ორგანიზაციაt

The Jamestown Foundation

“ჯეიმსთაუნის ფონდი” ვაშინგტონში დაარსებული ანალიტიკური კვლევითი ინსტიტუტია. ის 1984 წელს საბჭოთა დისიდენტების მხარდასაჭერად შეიქმნა. მისი მიზანია, პოლიტიკოსებს ამერიკის შეერთებული შტატებისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან მოვლენებსა და ტენდენციებზე მიაწოდოს ინფორმაცია. „ჯეიმსთაუნის ფონდი“ ხშირად ინფორმაციას პირველწყაროდან იღებს ხოლმე და ამ შემთხვევაში ის აცხადებს, რომ ინფორმაცია, რომელიც პირველწყაროდან არის მიღებული, თავისუფალია ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისგან და ის სუფთა და შეულამაზებელია. მიუხედავად ამისა, ის არაერთხელ ყოფილა დადანაშაულებული ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურთან კავშირში.

„ჯეიმსთაუნის ფონდი“ 1984 წელს დაარსდა. 1978 წელს არკადი შევჩენკომ, უმაღლესი რანგის საბჭოთა პოლიტიკოსმა, საკუთარი ნებით შეიცვალა პოლიტიკური ორიენტაცია და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობა დატოვა. მასთან ერთად მუშაობდა ამერიკელი ადვოკატი უილიამ გეიმერი, რომელმაც შევჩენკოსა და რუმინეთის სადაზვერვო სამსახურის მუშაკ იონ პაცეპასთან ერთად „ჯეიმსთაუნის ფონდი“ დააარსა. ფონდის დახმარებით შევჩენკომ და პაცეპამ ავტობიოგრაფიული წიგნები დაწერეს, რომლებიც ბესტსელერებად იქცა. ორგანიზაციის დაარსებაში თავისი წვლილი შეიტანა სადაზვერვო სამსახურის ყოფილმა დირექტორმა ვილიამ ჯ. ქესიმაც. იმ დროისთვის ფონდის მთავარი მიზანი საბჭოთა დისიდენტების მხარდაჭერა იყო.

დღესდღეობით „ჯეიმსთაუნის ფონდი“ ფოკუსირდება ჩინეთზე, ევრაზიაზე, რუსეთსა და გლობალურ ტერორიზმზე. 2008 წლისათვის მათ მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციების თემებია: ევრაზიის ყოველდღიური მონიტორინგი, გლობალური ტერორიზმის ანალიზი, ჩინეთის რეზიუმე, ჩრდილოკავკასიის ყოველკვირეული და უახლესი ამბები თურქეთიდან.

„ჯეიმსთაუნის ფონდს“ არაერთხელ დასდეს ბრალი ნეოკონსერვატიული მიმდინარეობის მხარდაჭერაში, CIA-სთან თანამშრომლობასა და აშშ-ს მთავრობის ლობირებაში. გაზეთ eXile-ს მიმომხილველმა, ფილბი ბურგესმა, განაცხადა, ორგანიზაციაში რუსეთის მეზობელი პატარა ქვეყნებიდან ანტირუსულად განწყობილი ჟურნალისტების უმეტესობაა გაერთიანებული, რომლებიც ვერ იქნებიან ობიექტურები ყოფილი დამპყრობლის მიმართ ზიზღის გამოო. „ჯეიმსთაუნის ფონდი“ კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ მისი ხედვა ნეოკონსერვატიული ან რაიმე იდეოლოგიური მიმიდინარეობის გამტარებელია. წარსულში ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო აშშ–ს პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის ყოფილი მრჩეველი ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში დოქტორი ზბიგნიევ ბჟეზინსკი. დღეს კი ინსიტუტში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კლინტონის ადმინისტრაციის ყოფილ და ობამას ადმინისტრაციის მოქმედ მრჩეველს ავღანეთისა და პაკისტანის საკითხებში ბრიუს რიდელს. 2011 წლის 8 დეკემბერს მეხუთე ყოველწლიურ ანტიტერორისტულ კონფერენციაზე ტერორიზმთან ბრძოლის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორმა დანიელ ბენჯამინმა ტერორიზმის წინააღმდეგ ჩატარებული კვლევებისა და ანალიზის გამო „ჯეიმსთაუნის ინსტიტუტი“ დააჯილდოვა.

2007 წელს ოფიციალურმა მოსკოვმა ინსტიტუტი ანტირუსულ პროპაგანდაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ კვლევები, რომელიც ფსევდოექპერტების მიერ არის ჩატარებული, ჩრდილოეთ კავკასიაში შუღლის გაღვივებას უწყობს ხელს. „ჯეიმსთაუნის ფონდმა“ პასუხად განაცხადა, რომ რუსეთი შეშინებულია მისი კვლევების შედეგებით. ფონდის პრეზიდენტის, გლენ ჰოვარდის თქმით, რუსებს თავისუფალი სიტყვის ეშინიათ და ამიტომ რუსული მედია სახელმწიფოს მანიპულაციის ობიექტია.

jamestown.org 

კომენტარები: