ორგანიზაციაt

The Irish Times

”აირიშ თაიმსი” (გამოდის 1859 წლის 29 მარტიდან) ფართოფორმატიანი გაზეთია. ის გამოდის ყოველდღე, კვირის გარდა. დღეს მის საშტატო შემადგენლობაში 420 თანამშრომელია.

გაზეთი თავიდან იქმნებოდა, როგორც ნაციონალისტი პროტესტანტების გაზეთი, მაგრამ სულ რაღაც 20 წელიწადში, ახალი მფლობელების ხელში იგი ირლანდიული უნიონიზმის ტრიბუნად იქცა. დღეს ის არც ერთ ამ პოლიტიკურ პლატფორმაზე აღარ დგას და აცხადებს, რომ მისი შეხედულებები ლიბერალურია, ხოლო ეკონომიკის საკითხებში ის მემარცხენე პოზიციას იკავებს.

”აირიშ თაიმსში” გამოუქვეყნებიათ წერილები ისეთ ცნობილ პოლიტიკოსებს, როგორებიც არიან, მაგალითად - ტონი ბლერი და ბილ კლინტონი.

”აირიშ თაიმსს”, სხვა დანარჩენ ირლანდიურ გაზეთებთან შედარებით, ყველაზე მეტი უცხოური ბიურო ემსახურება. მას ჰყავს კორესპონდენტები ვაშინგტონში, პარიზში, ბერლინში, პეკინში, ბრიუსელში, ლონდონში და კიდევ უამრავ სხვა ადგილას. 2011 წლის პირველი ექვსი თვის მაჩვენებლების მიხედვით მისი ტირაჟი 100. 951 ცალს შეადგენდა.

გაზეთის სათაო ოფისი დუბლინში მდებარეობს.

1994 წელს ”აირიშ თაიმსმა” დააფუძნა ვებ-გვერდი - Irish-times.ie. ეს იყო პირველი გაზეთი ირლანდიასა და ბრიტანეთში, ხოლო მსოფლიოში ერთ-ერთი იმ 30 გამოცემას შორის, რომლებმაც პირველად მიმართეს ინტერნეტაქტივობებს. 1997 წელს კომპანიამ შეიძინა დომეინი Ireland.com და 1999 წლიდან 2008 წლამდე აქ ავრცელებდა გაზეთის ქსელურ ვერსიას. თავდაპირველად ქსელური ვერსიის მთელი მასალა ინტერნეტმომხმარებლისთვის უფასო იყო, თუმცა 2002 წლიდან პუბლიკაციების დიდი ნაწილი დაიხურა და ისინი მკითხველისათვის ფასიანი გახდა.

2008 წლიდან კომპანიამ Ireland.com-ი დაუთმო თავისსავე პორტალს, სადაც ცხოვრების სტილზე არის საუბარი. გაზეთის ონლაინვერსია კი ქვეყნდება irishtimes.com-ზე. აქ მთელი მასალა, გარდა არქივისა, მკითხველისათვის უფასოა.

”აირიშ თაიმსი” მკითხველს აცნობს ახალ ამბებს მთელი ირლანდიიდან, აქვე იბეჭდება კორესპონდენტების მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. გაზეთის გვერდები ეთმობა ისეთ თემებს, როგორებიცაა: სპორტი, ხელოვნება, ცხოვრების სტილი, სამუშაო ადგილები და სხვა... გაზეთი ჟანრობრივად მრავალფეროვანია; მდიდარია ანალიტიკური პუბლიკაციებითა და საავტორო სვეტებითაც.

შაბათის ნომრის პუბლიკაციები ძირითადად ხელოვნებას, წიგნების მიმოხილვას, პორტრეტებს და მსგავს თემებს ეძღვნება...

irishtimes.com

კომენტარები: