპროგრამები...

ვებგვერდის არქივი 1997 წლის ივნისიდან იქმნება.

economist.com

კომენტარები: