ორგანიზაციაt

The Huffington Post

”ჰაფინგტონ პოსტი” საინფორმაციო ვებგვერდი, მასალის შემგროვებელი (content aggregator) რესურსი და ბლოგია, რომელიც არიანა ჰაფინგტონმა, კენეტ ლერერმა, ენდრიუ ბრეიტბარტმა და იოჰან პერეტიმ (Arianna Huffington, Kenneth Lerer, Andrew Breitbart and Jonah Peretti) დააფუძნეს. საიტი დამთვალიერებელს ახალ ამბებს, ბლოგებს და ორიგინალურ პუბლიკაციებს სთავაზობს, რომლებიც შემდეგ თემებს აშუქებენ: პოლიტიკა, ბიზნესი, გარემოს დაცვა, ტექნოლოგიები, ცხოვრების სტილი, ჯანდაცვა, კულტურა და სხვა...

„ჰაფინგტონ პოსტმა“ მუშაობა 2005 წლის 9 მაისს დაიწყო. ის მემარცხენე-ლიბერალური გამოცემაა. ვებგვერდი ალტერნატივაა მასალის ისეთი შემგროვებლებისა, როგორიც არის, მაგალითად, ”დრაჯ რიფორტი” (Drudge Report). 2011 წლის 7 თებერვალს ”ჰაფინგტონ პოსტი” AOL-მა (ამერიკის კომერციული ქსელური სისტემა) შეიძინა $315 მილიონ დოლარად და არიანა ჰაფინგტონი ”ჰაფინგტონ პოსტ მედია გრუპის” (The Huffington Post Media Group) მთავარი რედაქტორი გახდა. 2012 წელს ”ჰაფინგტონ პოსტმა” შეერთებული შტატების ციფრული, კომერციული მედიის წარმომადგენლებს შორის გაიმარჯვა და პულიტცერის პრემია მიიღო.

”ჰაფინგტონ პოსტს” აქტიური მომხმარებლების ფართო ჯგუფი ჰყავს. ყოველთვე საიტზე მილიონზე მეტი კომენტარი ქვეყნდება.

2008 წლიდან საიტმა ლოკალური ვერსიების გახსნა დაიწყო: ”ჰაფპოსტი ჩიკაგო” და ჰაფპოსტი ნიუ-იორკი” (2009, ივნისი), ”ჰაფპოსტი დენვერი” (2009, სექტემბერი), ”ჰაფპოსტი ლოს-ანჯელესი” (2009, დეკემბერი), ”ჰაფპოსტი სან-ფრანცისკო” (2011, ივლისი), ”ჰაფპოსტი დეტროიტი” (2011, ნოემბერი), ”ჰაფპოსტი მაიამი”(2011, ნოემბერი)...

საიტს აქვს საერთაშორისო ვერსიებიც - ”ჰაფპოსტი კანადა”, ”ჰაფპოსტი დიდი ბრიტანეთი”; ფრანგულ-, გერმანულ-, ესპანურ-, იტალიურენოვანი ”ჰაფპოსტი”.

”ჰაფინგტონ პოსტს“ ხშირად აკრიტიკებდნენ ფსევდომეცნიერული სტატიების გამოქვეყნებისათვის; იმისთვის, რომ ის თავის სივრცეს ალტერნატიული მედიცინისა და ვაქცინაციის მოწინააღმდეგე აქტივისტებს, ჰომეოპატიურ პუბლიკაციებს უთმობდა...

რაც შეეხება ვებსაიტის პოლიტიკურ სიმპათიებს - არიანა ჰაფინგტონი აცხადებს, რომ ”ვებსაიტი ახალი ამბების გაშუქებისას არ დადგება რომელიმე იდეოლოგიურ პლატფორმაზე”; თუმცა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლების აზრით, საიტის ავტორები, ბლოგერები და კომენტატორები მათი პარტიის მიმართ მტრულად არიან განწყობილნი.

huffingtonpost.com

კომენტარები: