ორგანიზაციაt

The Nation

„ნეიშენი“ ყველაზე ძველი ყოველკვირეული ჟურნალია, რომელიც 1865 წლიდან უწყვეტად გამოიცემა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჟურნალს კომპანია „ნეიშენი“ (The Nation Company) გამოსცემს, რომელიც ნიუ-იორკში მდებარეობს.

ჟურნალის დამფუძნებლებმა საკუთარი მისია ასე აღწერეს: „ნეიშენი“ არ იქნება არცერთი პარტიის, სექტის ან ინსტიტუტის ორგანო; პირიქით, ის პატიოსან ძალისხმევას იმისთვის გასწევს, რომ დისკუსიაში პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე ჭეშმარიტად კრიტიკული სულისკვეთება შემოიტანოს და ძალადობის, გაზვიადების, არასწორი ინტერპრეტაციის წინააღმდეგ, ანუ იმ ბოროტებათა წინააღმდეგ იბრძოლოს, რომელთაც ასე შეულახეს დღევანდელ პოლიტიკურ პრესას სახელი“.

ჟურნალის გვერდებზე შუქდება პოლიტიკისა და კულტურის საკითხები; პუბლიკაციები ეძღვნება არქიტექტურას, ხელოვნებას, თავდაცვის სისტემას, გარემოს დაცვას, კინოს, სამართლებრივ საკითხებს, მუსიკას, განიარაღებას და სხვა... ჟურნალი თავის თავს მემარცხენეების ფლაგმანს უწოდებს (the flagship of the left).

ჟურნალის ტირაჟმა პიკს 2006 წელს მიაღწია, როდესაც ის 187,000 ეგზემპლარად გამოდიოდა, მაგრამ 2010 წელს ბეჭდური გამოცემის ტირაჟი 145,000-მდე დაეცა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პარალელურად მისი ციფრული ვერსიის გამომწერთა რაოდენობა გაიზარდა და მან 15, 000-ს მიაღწია. გამოცემა ფინანსურ სირთულეებს განიცდის და არსებობას ნაწილობრივ იმ 30,000 დონორის მხარდაჭერის წყალობით აგრძელებს, რომლებიც მას მუდმივად სწირავენ თანხებს.

„ნეიშენის“ ბიუროები მუშაობს ვაშინგტონში, ლონდონსა და სამხრეთ აფრიკაში. ჟურნალი, როგორც უკვე ითქვა, 1865 წლიდან გამოდის. მისი პირველი გამომცემელი ჯოზეფ რიჩარდსი (Joseph H. Richards) იყო, ხოლო პირველი რედაქტორი - ემიგრანტი დიდი ბრიტანეთიდან ედვინ ლოურენს გოდკინი (Edwin Lawrence Godkin).

არსებობის გარიჟრაჟზევე „ნეიშენს“ აქტიური სამოქალაქო პოზიცია ჰქონდა. მაგალითად, ის მხარს უჭერდა საჯარო სამსახურების რეფორმირებას, პოლიტიკური პატრონაჟის გაუქმებასა და პროფესიული ბიუროკრატიის შექმნას, ისეთი ბიუროკრატიისას, რომელიც მერიტოკრატიას ეფუძნება - სისტემას, რომელშიც ჩინოვნიკთა კარიერული წინსვლა მხოლოდ მათ ღირსებებს ეფუძნება. „ნეიშენი“ასევე მტკიცედ უჭერდა მხარს სტაბილური ნაციონალური ვალუტის შექმნას და ამას ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის გარანტად მიიჩნევდა.

„ნეიშენში“ თავის სტატიებს აქვეყნებდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც იყვნენ: ალბერტ აინშტაინი, მარტინ ლუთერ კინგი, ჯეიმს ბოლდუინი, ჯორჯ ორუელი, ტომას ელიოტი, ჰენრი მილერი, ედვარდ საიდი და მრავალი სხვა...

thenation.com

კომენტარები: