The New York Times
”ნიუ-იორკ ტაიმსი”, (შემოკლებით NYT) ყოველდღიური გაზეთია, რომელიც უწყვეტად გამოიცემა ნიუ-იორკში 1851 წლიდან. გაზეთს პულიტცერის 100-ზე მეტი პრემია აქვს მიღებული. მისი ინტერნეტვერსია ყველაზე პოპულარულია ამ ტიპის ამერიკულ ინტერნეტგამოცემებს შორის - ყოველდღიურად მას 30 მილიონზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.
გაზეთის ბეჭდური ვერსია პოპულარობით მესამეა აშშ-ში, მას წინ მხოლოდ „უოლ სტრიტ ჯურნალი“ (The Wall Street Journal) და „იუ-ეს-ეი თუდეი“ (USA Today) უსწრებენ. 2010 წლისათვის გაზეთის (სამუშაო დღეების გამოცემების) ტირაჟი 906,100 ეგზემპლიარს უტოლდებოდა, ხოლო კვირის გამოშვებისა კი - 1,356,800 ცალს.
გაზეთს შტაბ-ბინის გარდა (ნიუ-იორკში) კიდევ 10 ბიურო აქვს ამავე შტატში, 11 - მთელი ქვეყნისა და 26 - მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
„ნიუ-იორკ ტაიმსის“ მფლობელია „ნიუ-იორკ ტაიმს კომპანი“, რომელიც კიდევ 18 სხვა გაზეთს გამოსცემს, მათ შორის - „ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბუნსა“ (International Herald Tribune) და „ბოსტონ გლობს“ (Boston Globe). კომპანიაში აქციების უმეტესობას 1896 წლიდან სულცბერგერების დინასტია ფლობს.
„ნიუ-იორკ ტაიმსი“ 1851 წლის 18 სექტემბერს დააფუძნეს ჟურნალისტმა, პოლიტიკოსმა ჰენრი ჯარვის რეიმონდმა და ყოფილმა ბანკირმა ჯორჯ ჯონსმა. გაზეთს იმ დროს „ნიუ-იორკ დეილი ტაიმსი“ ეწოდებოდა. დღევანდელი სათაურით გაზეთი 1857 წლიდან გამოიცემა. გაზეთის დამფუძნებლები ასე განმარტავდნენ თავიანთ პოზიციას: „ჩვენ უნდა ვიყოთ კონსერვატორები ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც მივიჩნევთ, რომ ეს პოზიცია სასარგებლოა ხალხისთვის; და ჩვენ უნდა ვიყოთ რადიკალურნი მაშინ, როდესაც სიტუაცია ჩვენგან რადიკალურ მიდგომასა და რადიკალურ რეფორმებს მოითხოვს. არ მიგვაჩნია, რომ საზოგადოება ყოველთვის მართალია ან ყოველთვის ცდება. ყველაფერი კარგი უნდა შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ, ხოლო ცუდი - აღმოვფხვრათ ან შევცვალოთ.“
1880 წლიდან გაზეთმა კონსერვატორების მხარდაჭერა შეწყვიტა და დამოუკიდებელი პოზიცია დაიკავა. მაგალითად, 1884 წელს მან მხარი პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ გროვერ კლივლენდს დაუჭირა.
1940 წლიდან გაზეთმა დაფარვის ზონა გააფართოვა, 1946 წლიდან კი უკვე მისი საერთაშორისო ვერსიები გამოიცემა.
გაზეთს სამი ძირითადი თემატური განყოფილება აქვს:
- ახალი ამბები: მოიცავს ადგილობრივ და საერთაშორისო პოლიტიკურ მოვლენებს, ეკონომიკას, ტექნოლოგიებს, მეცნიერებას, ჯანდაცვას, განათლებას და ა. შ.;
- ანალიტიკური პუბლიკაციები, მათ შორის - სარედაქციო, საავტორო ანალიტიკური წერილები და წერილები რედაქციისადმი;
- ე. წ. „პიჩერსი“: პუბლიკაციები ხელოვნებაზე, ცხოვრების სტილზე; წიგნების მიმოხილვა და სხვა...
1996 წლიდან გაზეთი დიდ ყურადღებას უთმობს ინტერნეტაქტივობას. როგორც უკვე აღინიშნა, მისი ინტერნეტვერსია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია აშშ-ში.
რაც შეეხება გაზეთის ამჟამინდელ პოლიტიკურ პოზიციას, 2007 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მკითხველთა 40 პროცენტი მას ლიბერალურ გამოცემად მიიჩნევს, 20 პროცენტი - პოლიტიკურად ნეიტრალურად, ხოლო 11 პროცენტი - კოსერვატიულ გაზეთად.
nytimes.com